ერნესტო ვალვერდე - გამოცდილი მწვრთნელი "ბარსას" დნმ-ით

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბს ერნესტო ვალვერდე გაწვრთნის.

კატალონიურმა გრანდმა დაადასტურა ის, რაც ბოლო დღეებში ყველას ისედაც პირზე ეკერა - ლუის ენრიკეს შემცვლელი 53 წლის ბასკი სპეციალისტია. "ბარსას" ვალვერდე ორი წლით უხელმძღვანელებს, მისი პრეზენტაცია კი 1-ელ ივნისს გაიმართება.

"ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" ახალი მწვრთნელია. 53 წლის სპეციალისტი, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკის" თავკაცი იყო, ჩაიბარებს გუნდს 2017/18 წლების სეზონისთვის. მის შტაბში იმუშავებენ იონ ასპიაცუ და ყოფილი "ბლაურგანა" ხოსე ანტონიო პოსანკო, რომელიც ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იქნება.

ვალვერდეს შტაბის პრეზენტაცია ხუთშაბათს გაიმართება", - ვკითხულობთ კლუბის
ოფიციალურ საიტზე.

"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ: "დღეს მე ველაპარაკე ვალვერდეს. ის ბედნიერია და "ბარსელონას" გაწვრთნის პერსპექტივით აღფრთოვანებულია.

ვალვერდეს გააჩნია შესაძლებლობა, ცოდნა და გამოცდილება, გაწვრთნას ისეთი გუნდი, როგორიც "ბარსელონაა". ის ყოველთვის ცდილობს, დააწინაუროს ახალგაზრდა ფეხბურთელები და მისი სათამაშო სტილი ახლოსაა ჩვენი კლუბის სათამაშო სტილთან. მისი თამაშის ფილოსოფია "ბარსას" ფილოსოფიაა, ვალვერდე მშრომელია. ასევე, მწვრთნელი ახალი ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენების მომხრეა, როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებში".

მოგეხსენებათ, ვალვერდე ახალი სახე არ არის "ბარსელონაში" - 1988 და 1990 წლებში ის გუნდის ფეხბურთელი იყო. ორი სეზონის განმავლობაში მან 29 თამაშში 10 გოლი გაიტანა იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით.

ვალვერდეს სამწვრთნელო კარიერა მოიცავს ორ-ორ ხანას "ბილბაოსა" და "ოლიმპიაკოსში"; ასევე, ის სათავეში ედგა "ესპანიოლს", "ვილიარეალსა" და "ვალენსიას". მას აქვს 6 ტიტული მოპოვებული - 5 "ოლიმპიაკოსთან" ერთად და ერთიც "ბილბაოსთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული