რეალი: BBC კიდევ დიდხანს არ დაიშლება

AutoSharing Option
"მარკას" ინფორმაციით, ევრო 2016-ის დასრულებისთანავე მადრიდის "რეალი" ოფიციალურად გამოაცხადებს კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილის ახალი კონტრაქტების შესახებ.

გაზეთის თქმით, ყველაფერი გადაწყვეტილია, "სამეფო კლუბში" მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის დაასრულებენ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას უელსისა და პორტუგალიის ნაკრებები, რომლებიც სწორედ ბეილისა და რონალდოს წყალობით, მერვედფინალში არიან გასულნი. გარეთ ბეილმა სამი გოლი გაიტანა ტურნირზე, კრიშტიანო რონალდომ კი - 2.

რონალდო უკვე 31 წლისაა და მისი კონტრაქტი "რეალთან" 2018 წლის ზაფხულში სრულდება, როცა ფეხბურთელი 33 წლის იქნება. ბეილი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და მისი ხელშეკრულება
"რეალთან" 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

თუმცა ორივე სუპერვარსკვლავს მთხოვნელები არ აკლია - პორტუგალიელს "პარი სენ-ჟერმენი" და ყოფილი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" უმიზნებენ, ბეილის შეძენა კი ბევრს სურს.

ასაკის მიუხედავად, რონალდო ძველებურად პროდუქტიულია. მან სეზონში 50-გოლიანი ბარიერი ზედიზედ მეექვსედ გადალახა "რეალის" მაისურით.

ამასთან, "რეალის" თავკაც ზინედინ ზიდანს, რომელსაც გუშინ 44 წელი შეუსრულდა, გუნდში ქარიმ ბენზემას შენარჩუნებაც სურს. მოკლედ, BBC-ის ტრიუმვირატი "სამეფო კლუბში" კიდევ კარგა ხანს შენარჩუნდება.

"რეალი" რონალდოსთან 2020 წლამდე აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას. ფინანსური პაკეტი შენარჩუნდება - ხელფასი კვლავ 21 მილიონი ევრო იქნება. აი, ბეილთან კი ხელშეკრულება 2023 წლამდე გაგრძელდება.

მორატას გაყიდიან?
ამის შემდეგ კიდევ უფრო სათუო ხდება ალვარო მორატას მდგომარეობა "სამეფო კლუბში". შეგახსენებთ, რომ მორატა "რეალმა" უკან გამოისყიდა "იუვენტუსისგან", მაგრამ სავარაუდოდ, მისი გაყიდვა მოუწევს, რადგან მორატას ამ ტრიუვმირატიდან რომელიმეს შემადგენლობიდან ამოგდება გაუჭირდება. თუმცა მორატას ბედი მოგვიანებით გადაწყდება, ზიდანი მას წინასასეზონო მატჩებში გამოცდის და შანსს მისცემს.

აქვე ვიტყვით, რომ ევრო 2016-ის პლეი ოფის ეტაპზე ასპარეზობას "სამეფო კლუბის" 9 წარმომადგენელი ისევ აგრძელებს. ევრო 2016 9 რეალელმა დაიწყო და შემდეგ ეტაპზე ყველა მათგანი გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული