"ატლეტიკო": ანტუან გრიზმანის ადგილი მზის ქვეშ

AutoSharing Option
ანტუან გრიზმანმა კლუბის ფანები ისევ დააიმედა - ახლა არსად წასვლაზე არ ვფიქრობო. თუმცა მომავალში რომ გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს და ისურვებდა კიდევაც, ამას ფრანგი არ მალავს.

საოცარია, მაგრამ გრიზმანი ისევ ამინდზე საუბრობს. მოკლედ, მის გადაწყვეტილებაში ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და გამომდინარე იქიდან, რომ გრიზმანს მზიანი ამინდი უყვარს, ინგლისურ გუნდებს ნაკლები შანსი რჩებათ.

"ბავშვობიდან ვოცნებობდი რომელიმე ტოპ-გუნდში თამაშზე. "ბარსელონა" ან "რეალი"? რატომაც არა. ეს ოცნებაა, რომ ასეთ დიდ გუნდში ითამაშო, ასევე, "ბაიერნისა" და პრემიერლიგის გრანდების დარ გუნდში. თუმცა ამ მომენტში
თავს ვერც "ბარსელონაში" ვხედავ და ვერც "რეალში". მეორე მხრივ, ესპანეთიდან წასვლა არ მინდა, რადგან აქ სულ მზეა და ეს მომწონს, კარგად თამაშში მეხმარება" - განაცხადა გრიზმანმა.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გაბი კი ამბობს, რომ გრიზმანი სხვა გუნდში საერთოდ ვერ წარმოუდგენია: "ის ახალგაზრდაა, ბევრ რამ წინ აქვს და შესაძლოა, მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში ითამაშოს, მაგრამ სხვაგან ვერ წარმოვიდგენ.

თანაც, დღეს "რეალი" "ატლეტიკოზე" უფრო ძლიერი არ არის. თუმცა ლა ლიგაში "რეალსა" და "ბარსელონას" ჩამოვრჩით, რადგან მცირე ჩავარდნა გვქონდა. ჩვენ რეალისტები ვართ და ამჟამად ჩემპიონატში ჩვენი მიზანი მესამე ადგილზე გასვლაა".

აქვე ვთქვათ ისიც, რომ "ატლეტიკოს" ბანაკში კიდევ ბევრი სხვადასხვა სახის საინტერესო სიახლეა. მაგალითად, ის, რომ გუნდი სუსოს შეძენაზე ფიქრობს. 23 წლის შემტევი ნახევარმცველი "მილანთან" 2019 წლის ზაფხულამდეა მოქმედი კონტრაქტით დაკავშირებული.

ამბობენ იმასაც, რომ ალექსანდრ ლაკაზეტმა თანხმობა განაცხადა "ატლეტიკოში" გადასვლაზე და ახლა კლუბებმა მის ფასზე უნდა მოილაპარაკონ. მადრიდელებს 25 წლის ფრანგ თავდამსხმელთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეთანხმებული აქვთო. "ლიონს" ლაკაზეტი 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ ეთმობა.

მიმდინარეობს მოლაპარაკება ფერნანდო ტორესთან და "ელ ნინიო", სავარაუდოდ, მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს "როხიბლანკოსთან".

"ათლეტების" მწვრთნელმა დიეგო პაბლო სიმეონემ კი გამოაცხადა, რომ მადრიდის "რეალს" არასოდეს უთავკაცებს. ასევე, ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა იმ ფაქტს, რომ არგენტინის ნაკრების ჩაბარება სურს, ოღონდ მოგვიანებით. "ჩოლოს" სურვილების სიიდან აქამდე უკვე ცნობილი იყო კიდევ ორი ფაქტი - ერთ დღეს კიდევ ერთი ყოფილი გუნდის, მილანის "ინტერის" ჩაბარება სურს და ასევე პრემიერლიგა ხიბლავს.

"არასოდეს გავწვრთნი "რეალს". ეს გრძნობების გათვალისწინებით გასაგებიც არის. თავადაც არ მიმიწვევდნენ. ახალგაზრდა ვარ და ვინ იცის, მომავალში რომელიმე სხვა ესპანური გუნდი გავწვრთნა. ერთხელ კი არგენტინის ნაკრების ჩაბარებაც მინდა, მაგრამ იქამდე უკეთესი მწვრთნელი უნდა გავხდე. ეს ალბათ, უფრო კარიერის ბოლოსკენ უნდა მოხდეს" - ამბობს სიმეონე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული