კრიშტიანო რონალდოს უნიკალური მიღწევა

AutoSharing Option
"ატლეტიკოსთან" გამანადგურებელი მარცხის (0:4) მერე კარლო ანჩელოტის გუნდი თითქოს, ისევ მოფერიანდა - ზედიზედ ორ ტურში იმარჯვა, მაგრამ "სამეფო კლუბის" თამაშს ჯერ კიდევ აკლია ბალანსი. ეს ჩვენი სიტყვები არაა, ხორხე ვალდანომ თქვა...

ის ორი ტური მაინც სუსტებთან იყო ("დეპორტივო" და "ელჩე"), მაგრამ, როგორც კი "რეალს" სერიოზული მეტოქე გადაეღობა წინ, "ვილიარეალი" კი სწორედ ასეთია, კარლო ანჩელოტის გუნდში ისევ მოიშალა რაღაც. შედეგად 1:1 და "ბარსელონას" ორი ქულაღა აშორებს. არ დაგვავიწყდეს, რომ 23 მარტს "ელ კლასიკო" "კამპ ნოუზეა" სათამაშო. მოკლედ, "რეალის" უპირატესობიდან თითქმის აღარაფერი
დარჩა.

კარგი
ამ შეხვედრაში სეზონში 30-ე გოლი გაიტანა კრიშტიანო რონალდომ, მან პენალტის ნიშნულიდან გახსნა ანგარიში. თუმცა ეს პენალტიც თავად დაიმსახურა.

"ვილიარეალთან" კრიშტიანომ ორი სხვადასხვა ტაიმი ითამაშა, ცუდი და კარგი. თუკი პირველი ტაიმიდან მხოლოდ საჯარიმო დარტყმას გავიხსენებთ, მეორეში დაცვითი ფუნქციებიდან ბოლომდე გათავისუფლებულმა რონალდომ აიკლო "ყვითელი წყალქვეშა ნავის" დაცვა - ხან სერხიო ასენხო ყოჩაღობდა და ხან მცველები უხეშობდნენ მის წინააღმდეგ. რონალდომ, რაც 30 წლის გახდა, პირველად გაიტანა "ბერნაბეუზე".

პორტუგალიელმა ლა ლიგაში 45-ე პენალტი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ის "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელსა და "საუთჰემპტონის" ამჟამინდელ თავკაც რონალდ კუმანს გაუთანაბრდა. ახლა რონალდო მხოლოდ "რეალის" მექსიკელ ლეგენდას, უგო სანჩესს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 56 გოლია თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან. სხვათა შორის, რონალდოს მისი და "რეალის" არაკეთილმოსურნენი ხშირად ირონიულად "პენალდოდაც" მოიხსენიებენ.

აქვე, შედარებისთვის ვიტყვით, რომ რონალდოს მუდმივ კონკურენტს ("ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში) ლიონელ მესის პრიმერაში 34 პენალტი აქვს გატანილი.

კრიშტიანომ ამ გოლით რეკორდი დაამყარა - ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა ტოპ-ლიგებში (პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A, ლიგა 1), რომელმაც ზედიზედ 5 სეზონში მოახერხა 30 და მეტი გოლის გატანა. წინა სეზონებში მას 31, 34, 36 და 40 გოლი გაჰქონდა.

აღვნიშნავთ, რომ ადრე მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა შეძლო ზედიზედ 4 სეზონის განმავლობაში ტოპ-ლიგებში 30 და მეტი გოლის გატანა: დეივ ჰოლიდეიმ, ჯიმი გრივზმა, ლიონელ მესიმ და თავად რონალდომ.

ცუდი
"რეალი" არ იყო საკმარისად ეფექტური შეტევაში - ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ბოლო ფაზაში ვცდებოდით ან არ გვიმართლებდა", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ, რომელსაც კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს მეორე ტაიმში ისკოს გამოცვლისთვის.

ისკო თანდათან "სანტიაგო ბერნაბეუს" საყვარელ ფეხბურთელად ყალიბდება. ფანებს სურთ, რომ ის ხელშეუხებელი იყოს. ანჩელოტის "რეალის" დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო გამოექომაგა, ტაქტიკური გადაწყვეტილებები ანჩელოტის კომპეტენციაა და მასში არავინ არ ჩაერევა კლუბშიო.

სხვათა შორის, ანჩელოტის გადაწყვეტილება - ისკოს ილიარამენდით შეცვლა - "ვილიარეალის" თავკაცმა მარსელინო გარსია ტორალმაც მოუწონა: "რეალს" ეს შეცვლა რომ არ განეხორციელებინა, ჩვენ სავარაუდოდ, მოვიგებდით ამ თამაშს", - უთხრა "მარკას" "ნავის" ამაყმა თავკაცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მწერალი აშკარად რონალდოს მიმართ და რეალის მიმართ სიყვარულით ანთებულია ან მცველების აკლება სხვა რაგაც გონია ან ის მაინც დაწერე საკამათო რო იყო პენალი უბურთო კაცზე რო დადეს პენალი როცა საჯარიმოში მასეთი ძიძგილაობა ყოველთვის არის მაგრამ უყვარს კაცს რეალი და რა ქნას
obieqturoba
18:35 03-03-2015
0
ბარემ ისიც აღნიშნეთ, რომ მესის 3 გოლი დარჩა, სეზონის ბოლომდე ალბათ გაიტანს, იგივე რეკორდის განმეორებამდე.
giorgi
14:29 03-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული