ვინ უნდა წავიდეს "სამეფო კლუბიდან"

AutoSharing Option
AS იუწყება, რომ ლუი ვან გაალს ყელში ამოუვიდა ამდენი სპეკულაცია და დავიდ დე ხეას "რეალში" "რაც შეიძლება სასწრაფოდ" გაყიდვა ბრძანა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინათ ჰოლანდიელი სპეციალისტი ამბობდა, რომ 24 წლის მეკარის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არც კლუბს და არც მეკარეს არაფერში გამოადგებაო.

როგორც ჩანს, "მანჩესტერის" თავკაცის მოთმინების ფიალა აივსო და დაყაბულდა გასულ სეზონში "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვას.

თავის მხრივ, მადრიდში სულაც არ მიიჩნევენ, რომ "რეალმა" ფული უნდა გადაიხადოს მეკარეში. "მარკამ" თავისი მკითხველები გამოჰკითხა და აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის აზრით, სჯობს გუნდმა
სეზონი მოიცადოს და დე ხეა ხელში უფასოდ ჩაიგდოს, როგორც თავისუფალი აგენტი (დე ხეას სეზონის ბოლოს უსრულდება კონტრაქტი "იუნაიტედთან").

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასის "პორტუში" წასვლის მერე "რეალში" დარჩა კეილორ ნავასი და "ესპანიოლიდან" მივიდა კიკო კასილია. "მარკას" მკითხველებს მიაჩნიათ, რომ ეს ორი გოლკიპერი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ სეზონი "რეალმა" ღირსეულად ჩაატაროს.

კატალონიური "სპორტი", გაგიკვირდებათ და, ხანდახან "რეალზეც" წერს. ამ ტაბლოიდის ბოლო ინფორმაციით, "რეალის" ხელმძღვანელობას ამ სეზონში არ აქვს რუსი დენის ჩერიშევისა და ბრაზილიელი ლუკას სილვას იმედი.

სილვა ზამთარში გადავიდა "კრუზეიროდან" და 7 თვეში მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის გუნდიდან დათხოვნის პირველი კანდიდატია. ასევე ბურუსითაა მოცული ჩერიშევის მომავალი "რეალში". არადა, რუსი ფეხბურთელი ბევრს ცდილობს, მაგრამ მისი კონკურენტი შემადგენლობაში თვით კრიშტიანო რონალდოა. არ გამორიცხავენ ჩერიშევის ტრანსფერს "ლივერპულში", სავარაუდო სატრანსფერო თანხა 17 მილიონი დოლარია.

AS-მა სწორედ ამ თემაზე ჩაატარა გამოკითხვა - გუნდში 29 ფეხბურთელია და ეს რიცხვი 25-მდე უნდა დავიდეს, ვინ არის ოთხი ზედმეტი. მთავარი კანდიდატები არიან: მარკო ასენსიო, ლუკას სილვა, დენის ჩერიშევი და მარტინ ედეგორი. აღმოჩნდა, რომ ამ კვარტეტიდან "რეალის" გულშემატკივრებს ყველაზე მეტად რუსი ფეხბურთელი ენანებათ - 82% არ არის მომხრე მისი გასხვისების. ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა კი სილვას აქვს - 22%. ედეგორმა მომხრეთა 30% მიიღო, ხოლო ასენსიომ - 46%. სხვათა შორის, ასიერ ილიარამენდის დარჩენას (რომელსაც გუნდიდან წასვლა ნაკლებად ემუქრება) მხოლოდ 34% უჭერს მხარს.

ერთი ფეხბურთელი კი "რეალმა" უკვე მოიცილა - ნახევარმცველი ხოსე როდრიგესი "გალათასარაიში" გადავიდა. ნიჭიერი ფეხბურთელი გასულ სეზონში "დეპორტივოში" იყო განათხოვრებული. 20 წლის როდრიგესის ანგარიშზე 25 მატჩში 2 გოლია. თურქებმა მასთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ის წელიწადში 800 ათას ევროს მიიღებს. ტრანსფერის პირობები ცოტა უცნაურია - "გალა" "რეალს" გადაუხდის 250 ათას ევროს ყოველ ჯერზე, როცა ხოსე გუნდში 30 შეხვედრას გამართავს და ამას სულ 4-ჯერ გააკეთებს. ასე რომ, ტრანსფერი თურქებს მილიონი ევრო დაუჯდებათ.

2018 წელს "რეალს" მისი გამოსყიდვა შეუძლია 10 მილიონ ევროდ. ამასთან, "რეალი" მიიღებს ესპანელი ფეხბურთელის მორიგი გაყიდვიდან 30%-ს. "რეალი" ყიდულობს კიდეც - "სარაგოსას" ცენტრალურ მცველში და ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანში, ხესუს ვალიეხოში "სამეფო კლუბმა" 5 მილიონი ევრო გადაიხადა. ვალიეხო ერთი სეზონი იჯარით "სარაგოსაში" დარჩება.

სხვა ახალწვეულები კი "რეალში" თითქმის გამოირიცხა - რაფა ბენიტესმა თქვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყიდით ვინმეს, თუ "რეალის" ფეხბურთელებს ერთი თავით სჯობსო.

მადრიდის "რეალის" სტადიონზე მინდვრის ახალი საფარი დააგეს. აღსანიშნავია, რომ ეს საფარი ჰიბრიდულია. საფარი ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ მილანიდან ჩაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული