კარლეს რექსაჩი: დი მარია "რეალისთვის" ზედმეტად უშნო იყო

AutoSharing Option
ბრიტანულ და ესპანურ პრესაში ვრცელდება ახალი ცნობები იმის შესახებ, რომ ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას ნანობს და ამის შესახებ რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა, ვითომ ინფორმაციამაც გამოჟონა...

ერთი, რაც ფაქტია, ის არის, რომ არგენტინელისგან მეტს ელოდნენ და ისიც მეტს ელოდა "წითელი ეშმაკებისგან". ტრავმის გარდა, დი მარიას ხელი იმანაც შეუშალა, რომ ლუი ვან გაალი მუდმივად როტაციას მიმართავს, ოპტიმალური შემადგენლობა ვერ უპოვია და ტაქტიკასაც ხელთათმანებივით იცვლის. ანხელსაც ვერ გაუგია, კონკრეტულად, რომელ პოზიციაზე თამაშობს და რა მოეთხოვება.

"პირველი სეზონი ახალი ფეხბურთელისთვის ყოველთვის რთულია, მით
უმეტეს, როდესაც ქვეყანას იცვლი. ახალწვეულებს დრო სჭირდებათ - ლუკ შოუს, ანდერ ერერას, დეილი ბლინდს, რადამელ ფალკაოს და დი მარიასაც. უფრო გამიკვირდებოდა და ის უფრო დიდი სიურპრიზი იქნებოდა, ადაპტაცია რომ უცებ გაევლო. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ჰოლანდიაში, გერმანიასა და ესპანეთში მუშაობის დროსაც შევხვედრივარ, ყველგან და ყოველთვის ასეა" - თქვა ვან გაალმა.

ეს ერთადერთი თემა არ არის, რომელიც დი მარიას გარშემო აგორდა. ყველამ აიტაცა კარლეს რექსაჩის სიტყვებიც იმის შესახებ, რომ არგენტინელი "რეალმა" იმიტომ გაყიდა, რომ იგი "ზედმეტად მახინჯია" და მის შემცვლელად სიმპათიური ხამეს როდრიგესი მიიყვანა. "სამეფო გუნდის" პრეზიდენტი მარკეტინგული კუთხით აკეთებს გათვლებს და ვიზუალურად მიმზიდველ და მისაბაძ სახეებზე აკეთებს აქცენტსო.

"ფლორენტინო პერესი ბაზარზე ფიქრობს. მას უნდა, რომ გალაქტიკოსი ჰყავდეს, რომელიც ყველასათვის მისაბაძი და თვალშისაცემი იქნება. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? კრიშტიანო რონალდო მთავარი სახეა. პერესი ბრენდს ყიდის. ვისენტე დელ ბოსკე და ანხელ დი მარია მადრიდის "რეალისთვის" ზედმეტად უშნოები იყვნენ. ისინი განსხვავდებიან ტონი კროოსისა და ხამეს როდრიგესისგან" - ირონიულად აღნიშნა "ბარსელონას" ასისტენტმა დირექტორმა.

კატალონიელების ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს სკანდალურ ინტერვიუში, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჟურნალისტთან გასაუბრებაში ბევრი საინტერესო რამ ულაპარაკია, მათ შორის, ისიც, რომ ლიონელ მესიმ ზედმეტი პიცა ჭამა წინა სეზონისას და ამიტომ არ იყო საუკეთესო ფორმაშიო. რექსაჩმა მოგვიანებით უარყო ეს სიტყვები და აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს და არანაირი ინტერვიუ არ ყოფილა.

"თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, პირადად ავუხსნი, მაგრამ ვიცი, ეს არ იქნება საჭირო, რადგან ამაზე საუბრის დაწყებასაც არ მაცლიან და მეტყვიან - არ ინერვიულო, გიცნობთ, ვიცით, ვინც ხარ, როგორი ლაპარაკი გიყვარს და ეჭვიც არ გვეპარება შენშიო" - აღნიშნა რექსაჩმა.

მას უკავშირდება სხვა საინტერესო და ხმამაღალი განცხადებებიც, ყველაფერს იგი ვერ უარყოფს. მაგალითად - ლუის ენრიკეს "ზედმეტი წესები" აქვსო, ჟერარდ დეულოფეუ ძალიან კარგია, მაგრამ პირადად მას ცოტა ზედმეტად სჯერა ამისო, ხოლო სერხი რობერტო როდესაც თამაშობს, ვერც შეამჩნევ მინდორზეა თუ არა, ეს ახლა უკვე ივან რაკიტიჩსაც ეხებაო.

მოკლედ, რექსაჩმა სიტყვა "ზედმეტი" ხშირად გამოიყენა და მასაც ზედმეტი ლაპარაკი ჰყვარებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პეპე ხომ რას ამბობ, გუჩის და დიორის მუზაა!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული