უნდა წავიდეს თუ არა "ატლეტიკოდან" დიეგო სიმეონე?

AutoSharing Option
"გუნდიდან წასვლა? დავფიქრდები და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ", - ასე თქვა "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალის შემდეგ გამართა.

რატომ უნდა წავიდეს
ამ ფორმაციის "ატლეტიკოს" შექმნა ერთმნიშვნელოვნად სიმეონეს უკავშირდება. არგენტინელმა მწვრთნელმა მადრიდულ კლუბში მიიტანა ყველაფერი ის, რაც დღეს მადრიდელთა საფირმო ნიშნად მიიჩნევა - არნახული ბრძოლისუნარიანობა, გაუვალი დაცვა, მკვლელი კონტრშეტევები...

სიმეონეს ხელში "ატლეტიკომ" მიაღწია თითქმის შეუძლებელს - მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და წააგო ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი. ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ არგენტინელს არც
ერთ გადამწყვეტ შეხვედრაში არ გაუმართლა.

შესაძლოა, სიმეონემ ჩათვალოს, რომ "ატლეტიკოში" მისმა იდეებმა თავისი დრო ამოწურა. სკეპტიკოსები იტყვიან, რომ სიმეონეს აღარ შეუძლია, რაიმე ახალი შესთავაზოს მადრიდული კლუბის მრავალრიცხოვან ინჩადას.

არ ვიცით, რას ფიქრობს თავად სიმეონე. შეიძლება ის მიიჩნევს, რომ უკვე ამოწურა საკუთარი თავი "ატლეტიკოში" და სჭირდება ახალი გუნდი. მერე, ამდენი უიღბლობაც რთული ასატანია. მართლაც, მესამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და თუნდაც ისეთი სტაბილური სეზონის ჩატარება, როგორიც ახლა ჰქონდა მადრიდულ კლუბს, ურთულესი საქმე იქნება.

მოტივაციაზე ვთქვით და ამას წინათ სიმეონემ თქვა, რომ ის სიამოვნებით დაბრუნდებოდა მილანის "ინტერში", როგორც მწვრთნელი. მილანური კლუბების ტოტალური კრიზისი ოდესმე უნდა დამთავრდეს და სიმეონეს მისვლა "ინტერში" საამისოდ უმოკლეს გზად გვესახება, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ თუ მწვრთნელს კვალიფიციური ფეხბურთელებიც არ მიჰყვნენ თან, ისე "ინტერის" ბედისწერის ჩარხის წაღმა დატრიალება ძალიან რთული იქნება.

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. სიმეონე ტიტულების მოგების წყურვილით იწვის. რა თქმა უნდა, "ატლეტიკო" ამისთვის იბრძვის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს იშვიათად გამოსდის.

ან, როგორ გინდა ხშირად გამოგივიდეს, როცა მეტოქეებად ისეთი გოლიათები გყავს, როგორებიც "რეალი" და "ბარსელონა" არიან?!

კიდევ ერთი "წასასვლელი" მიზეზი ისაა, რომ ზერელე დაკვირვებით ჩანს: ეს იყო "ატლეტიკოს" ფეხბურთელების მაქსიმუმი და მათ კიდევ უფრო მომატება, ახალ სათამაშო დონეზე გასვლა ძალიან გაუჭირდებათ.

რატომ უნდა დარჩეს
რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა დარჩეს სიმეონე "ატლეტიკოში" და ახლა ამ მიზეზებზე დაწვრილებით ვისაუბროთ.

პირველი და მთავარი ისაა, რომ ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი საშინლად ვერ იტანს მარცხს და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "ატლეტიკოდან" წაგებული არ წავიდეს.

არადა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ათლეტები" მოსისხლე მტერთან დამარცხდნენ. ერთი წამით სიმეონესაც შეიძლება დაეუფლოს იმედგაცრუება. მით უმეტეს, მაშინ, როცა სეზონის უმთავრესი საკლუბო ჯილდო ხელის ერთ გაწვდენაზე იყო.

სწორედ ამას შეგვიძლია მივაწეროთ სიმეონეს მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვები. აბსოლუტურად დასაშვებია ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, დიეგო დაწყნარდება, ყველაფერს კარგად მოიფიქრებს და ისევ "ატლეტიკოს" უერთგულებს.

არგენტინელი ის კაცი არ არის, ვისაც სირთულეების ეშინია და გაურბის მათ. პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიმეონეს ეს სირთულეები იზიდავს. ვინ იცის, რაც არ გამოვიდა წინა ორ ცდაზე, ამჯერად გამოვიდეს და არგენტინელმა "ათლეტებთან" ერთად მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.

მოდი, ისე შევხედოთ ჭიქას, როგორც ნახევრად სავსეს და არა როგორც ნახევრად ცარიელს. ვინ თქვა, რომ "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს ახალ დონეზე გასვლა არ შეუძლიათ? როგორ გინდა, საკუთარი თავი დაარწმუნო იმაში, რომ ანტუან გრიზმანის მაქსიმუმი იყო ის, რაც მან ლიგის ფინალში აჩვენა? როგორ გინდა, შუა გზაზე მიატოვო იანიკ ფერეირა-კარასკო, ამომავალი ვარსკვლავი, ვისაც სულ მალე ევროპის დაპყრობა შეუძლია?!

ახალგაზრდები უმატებენ და ფერნანდო ტორესიც ჯანზეა. მას კიდევ ბევრის გამწარება შეუძლია. აგერ, ზაფხული და აგერ, "ატლეტიკოს" შეფობა. რამდენიმე სატრანსფერო შეპირება, რამდენიმე შანსი ახალი იდეების განხორციელებისათვის და, ვფიქრობთ, სიმეონე წასვლაზე აღარც კი იფიქრებს.

"არსად ასე არ შეგიყვარებენ" - ამ ბანერს "ათლეტების" ფანები სიმეონეს საპატივცემულოდ გადმოფენენ ხოლმე.

დიეგოს არ სჭირდება ახალი თავგადასავლები. ამ ცხოვრებაში ხომ მთავარი სიყვარულია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი პირდაპირი რეისით რეალში
madrideli
16:08 31-05-2016
0
ამ ფორმაციის ატლეტიკო სიმეონეს გარეშე იმის ნახევარსაც ვერ მიაღწევს რასაც მასთან ერთად მიაღწია ამ ბოლო წლებში! კარგი იქნება თუ ატლეტიკოს შეფობა 3-4 მაღალი დონის ფეხბურთელს იყიდის...............
zaza
14:12 31-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული