რონალდო, ფლორენტინო და პსჟ-ის წინადადება

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს სავარაუდო ტრანსფერის თემა ასე იოლად ვერ ჩამოვა ევროპული სპორტული პრესის ყდებიდან, ყოველდღიურად რამდენიმე სიახლეს ვიგებთ ამ კრიზისულ სიტუაციაზე.

როგორც ჩანს, კრიშტიანო რონალდოს მართლაც აღარ სურს "რეალში" დარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ერთხელ მაინც უარყოფთა ატეხილ აჟიოტაჟს.

დაიგეგმა შეხვედრა კრიშტიანო რონალდოსა და პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შორის, თუმცა "მარკა" ამტკიცებს, რომ რონალდოს განწყობა არ შეცვლილა - მას მტკიცედ გადაუწყვეტია წასვლა და იმ მომენტისთვის, როცა პერესს შეხვდება (მოგეხსენებათ, ახლა რონალდო რუსეთშია და კონფედერაციათა თასზე ასპარეზობს), მას და მის აგენტს ხელში მტკიცე არგუმენტი
ეჭირებათ - "პარი სენ-ჟერმენის" შემოთავაზება ტრანსფერთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, პარიზელები 200 მილიონ ევროს შესთავაზებენ "რეალს" და ამ შემთხვევაში, პერესს, რომელსაც რონალდოს დატოვება სურს ესპანეთის დედაქალაქში, ტრანსფერზე უარის თქმა გაუჭირდება. 32 წლის ფეხბურთელში 200 მილიონი ევრო ფანტასტიკური თანხაა, თვით "ოქროს ბურთის" მფლობელისთვისაც კი.

პსჟ-ის წინადადება ერთადერთი არ არის, რაც რონალდოს აქვს; ჩინური კლუბი ცდილობს პორტუგალიელის ხელში ჩაგდებას და მის კიდევ უფრო გამდიდრებას, მაგრამ ერთი პრობლემაა - რონალდოს ევროპული ფეხბურთიდან წასვლა არ სურს. როგორც ხედავთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტს ესპანურ მედიაში თითქმის აღარ განიხილავენ.

***
"რეალს" უკავშირდება ივნისის ევროპული ფეხბურთის მეორე სკანდალიც - ჯანლუიჯი დონარუმა "მილანში" დარჩენას არ აპირებს. ფლორენტინო პერესმა უკვე აღიარა, რომ "რეალი" მისით დაინტერესებულია.

"მილანიდან" გამოსული "მესიჯები" კი ერთმანეთის გამომრიცხველია. მარკო ფასონე ხან ამბობს, რომ დონარუმა მომდევნო სეზონს "მილანის" ფეხბურთელის რანგში გაატარებს და შემდეგ წავა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ხან კი ამბობს, რომ ვისაც დონარუმა სურს, "კარგი ფასი" უნდა გადაიხადოსო, 15-20 მილიონ ევროზე გაცილებით მეტიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ