მადრიდის "რეალის" ახალი ფორმები და სხვა ამბები

AutoSharing Option
გარეთ ბეილმა, ქარიმ ბენზემამ, კრიშტიანო რონალდომ, ზინედინ ზიდანმა, სერხიო რამოსმა, მარსელომ და სხვებმა მადრიდის "რეალის" ახალი, 2017/18 წლების სეზონის ფორმა წარადგინეს.

"სამეფო კლუბმა" ერთდროულად გამოფინა როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვარიანტი. როგორც ჩანს, იასამნისფერი ფორმა, რომლითაც "რეალმა" ახლახან ისტორიაში მე-12-ედ მოიგო ჩემპიონთა თასი "იუვენტუსთან" დაპირისპირებაში, აღარ იქნება...

კლასიკურ თეთრ საშინაო ფორმას სამხრეებზე სამ-სამი ლურჯი ზოლი აქვს. საგარეო ფორმა ძალზე მუქი ლურჯია, მომწვანო ელემენტებით. ორივე სახის მაისურაზე არის სპეციალური მინიშნება, რომ კლუბი დაარსების 115 წლისთავს ზეიმობს. საშინაო მაისურებზე ლურჯი ზოლები, დიზაინერების თქმით,
ესპანეთის დედაქალაქის ცის ფერს განსაზღვრავს. თითქმის შავი ფერის ფორმის დაბრუნებამ კი ბევრს 2000 წელი გაახსენა, როცა "რეალმა" სწორედ ასეთი ფორმით იმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე. საგარეო ფორმებს ძალზე უხდება ფირუზისფერი გერბები და ხაზები, რომლებიც მას უნიკალურს ხდის.

"ძალიან მომწონს ჩვენი თეთრი მაისურა, ის ყოველთვის ინოვაციურია, - განაცხადა ნაჩო ფერნანდესმა. - ახლა, როცა ზაფხულის ვარჯიშებია, ყველაზე მოწყენილად ვგრძნობ თავს. მომავლის გეგმებს ვსახავთ. ყველა, ექვსივე ტიტულის მოგება ძალზე ძნელი იქნება, ჩვენ ხომ ახლახან დავასრულეთ ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური თვალსაზრისით, მაგრამ სხვა გზა არ არის - ტიტულებია დასაცავი".

იაფი, ვიდრე "ბარსას" ფორმები
მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" უკვე გამოფინა თავისი ახალი ფორმები და, რადგანაც ესპანეთში (არამხოლოდ) ყველა "რეალსა" და "ბარსელონას" ადარებს ერთმანეთს, "დაპირისპირებას" ვერც ფორმები ასცდა. "ადიდასისა" (რეალი) და "ნაიკის" (ბარსელონა) მეტოქეობა ცალკე თემაა. "ლოს ბლანკოსის" მაისურები 100-130 ევრო ეღირება, მაშინ, როცა "ბარსელონას" ფორმები უკვე იყიდება მაღაზიებში და მათი ოფიციალური ფასი 150 ევროა. "რეალის" სრული კომპლექტი (მაისურა, შორტი, წინდები) ფანებს ოფიციალურ მაღაზიებში დაახლოებით, 208 ევრო დაუჯდებათ. "ბარსელონას" სრული კომპლექტი კი 268 ევრო ღირს.

***
"მარკამ" ფანები გამოჰკითხა "რეალის" სავარაუდო ტრანსფერებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ფანების უმეტესობას მიაჩნია, რომ ტეო ერნანდესის ტრანსფერი ყველაზე უპრიანია "სამეფო კლუბში". მეორე ადგილზეა კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერი, მესამეზე - დავიდ დე ხეასი.

***
ამასობაში "რეალმა" ოფიციალური გაცხადებით მხარი დაუჭირა კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც ესპანეთის პროკურატურა 14,7 მილიონი ევროს დამალვას ედავება გადასახდელებისგან 2011-14 წლების პერიოდში. "2009 წლიდან, როცა ის ჩვენთან გადმოვიდა, რონალდო მუდამ მზად იყო, ყოველი გადასახადი სამართლიანად გადაეხადა. დარწმუნებულები ვართ, რომ კრიშტიანო დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას. "რეალი" გამოთქვამს სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე გაირკვეს სიმართლე", - ნათქვამია "სამეფო კლუბის" განცხადებაში.

"ჩემი სინდისი სუფთაა", - ამტკიცებს თავად "ოქროს ბურთის" მფლობელიც.

***
მოგეხსენებათ, მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ტალანტი კილიან მბაპე "რეალის" სამიზნეშია. "მონაკოს" 18 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "რეალს" მისი შეძენის პირველი მცდელობა მაშინ ჰქონდა, როცა ფრანგი 14 წლის შესრულდა. ახლა ყველაზე "მუშა" ვერსია ასეთია - "რეალი" მაინც იყიდის მბაპეს და იჯარით ისევ "მონაკოში" გაუშვებს, ხოლო მადრიდში თამაშს ის 2018/19 წლების სეზონიდან დაიწყებს.

***
ჭორების მიუხედავად, "სამეფო კლუბი" ბრაზილიელი მცველის, დანილოს შენარჩუნებას აპირებს. ბრაზილიელი აპირებს, დანი კარვახალს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. ადრე ზინედინ ზიდანმაც განაცხადა, რომ დანილოს თამაშით კმაყოფილია. დანილომ 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა გასულ სეზონში, მის ანგარიშზე სამი საგოლე პასიცაა.

***
ესპანური მედიის ცნობით, "სამეფო კლუბი" უარს არ იტყვის ალვარო მორატას გასხვისებაზე, მაგრამ მას 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. შეგახსენებთ, რომ მისით ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

***
მედიას ესაუბრა "რეალის" უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილიც. 27 წლის ბეილმა განაცხადა, რომ არანაირი სურვილი არა აქვს, დატოვოს ესპანეთი და "ნისლიან ალბიონზე" დაბრუნდეს, როგორც ამას მედიაში უწინასწარმეტყველებენ. გარეთს არ სჯერა, რომ მის ადგილს "რეალის" სასტარტოში მომდევნო სეზონში სერიოზული საფრთხე დაემუქრება და ის მზად არის, წლეულს მოპოვებული ტიტულების შენარჩუნებისთვის იბრძოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდოს თმები ასე სწრაფად გაეზარდა? :დ :დ
დაკვირვებული ადამიანი
13:55 15-06-2017
0

სიახლეები პოპულარული