ჰაიტისაც კი ძარცვავდა... სპეცოპერაცია ესპანეთში ფიფასა და უეფას ვიცე-პრეზიდენტი დაიჭირეს

AutoSharing Option
გუშინ საფეხბურთო სამყაროში მთავარი ამბავი ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის შეფის, ანხელ მარია ვილიარის დაპატიმრება იყო. ესპანური ფეხბურთის ბოსს კორუფციონერობა ჰბრალდება. მასთან ერთად მისი შვილიც დაიჭირეს, ხოლო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფისებში (სხვადასხვა ქალაქში) ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ ჩხრეკები მოაწყო.

ვილიარმა პირველად ეს პოსტი 1988 წელს დაიკავა. 2017 წელს იგი მერვედ აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. გარდა ამისა, ვილიარი უეფასა და ფიფას ვიცე-პრეზიდენტიცაა.

მოკლედ, იშვიათად ხდება ხოლმე ასე - მთავარი სიახლე ესპანურ ფეხბურთში არც "რეალს" უკავშირდება (ვთქვათ, მორატას სავარაუდო ტრანსფერს) და არც "ბარსელონას" (ნეიმარის პსჟ-ში
გადასვლის ალბათობას).

ვინ დაიჭირეს?
ანხელ მარია ვილიარი, მისი ვაჟი გორკა ვილიარი, რომელიც 2016 წლამდე კონმებოლის გენერალური დირექტორი იყო და ხუან პადრონი. პადრონს ფედერაციაში ეკონომიკური მხარე ჰქონდა ჩაბარებული. პადრონი კანარის კუნძულებზე დაფასებული კაცია, მისი სახელობის ქუჩაც კი არსებობს ტენერიფეში.

ეს ყველაფერი არ არის, დაიჭირეს რამონ ერნანდესი, ტენერიფეს ფეხბურთის ფედერაციის მდივანი. "ელ პაისი", "ელ კონფიდენსიალი" და სხვები ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, დაჭერები კიდევ იქნება და თანაც არაერთი, რადგან ეჭვმიტანილთა რიცხვი ათეულზე მეტია. ჩავთვალოთ, რომ ეს მხოლოდ სპეცოპერაციის პირველი რეიდი იყო.

რას აბრალებენ?
ვილიარი და პადრონი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დაიჭირეს. საერთაშორისო მატჩების დროს დოკუმენტების გაყალბებაც ერთ-ერთი ბრალდებაა. დაჭერა ჩვეულებრივ პოლიციას არ განუხორციელებია, საქმეში ეროვნული გვარდია ჩაერთო, რომელიც სპეციალიზირდება ნარკომოვაჭრეებთან და ტერორისტებთან ბრძოლაზე.

ვილიარი ზეპ ბლატერის დიდი ხნის ამფსონია და მას ხშირად აბრალებდნენ უფლებების გადამეტებას. მას აბრალებდნენ, რომ ფიფას შემოსავლების განაწილებისას ეროვნულ ფედერაციებზე "კლიენტური სისტემა" შექმნა, ორიგინალური დასახელებით "გოლი". მაგრამ 2015 წლის გამოძიების შედეგად, არათუ შეინარჩუნა პოსტი, არამედ, დროებით მიშელ პლატინის ნაცვლად იყო უეფას პრეზიდენტი. კენჭს იყრიდა უეფას პრეზიდენტობაზე, მაგრამ კანდიდატურა მოხსნა. სხვათა შორის, 2015 წლის გამოძიების დროს მას გამოძიებასთან თანამშრომლობა ლამის აიძულეს.

ბოლოდროინდელი სკანდალებიდან შეიძლება გავიხსენოთ "ჰაიტის საქმე". ესპანეთის მთავრობა ჰაიტის ეხმარებოდა, სპორტული კუთხით საქმე ეხებოდა ჰაიტიში საფეხბურთო სკოლის მშენებლობას, თანხა კი ფედერაციის გავლით მიდიოდა კუნძულზე, მაგრამ მიდიოდა კი? ამტკიცებენ, რომ ქვეყნის მთავრობის მიერ გაცემული რიცხვი არ ემთხვევა იმას, რამაც ჰაიტიმდე ჩააღწია.

გორკა ვილიარს ურუგვაიში გამომძალველობას აბრალებენ. საქმე ეხება ტელეუფლებების გაყიდვაზე ლათინურ ამერიკაში. წარსულში ცნობილი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი ამტკიცებდა, რომ გორკა იქაური მაფიის "ტვინი" იყო.
ანხელ მარია ვილიარი ბასკია, ის 12 წლის განმავლობაში ბილბაოს "ატლეტიკის" ღირსებას იცავდა, ხოლო 70-იან წლებში ესპანეთის ნაკრებშიც უთამაშია, 22 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

დაბოლოს, ესპანეთის პოლიციამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რიკარდო ტეიშეირაზე, ბრაზილიური ფეხბურთის ყოფილ ბოსზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რათქმაუნდა ჩვენი ფეხბურთის ბოსებიც ითვისებდენ მაყუთს მაგრამ ჩვენი მაშტაბები იმათთან რასმივა.მილიარდებს ეთამაშებიან ბიჭები.იყიდე გაყიდე ქარვასლაა რა.
quTaiseli
18:52 19-07-2017
0
ეს ესპანეთია ასე გახრწნილი,თორემ ქართველი ფეხბურთის ბოსები სულ კრისტალები იყვნენ და არიან,მაგათ ჯიბეში თეთრი რა არის,თეთრიც კი არ ჩასულა არამი,ეხლა ანგარიშებზე როგორაა საქმეო,ზოგიერთი პროვოკატორი იკითხავს,მაგრამ ის აგარიშები მაგათ კი არ გაუხსნიათ,ვიღაცეებმა გახსნეს მათ სახელზე,თვითონ ახლაც კი არ იციან ამ ანგარიშების არსებობაზე.ჰოდა ვიღაცეები,სხვები რიცხავენ მანდ ფულებს,მერე ხარჯავენ ამ ფულს,ეს პირნათელი ხალხი კი ანგარიშებზე მილიონები რომ აქვთ და თვითონაც არ იციან მილიონერობა,ქუჩაში ნაყინს ვერ ყიდულობენ უფულობის გამო.ასე ეს და ნურავინ დამიწყებს მტკიცებას, ქართველი ჩინოსნები ფულს ითვისებენო.ისედაც მჯერა.
სოსო
18:19 19-07-2017
0

სიახლეები პოპულარული