მასზე "რეალი", "ბაიერნი" და "მანჩესტერი" ნადირობენ...

AutoSharing Option
ის "ტოტენჰემის" საყრდენი ნახევარმცველის ორმაგი სეხნიაა, თუმცა მას უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

"სელტკის" ლიდერი მუსა დემბელე უკვე ითვლება ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად. მასზე უკვე ნადირობენ "რეალი", "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

ჟოზე მოურინიო, ბრენდან როჯერსი და ინგლისური მედია ერთხმად ამტკიცებენ, რომ მუსა დემბელე ახალი დიდიე დროგბაა. ეგაა, ლეგენდარულმა კოტდივუარელმა 24 წლის ასაკში "გაისროლა", დემბელე კი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.

გლაზგოს "სელტიკის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ამბობს, რომ დემბელე ჯერ კიდევ სულ ბავშვია და ის აუცილებლად მოუმატებს. და
ამ ბავშვში შოტლანდიური ფეხბურთის გრანდი 40 მილიონ ევროს ითხოვს.

მუსა დემბელეს მალური ფესვები აქვს. ჯერ კიდევ რვა წლის იყო ის, როცა "პარი სენ-ჟერმენის" საფეხბურთო სკოლაში მოხვდა. იქ ის თამაშობდა კომანთან, რაბიოსთან, კიმპემბესთან ერთად. ეს გუნდი ძალიან ხშირად იგებდა სხვადასხვა ტურნირს.

16 წლის დემბელე მიხვდა, რომ "სენ-ჟერმენის" ძირითადი შემადგენლობიდან ვერ ამოაგდებდა კავანისა და იბრაჰიმოვიჩს. მუსა ინგლისურ "ფულჰემში" წავიდა სათამაშოდ. 17 წლის ასაკში მას დებიუტი ჰქონდა პრემიერლიგაში, როცა კიერონ რიჩარდსონი შეცვალა. იმ წელს "ფულჰემი" პრემიერლიგიდან გავარდა.

მომავალ სეზონში დემბელე "ფულჰემის" ძირითადის ფეხბურთელი გახდა. მან გუნდის შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის მეშვიდე ადგილზე გავიდა ლიგის ბომბარდირებს შორის. თითქმის ყოველთვის დემბელეს გოლები გამარჯვების მომტანი იყო "ფულჰემისათვის".

2016 წელს, ივნისში დემბელემ "ფულემის" დატოვება გადაწყვიტა. მასზე "ჩელსი", "არსენალი", "ტოტენჰემი" და სხვა ინგლისური გუნდები ნადირობდნენ, მაგრამ დემბელემ "სელტიკში" გადასვლა აირჩია. ბრენდან როჯერსმა მას სქოთურ გრანდში ერთადერთი ფორვარდისა და ლიდერის როლი შესთავაზა.

"მე არ ვუსმენ, რას ამბობენ ჩემზე. აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი მომავალი "სელტიკშია". მე ვტკბები ამ გუნდში გატარებული თითოეული წამით. არ ვფიქრობ გუნდიდან წასვლაზე", - ამბობს დემბელე.

და მაინც, "სელტიკს" ალბათ, ძალიან გაუჭირდება თავისი ლიდერის შენარჩუნება. დემბელეზე ხომ უკვე ნადირობენ მსოფლიო ფეხბურთის ის გრანდები, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ. ვნახოთ, სადამდე ეყოფათ მოთმინება ფრანგს და "სელტიკს".

დემბელემ "სელტიკთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც ოთამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ეს მისთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო.

"ჩვენ რაღაც არ გვეყო ამ ტურნირზე, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდული გუნდისათვის ეს იყო უდიდესი გამოცდილება. სწორედ ასეთ მატჩებში იზრდება ფეხბურთელი. იმედი მაქვს, კიდევ არაერთ მატჩს ჩავატარებ ამ ტურნირზე", - ამბობს მუსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული