პროფლიგის ყოფილი გენმდივანი: გულს გაუხარდა, ისეთი რეპორტაჟი და შეფუთვა იყო...

AutoSharing Option
მაშინ, როცა პროფესიული ფეხბურთის ლიგა არსებობდა, ეროვნული ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის შესაფუთად მისი თავკაცები - დიმიტრი რამიშვილი და პაატა ბურჯალიანი ზრუნავდნენ.

ეს ქართულ ფეხბურთში ყველაზე მეტი სიახლისა და არაორდინარული გადაწყვეტილებების დრო იყო, დრო, როცა ქართული ფეხბურთის პროპაგანდისა და "პიარისთვის" ყველაზე მეტი კეთდებოდა. თასის ფინალები ნამდვილ ზეიმებად იქცა. გემახსოვრებათ ფინალის დაწყებამდე ვერტმფრენიდან მოწყობილი სანახაობა, ევროსტანდარტების დანერგვის მცდელობა, სეზონის შემაჯამებელი საღამოები, სანახაობრივი გალა-კონცერტები და ასე შემდეგ...

ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" გამართული საქართველოს თასის ფინალი, თითქოს, ამის გაგრძელება გახდა. მარტვილის "მერანისა" და ქუთაისის "ტორპედოს"
შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინ გაიმართა, ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით მატჩი კარგად შეიფუთა და კარგი სანახავიც გამოდგა.

- მერანი-ტორპედო 1:2 - "ტორპედომ" თასი გაასამა [VIDEO]

გამართლებული იყო სფფ-ის გადაწყვეტილება, რომ თასის ფინალი თბილისის გარეთ, პატარა არენაზე გამართულიყო. ისიც, რომ პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღმოსავლეთ ტრიბუნიდან ეწყობოდა და მთავარ კამერას "თამაშგარის ზონის" გასწვრივ მდებარე ორი პლატფორმაც ეხმარებოდა. ეს ხელს უწყობდა თამაშის კომფორტულ აღქმას.

ტრიბუნა აღმოსავლეთზეც გაივსო, მაგრამ დასავლეთის სექტორი გაცილებით ლამაზად და უკეთ გამოიყურებოდა. ცხადია, მაყურებლებით გადაჭედილი ტრიბუნა, რომელიც 90 წუთი არ გაჩერებულა, ტელემაყურებელს იმ ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროსთან აახლოებდა, რაც ზესტაფონში იყო.

პროფესიული ფეხბურთის ლიგის ყოფილი გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი ამბობს, რომ მატჩის შეფუთვამ მის მოლოდინს გადააჭარბა:

Sportall.Ge"პროფლიგას სიჭინავამ 5 წლის წინათ ჩამოგვაშორა, მაგრამ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი, ვარ და, ცხადია, ფინალი მაინტერესებდა.

როცა პირველ არხზე გადავრთე, არ ვიცოდი, 7 საათი იყო თუ არა. ახლო კადრს აჩვენებდნენ და სიმართლე გითხრათ, თავიდან დავიბენი - მეგონა, ჩემპიონთა ლიგის დღიური მთავრდებოდა. საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე ხომ ასეთ ჩვენებას თვალი მიჩვეული არ არის...

გულს გაუხარდა, სტადიონი ისე ლამაზად გამოჩნდა - სავსე ტრიბუნები, კარგი ჩვენება, განათებული მოედანი და ნამდვილი საფეხბურთო გარემო სულ სხვა ეფექტს ქმნიდა. დაახლოებით ისეთს, ბელგიის ან ჰოლანდიის ჩემპიონატები რომ ტარდება", - ამბობს ბურჯალიანი.

ის ქართული ფეხბურთის გაშუქების ზოგად საკითხსაც შეეხო:

"როცა პროფლიგაში ვმუშაობდით, სულ ამაზე გვქონდა აქცენტი - ტელევიზიას დიდი ძალა აქვს და სწორი შეფუთვა ეროვნული ჩემპიონატის და ამა თუ იმ კონკრეტული შეხვედრის წარმატების საფუძველია.

რეპორტაჟები სულ 22 ნოემბრის ფინალივით რომ შუქდებოდეს, დარწმუნებული ვარ, მაყურებელს სტადიონზე მოვიზიდავთ და ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნება. იმიტომ, რომ განათებულ სტადიონზე, სადაც ტრიბუნები ივსება, მოთამაშე ბევრად უფრო ინდომებს და მოედანზე სულსა და გულს დებს. ხალხს კი სწორედ ამის ნახვა სურს.

ამიტომ იყო, მნიშვნელოვან შეხვედრებს რომ "ვაპიარებდით" და ტურის ცენტრალურ შეხვედრებზე 6-7 ათასი მაყურებელიც მოსულა, თასის ფინალზე კი 25 ათასი ქომაგიც შეგვიკრებია".

ბურჯალიანის თქმით, ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის რეკლამირების მაგალითი აჩვენა:

"მას შემდეგ, რაც სიჭინავამ პროფლიგა დაშალა, ასეთი ფინალი არ ჩატარებულა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ბევრი გაუმართლებელი ნაბიჯით მან ქართული ფეხბურთი დაანგრია და ძალიან უკან დასწია. მის დროს უფერული ფინალები იმიტომაც ტარდებოდა, რომ სათანადო სატელევიზიო გაშუქების მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდა.

ამიტომაც ვულოცავ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას, ასეთი დონის რეპორტაჟი და ფინალის ლამაზად ორგანიზება რომ შეძლო".

პროფლიგის ყოფილი გენმდივანი იმედოვნებს, რომ წარმატებული ექსპერიმენტი მომავალშიც გაგრძელდება:

"მრჩევლისა თუ ექსპერტის როლში ყოფნა არ მიყვარს. უბრალოდ, ჩემი სურვილი იქნება, რომ ასეთი სატელევიზიო გაშუქება მომავალშიც იყოს. სასურველი იქნება, კონტრაქტები რაც შეიძლება მეტ ტელევიზიასთან გაფორმდეს, რომ იყოს არა მხოლოდ თამაშების მიმოხილვა, არამედ, ტურების ანონსები, ხალხს მეტი ინფორმაცია რომ ჰქონდეს და მეტად დაინტერესდეს.

მართალია, 10 წლის წინათ ბევრად მეტი ინტერესი იყო, მაგრამ ასეთი ორგანიზებით სტადიონისკენ მაყურებლის შემობრუნება შესაძლებელი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი ფინალი იყო
temo
18:33 24-11-2016
0
aba daicko 22 noembris finalis reportajit qartuli fexburtis akvaveba?vai tqvens patrons.
Rodis iko ert mercxals gazafxuli mokavda.
leqso
15:24 24-11-2016
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული