"ბარსელონა": ვინ შეცვლის ლუის ენრიკეს?

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ლუის ენრიკესა და "ბარსელონას" შორის კონტრაქტი არ გახანგრძლივდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გველოდა სიურპრიზი ხიხონის "სპორტინგთან" მატჩის შემდეგ, რომელიც "ბარსამ" 6:1 მოიგო.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკესა და კატალონიურ კლუბს შორის ხელშეკრულება აღარ გახანგრძლივდება.

ლუის ენრიკეს ძალიან ბევრი რამის გამო აკრიტიკებენ. ამ დროისათვის გუნდი პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობაშია ჩემპიონთა ლიგაზე, "პარი სენ-ჟერმენთან" საპლეიოფო დაპირისპირებაში. გარდა ამისა, მწვრთნელს დიდი კრიტიკა შეხვდა არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის პირველ პლეი ოფში განცდილი მარცხისთვის, არამედ
იმის გამოც, რომ გუნდმა ლა ლიგაში რამდენჯერმე მტკივნეულად წაიფორხილა.

რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო ჩემპიონთა ლიგაზე, პარიზში განცდილი მარცხი. უსიამოვნებები ჯერ კიდევ შეხვედრის დასრულებისთანავე, გასახდელში დაიწყო. სერხიო ბუსკეტსმა და ანდრეს ინიესტამ სახალხოდ გააკრიტიკეს მწვრთნელის მიერ პარიზში არჩეული ტაქტიკა. ისე მოხდა, რომ ლუის ენრიკეს გუნდში ლამის ერთადერთი სერიოზული მოკავშირე შერჩა ჟერარდ პიკეს სახით. გარდა ამისა, ლუის ენრიკეს მძაფრად აკრიტიკებს მედია. განსაკუთრებით გამოირჩევიან ამ კუთხით კატალონიელი ჟურნალისტები.

ნიშანდობლივი იყო მატჩი აუტსაიდერ "ლეგანესთან", რომელიც "ბარსელონამ" ლიონელ მესის მიერ ბოლო წამს გატანილი პენალტის წყალობით მოიგო. სხვათა შორის, ეს გოლი მესის არც კი უზეიმია.

ლუის ენრიკეს და მესის იდეალური ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ. 2015 წლის იანვარში არგენტინელი მძაფრი რეაქციის გამო "სოსიედადთან" მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. გარდა ამისა, მიიჩნევენ, რომ ლუის ენრიკეს საკმარისად კარგი კომუნიკაცია არ აქვს "ბარსელონას" შემადგენლობასთან.

ლუის ენრიკე პეპ გვარდიოლაზე ნაკლებად ჰგავს იოჰან კრუიფს, "ბარსელონას" ლეგენდას და კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბარტომეუს ნათლიას. კლუბის პრეზიდენტმა ლუის ენრიკე დაიცვა. "ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში სუპერმწვრთნელი გვყავდა. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი "ბარსელონას" ისტორიაში, რომელსაც რეალობაში მოჰყავდა და მოჰყავს ჩვენი იდეები", - თქვა ბარტომეუმ.

ლუის ენრიკეს მემკვიდრედ ყველაზე ხშირად ორ სპეციალისტს ასახელებენ: "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად "ბილბაოს" დამრიგებელ ერნესტო ვალვერდესა და ხორხე სამპაოლის. არგენტინელმა "სევილიას" კიდევ უფრო მოამატებინა და მისი ევროპული წონა მნიშვნელოვნად გაზარდა.

ვალვერდეს შანსები რეალურია, თუმცა ელიან, რომ სამპაოლის შემთხვევაში შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს მისი არგენტინელობა. ყველამ კარგად ვიცით, რა ეროვნებისაა ლიონელ მესი.

ახლა განვიხილოთ "ბარსელონაში" ლუის ენრიკეს სავარაუდო შემცვლელების მინუსები და პლუსები.

Sportall.Ge

ერნესტო ვალვერდე
პლუსები: "ბილბაოს" ისტორიაში კლუბს ყველაზე მეტ შეხვედრაში უხელმძღვანელა. მას აქვს ესპანურ ლიგაში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება. გარდა ამისა, უმუშავია საზღვარგარეთ, ბერძნულ "ოლიმპიაკოსში". 80-იანი წლებს ბოლოს ის თამაშობდა "ბარსელონაში" და იცის, როგორია კლუბის სათამაშო ფილოსოფია.

მინუსები: მას არასოდეს დახვედრია იმდენი ვარსკვლავი გასახდელში, რამდენიც დღეს "ბარსელონაშია".

ხორხე სამპაოლი
პლუსები: ინტენსიური ფეხბურთის მიმდევარი. შეტევის უზომოდ მოყვარული. ძალიან საინტერესოა, როგორ ითამაშებენ მისი ხელმძღვანელობით "ბარსას" ვარსკვლავები. "ბარსაში" არაერთი სამხრეთამერიკელია. თითქმის მთელი სამწვრთნელო კარიერა "სევილიის" ამჟამინდელ მწვრთნელს იქ აქვს გატარებული.

მინუსები: მას არ ჰქონია შეხება "ბარსელონასთან". ასე იყო მისი თანამემამულე ხერარდო მარტინო და ის პრობლემებს წააწყდა "ბარსაში". გარდა ამისა, მოქმედი კონტრაქტი აქვს "სევილიასთან".

Sportall.Ge

ხუან კარლოს უნსუე
პლუსები: ლუის ენრიკეს ასისტენტი. ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა პეპ გვარდიოლასა და ტიტო ვილანოვას შემთხვევაში. აქვს კავშირი ფეხბურთელებთან და გარკვეული ტაქტიკური ცოდნა მიიღო ლუის ენრიკესგან.

მინუსები: თითქმის არ აქვს დამოუკიდებელი სამწვრთნელო გამოცდილება. ერთადერთ სეზონში წვრთნიდა "ნუმანსიას" და სეგუნდაში მეათე ადგილზე გავიდა.

ლორან ბლანი
პლუსები: საფრანგეთის ნაკრებსა და "პარი სენ-ჟერმენში" მსოფლიო კლასის ვარსკვლავებს წვრთნიდა. თამაშობდა "ბარსაში" და იცნობს "კამპ ნოუს" ატმოსფეროს.

მინუსები: ჯერ ერთი, არასოდეს გაუწვრთნია საფრანგეთს გარეთ. მეორეც, ის შედარებით ნაკლებად ძლიერია ტაქტიკაში.

რონალდ კუმანი
პლუსები: ის "ბარსელონას კაცია". სწორედ მან გაიტანა 1992 წელს გადამწყვეტი გოლი ევროთასებზე. ამასთან, წარმატებით მუშაობს პრემიერლიგაში, სადაც ჯერ "საუთჰემპტონს" წვრთნიდა, მერე კი "ევერტონს".

მინუსები: მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს "ევერტონთან". ის უკვე მუშაობდა ესპანეთში, სადაც "ვალენსიას" თასი მოაგებინა, თუმცა პრიმერაში შედეგი მისაღები არ იყო.

ეუსებიო საკრისტანი
პლუსები: ის იყო "ბარსელონას" "ოცნების გუნდის" წევრი. გარდა ამისა, წვრთნიდა "ბარსელონას" მეორე გუნდს. წარმატებით მუშაობს "სოსიედადში".

მინუსები: და მაინც, მისი ბიოგრაფია არც ისე მდიდარია, რომ "ბარსას" შეფობამ არჩევანი მასზე შეაჩეროს.

ოსკარ გარსია
პლუსები: "ბარსელონას" კიდევ ერთი ყოფილი წევრი. არის 43 წლის და კანდიდატებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. მოიგო ავსტრიის ჩემპიონატი "ზალცბურგთან" ერთად და ისრაელშიც იჩემპიონა "მაკაბის" მთავარი მწვრთნელის რანგში.

მინუსები: მას არ აქვს ევროპის ტოპ-ლიგაში მუშაობის გამოცდილება.

ფრანკ დე ბური
პლუსები: ის ამჟამად უგუნდოდაა. სტილის მიხედვით, მისი გაწვრთნილი "აიაქსი" დაახლოებით ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, როგორსაც "ბარსელონა" ანიჭებს უპირატესობას.

მინუსები: უკვე იმუშავა "ინტერში" და იტალიურ გრანდში ვერც თამაში დაალაგა და ვერც სტილი შეცვალა. მისი ყოფნა მილანურ კლუბში ხანმოკლე აღმოჩნდა.

ფილიპ კოკუ
პლუსები: წარმატებული კარიერა პსვ-ში. ჰოლანდიის ჩემპონატს რომ თავი დავანებოთ, გუნდი შესანიშნავად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზე. თუნდაც, "ატლეტიკოსთან" განცდილი დასანანი მარცხი გავიხსენოთ პლეი ოფში.

მინუსები: მას არ აქვს ვარსკვლავებთან მუშაობის გამოცდილება. არასოდეს გაუწვრთნია ჰოლანდიის საზღვრებს გარეთ. გარდა ამისა, კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აქვს.

ედუარდო ბერიცო
პლუსები: "სელტა" პრიმერადივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გუნდია. ამაში მწვრთნელის წვლილი დიდია. მისი კონტრაქტი კლუბთან ამ ზაფხულს სრულდება.

მინუსები: არ აქვს "ბარსელონას" გამოცდილება. გარდა ამისა, არც ვარსკვლავები გაუწვრთნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
gaga-ს. თითების კომბინაციებით თავად ხარ ეტყობა დაკავებული და მიჩვეული. დიდ მამულიშვილად რომ მოგაქვს თავი, ქართული ანზადა მოყვარეს პირში უძრახეო, გაგონილი გექნება ალბათ; ისიც უნდა გქონდეს გაგონილი, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. ჩემს ნაწერში შოთას საერთოდ არ შევხებივარ და გამიქილიკებია. ჟურნალისტების მისამართით იყო რომ ჭორებს ნუ ავრცელებთ და რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია გაავრცელეთ-თქო. თუ მაინც შოთაზე ვისაუბრებთ კიდევ, ერთია ფეხბურთელობა და მეორე, მწვრთნელობა. ჯერ-ჯერობით სამწვრთნელო კარიერაში დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის და ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, როგორც ქართველს, წარმატებებს ვუსურვებ.
Dato
16:21 07-03-2017
0
ჩემი შემოთავაზებაა ანანიძე:))) დიდი ალბათობით ესპანურ პრიმერაში ტექნიკა მეტად ფასობს ვიდრე რუსულში გამოგადგება...
giorgi
22:57 06-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული