ანტუან გრიზმანი: ინგლისში ერთი რამ შემაფერხებს...

AutoSharing Option
ანტუან გრიზმანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მადრიდის "ატლეტიკოს" დატოვებაზე არ ფიქრობს, მაგრამ ფრანგმა იქვე სიტყვა ჩააგდო, რომ თუ კლუბს სეზონი ჩაუვარდება, ეს საკითხი შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს. შეგახსენებთ, რომ გრიზმანით პირველ რიგში, ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ბრიტანეთში გადასვლაზე "პატარა პრინცი" კიდევ ერთი მიზეზით ორჭოფობს… მას ნისლიანი ალბიონის ამინდი არ მოსწონს:

"როდესაც "სოსიედადში" ვიყავი, მოვიდა მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ წასვლის დრო იყო. ახლა ასეთი სურვილი და შეგრძნება ჯერ არ მაქვს. ვინ იცის, როგორ გაგრძელდება სეზონი. თუ ცუდად ვითამაშებთ, შესაძლოა, წასვლაზე
დავფიქრდე".

ფრანგ ვარსკვლავს სთხოვეს, დაეკონკრეტებინა, სად ურჩევნია თამაში: "რომელ კლუბში შეიძლება გადავიდე? ესპანეთში "ბარსელონა" და "რეალი" არიან. კატალონიელებს თავდასხმის სუპერტრიო ჰყავთ.

"რეალში" გადასვლა კი გამორიცხულია, რადგან "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ვარ. ბუნდესლიგა დიდად არ მიზიდავს. საფრანგეთი? ამ ეტაპზე, არც ეს გახლავთ ჩემთვის მიმზიდველი ვარიანტი. ინგლისთან მიმართებაში კი ბევრი ეჭვი და კითხვა მაქვს, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება. ეს იქაურ წვიმებსა და უამინდობას ეხება.

არადა, მინდორს მიღმა თავს ბედნიერად უნდა ვგრძნობდე, ეს მნიშვნელოვანია. ისე, ვუყურებ პრემიერლიგას და მომწონს. არბიტრები თამაშის საშუალებას იძლევიან, სტადიონები სულ სავსეა. თუმცა, საბოლოო ჯამში, თუ ერთი ჩემპიონატის გამორჩევას მომთხოვთ, ესპანეთს დავასახელებ, რადგან ლა ლიგა ყველაზე მეტად მომწონს და ის საუკეთესოდ ერგება ჩემს სათამაშო სტილს" - განაცხადა გრიზმანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული