"ბარსელონას" სიახლეები: ფილიპე კოუტინიო, არდა თურანი და სხვები...

AutoSharing Option
RAC1-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "ბარსელონა" უკვე გაურიგდა "ლივერპულის" ბრაზილიელ ვარსკვლავ ფილიპე კოუტინიოს და ახლა მხოლოდ "ლივერპულთან" მოლაპარაკება რჩება.

"მხოლოდ" ვთქვით, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან უკვე კარგა ხანია, ცნობილია "ლივერპულის" პოზიცია - ბრაზილიელი ვარსკვლავი არ იყიდება. კოუტინიოს გაყიდვა არ სურს იურგენ კლოპს, რადგან იგი "ლივერპულის" ერთ-ერთი ლიდერია. თუმცა რაც არ იყიდება ფულზე, იყიდება დიდ ფულზე - წყარო ამტკიცებს, რომ თუ "ლივერპული" 80 მილიონ ევროს მიიღებს ბრაზილიელის სანაცვლოდ, ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს და ამ თანხით მის შემცვლელსაც იყიდის.

* * *
ნეიმარის
პოტენციური ტრანსფერი თავიდან სენსაციური ჭორი ეგონათ, მაგრამ ახლა, თანდათან დარწმუნდნენ, რომ საქმე სერიოზულადაა. ამიტომ, "ბარსელონაში" მის შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი. კატალონიელთა ბანაკში გაიხსენეს, რომ გუნდს ძალიან სურდა არგენტინელი პაულო დიბალას ყიდვა "იუვენტუსისგან". თუკი სან პაულოს მკვიდრი დატოვებს ბარსელონას, ერნესტო ვალვერდეს მისი შემცვლელის საპოვნელად 222 მილიონი ევრო ექნება.

ამ თანხად კი ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენაა შესაძლებელი. ჟოზეპ მარია ბარტომეუ ყველაზე ცუდ ვარიანტს (ნეიმარის წასვლა) განიხილავს და აქედანვე ზრუნავს დიბალას ტრანსფერზე. სხვათა შორის, "ბარსას" შესაძლოა, სერხი რობერტოც გაექცეს ("ჩელსიში"), ამ შემთხვევაშიც მზად არიან ფეხბურთელის გამოსასყიდი ოფიციალური თანხა გადაიხადონ, რომელიც სერხი რობერტოს შემთხვევაში 40 მილიონი ევროა.

* * *
ჩვენ უკვე გაუწყეთ, რომ არდა თურანმა "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა თურქული წყაროები წერენ, რომ "გალათასარაი" არ ნებდება. "ლომებს" სურთ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება "ბარსელონასთან". შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კლუბში დაიწყო მისი კარიერა.

"გალათასარაის" პრეზიდენტი დურსუნ ოზბეკი ამ ხნის განმავლობაში არდას 4 მილიონ ევროსა და კაპიტნის სამკლაურს ჰპირდება. "ჰურიეთის" ცნობით, ოზბეკმა სწორედ ასე მიმართა 30 წლის ფეხბურთელს - დაბრუნდი და "ლომებს" წინ გაუძეხიო.

ორი წლის წინათ, "ბარსელონამ" არდა თურანში 30 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა თურქმა ნახევარმცველმა ვერ გაამართლა და იგი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა.

* * *
ნეიმართან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ ბრაზილიელი "ბარსელონაში" გადმოსვლისას საბუთების გაყალბების საქმეში გაამართლეს და ამ საკითხზე მისი სამართლებლივი დევნა დასრულებულია.

* * *
"ბარსას" ახალწვეულმა ნელსონ სემედუმ განაცხადა, რომ ეს კლუბი თავიდანვე უყვარდა რონალდინიოს თამაშის გამო.

"ჩემი სიყვარული ამ გუნდისადმი დიდწილად, რონალდინიოს დამსახურებაა. ის იყო... არა, არ იყო, ახლაც არის - ის არის ჩემი საფეხბურთო კერპი. მისმა ფეხბურთმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია", - განუცხადა პორტუგალიელმა მცველმა "მუნდო დეპორტივოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფული! ფული ! ფული ! სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
geno
13:14 27-07-2017
0

სიახლეები პოპულარული