გია გეგუჩაძე: ხვალ "მიხეილ მესხზე" უშეღავათო ბრძოლა იქნება

AutoSharing Option
ხვალ, 25 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საქართველოს სუპერთასს მასპინძლობს. ქვეყნის საუკეთესო გუნდის ვინაობას ერთმანეთში საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" და თასის მფლობელი, თბილისის "დინამო გაარკვევენ.

სუპერთასის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა "მესხზე" ვარჯიში, ხოლო მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.


თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის განცხადებით, ეროვნული ჩემპიონატი სულ ახლახან დაიწყო, ამიტომ გუნდები სასურველ ფიზიკურ კონდიციებში არ არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ
მოედანზე გუნდები ბოლომდე არ დაიხარჯებიან და სუპერთასის მატჩი საინტერესო არ იქნება.

"ფეხს იკრეფს ეროვნული ჩემპიონატი. ახლა დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გუნდების უმეტესობა დღეს ჯერ არ არის იმ ფორმაში, რომელიც, ალბათ, მისაღებია ყველასთვის, თუმცა ეს დასაწყისია. ახლა გვიწევს სუპერთასზე მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრა და ანალოგიურად, თუ კონდიციებზე იქნება საუბარი, 100%-ით მზად არც თბილისის "დინამოა".

უშეღავათო ბრძოლა იქნება მინდორზე, იმიტომ, რომ ჩვენც და გორის "დილასაც" გვსურს პირველი ტიტულის მოპოვება, ეს ნათელია. გამოცდილ გუნდს ვხვდებით. ჩვენც მზად ვართ, დავუპირისპიროთ ის თამაში, რომელიც შედეგს მოგვიტანს.

ვნახოთ, ყველაფერს ხვალინდელი შეხვედრა აჩვენებს. ვიმედოვნებ, სირთულეებთან ერთად, სანახაობრივი, საინტერესო თამაში იქნება, მაყურებელი ისიამოვნებს.

ეს მოლოდინი გვაქვს ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული