დინამო (თბ) VS სამტრედია - ბოლო აკორდი თანაბარი შანსებით

AutoSharing Option
დღეს, 26 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს მეორე არხი შემოგვთავაზებს.

იმედი დავიტოვოთ, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნები მთლად "გადაჭედილი" თუ არა, ნახევრად ცარიელი მაინც არ იქნება; თანაც, თასის ფინალზე დასწრება უფასოა, პლუს ამას, ორივე გუნდის ქომაგები: ერთ მხარეს "დინამოს" ერთგული ფანები, მეორე მხარეს - სამტრედიიდან ჩამოსული გულშემატკივრები.

თასის ფინალში ძალიან ძნელია, რომელიმე
გუნდს ფავორიტის სტატუსი მიენიჭოს და ასეა დღესაც; ანუ თბილისის "დინამოსაც" და "სამტრედიასაც" აბსოლუტურად თანაბარი შანსები აქვთ და ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, რომ დღეს "დინამო" თავის მეთოთხმეტე ფინალს ითამაშებს, "სამტრედია" კი - პირველს!

რა თქმა უნდა, საქართველოს თასის ფინალში გამარჯვება ორივე გუნდისათვის სერიოზული სტიმულია, თუმცა დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს ისიც, რომ თასის მფლობელი ევროპის ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

აქვე, ისიც უნდა დავამატოთ, რომ "დინამოს" ევროპალიგაზე მონაწილეობა ისედაც გარანტირებული აქვს. აი, "სამტრედია" კი მხოლოდ და მხოლოდ თასის აღებით გავა ევროსარბიელზე.

მოკლედ, საინტერესო ფინალი გველოდება...

თვალშისაცემი უპირატესობა
საქართველოს თასის ისტორიაში "დინამო" და "სამტრედია" დღემდე ექვსჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და უპირატესობა დინამოელთა მხარესაა: 3 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება (ბურთების სხვაობა - 17:5). "დინამოს" ბევრად უფრო შთამბეჭდავი უპირატესობა აქვს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ ურთიერთშეხვედრებშიც: 24 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება (ბურთების სხვაობა - 76:17).

ამ სეზონში "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო "სამტრედიას": XXVI ჩემპიონატის პირველ ტურში ჩისკოსა და გიორგი პაპუნაშვილის გოლებით 2:0 დაამარცხა, მეორე წრის დასაწყისში კი სტუმრად ესპანელი ახალწვეულის, მანუელის ერთადერთი უპასუხო გოლით აჯობა დღევანდელ მეტოქეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს თასის 26-წლიან ისტორიაში "სამტრედიას" სარეკორდო მარცხი სწორედ "დინამოსთან" აქვს: 1997/98 წლების სეზონის თასის გათამაშების მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში იმ დროისათვის პირველ ლიგაში მოასპარეზე სამტრედიის "იბერიამ" სტუმრად 0:8 წააგო "დინამოსთან".

ეკლიანი გზა
თერთმეტი მოგებული და მხოლოდ ორი წაგებული ფინალი, - მართლაც ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, თბილისის "დინამოს" ეს მაჩვენებელი საქართველოს თასზე რომელიმე სხვა გუნდმა გააუმჯობესოს. ისიც უნდა ითქვას, რომ "დინამოს" მშვენიერი შანსი ეძლევა, თასი ზედიზედ მესამედ მოიპოვოს. ასეთი შედეგი კი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ კლუბს... თბილისის "დინამოს" აქვს: 1992-97 წლებში ზედიზედ ექვსჯერ რომ მოიგო თასი.

თუმცა მიმდინარე გათამაშებაში "დინამოს" რამდენიმე დაბრკოლებაც შეხვდა ფინალისაკენ მიმავალ გზაზე; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მერვედფინალშიც, მეოთხედფინალშიც და ნახევარფინალშიც საპასუხო მატჩებში ირკვეოდა მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა.

რაც შეეხება "სამტრედიას", იმერულ კლუბს მეოთხედფინალშიც 2 ურთულესი მატჩი ჰქონდა "ტორპედოსთან" (განსაკუთრებით, საპასუხო შეხვედრაში, როცა "სამტრედიის" მეკარემ, რევაზ თევდორაძემ თავისი გუნდი რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა) და არანაკლები წინააღმდეგობა გაუწია ბათუმის "დინამომაც".

ეგ კი არა, ძალიან ბევრი მიიჩნევდა, რომ პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ "სამტრედიას" მინიმალური შანსი რჩებოდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. თუმცა საპასუხო შეხვედრაში ზაზა ზამთარაძის გუნდმა მართლაც შეუძლებელი შეძლო და ერთობ ძლიერი მეტოქის კარში 3 უპასუხო გოლი გაიტანა, რაც მეოთხედფინალის საგზურს ნიშნავდა!

ფინალისტი მწვრთნელები, ფეხბურთელები
"დინამო თბილისის" თავკაცი გია გეგუჩაძე ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის მთავარ მწვრთნელად წინა კვირაში დაინიშნა და მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ახლა კი თავისთვის მეორე ფინალი ელოდება: 2004 წლის აპრილის ბოლოს გია გეგუჩაძე თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა; სულ მალე კი თასის ფინალი იყო, სადაც თბილისის "დინამომ" მეორე ტაიმში შეძლო ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგობის დაძლევა და 2:1 მოიგო.

ეს იყო გეგუჩაძის პირველი ტიტული მთავარი მწვრთნელის რანგში, თორემ 1996 და 1997 წლებში ასევე "დინამოს" სამწვრთნელო შტაბში იყო, როცა გუნდის თავკაცი დავით ყიფიანი გახლდათ.

რაც შეეხება კახა გოგიჩაიშვილს (რომლის ხელმძღვანელობითაც მიაღწია წლევანდელ თასის ფინალს "დინამომ"), საქართველოს თასის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა ფეხბურთელმა ორჯერ (1996,1997 წლებში) თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში მოიპოვა ეს პრიზი, ორჯერაც - თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში (2000, 2002 წლებში).

ამას გარდა, 2001 წელს იმავე "ლოკომოტივის" შემადგენლობაში ფინალისტობას დასჯერდა. სხვათა შორის, კახა გოგიჩაიშვილს ჰქონდა შანსი, გიორგი ჩიხრაძის აქამდე "მოუხსნელი" მიღწევა გაემეორებინა: საქართველოს თასის 26-წლიან ისტორიაში ხომ მხოლოდ გიორგი ჩიხრაძეს მოუგია ეს ტიტული, როგორც ფეხბურთელსაც და როგორც - მწვრთნელსაც!..

"სამტრედიის" მთავარ მწვრთნელს, ზაზა ზამთარაძეს საქართველოში სხვადასხვა გუნდში უთამაშია. მერე სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, მაგრამ არც მოთამაშის და არც მწვრთნელის რანგში თასის ფინალში მონაწილეობა არ მიუღია.

"დინამო თბილისი" თასის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, თუმცა ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში ამ ბოლო წლებში შემადგენლობის გადახალისება უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა და ამიტომაცაა ასეთი სიტუაცია: დღევანდელ შემადგენლობაში მხოლოდ სამი ფეხბურთელია, წინა წელს თასის ფინალში რომ გაიმარჯვა (გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ცინცაძე, გიორგი გველესიანი).

რაც შეეხება ლაშა თოთაძეს, "დინამოს" კაპიტანსაც აქვს საქართველოს თასი მოგებული, ოღონდ "დილას" შემადგენლობაში (2012 წელს);

კიდევ ერთი ფეხბურთელი, საქართველოს თასის ფინალი რომ უთამაშია, ჯაბა ჯიღაურია, ოღონდ ეს ნახევარმცველი შარშან "ჩიხურაში" იჯარით თამაშობდა და მხოლოდ ფინალისტობას დასჯერდა.

ანუ თოთაძის, ჯიღაურის, პაპუნაშვილის, ცინცაძისა და გველესიანის გარდა, ყველა დანარჩენი დინამოელისათვის პირველი ფინალი იქნება, მაშინ, როცა მეტოქის შემადგენლობაში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, საქართველოს თასი რამდენჯერმე რომ აქვს მოგებული სხვადასხვა გუნდთან ერთად.

ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, 37 წლის ალექსანდრე იაშვილი უნდა ვახსენოთ, 1994, 1995 და 1996 წლებში ზედიზედ სამჯერ რომ გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში!

და აი, 19-წლიანი პაუზის მერე "იაშკას" კვლავაც ვიხილავთ საქართველოს თასის ფინალში, ისე, როგორც ქართული ფეხბურთის კიდევ ერთ დამსახურებულ ვეტერანს, 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილს, რომელსაც საქართველოს თასი ერთხელ აქვს მოგებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2000 წლის თბილისის "ლოკომოტივის" იმ ტრიუმფში 18 წლის ხიზანიშვილმაც დიდი წვლილი შეიტანა, როცა პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

სხვათა შორის, იმ ფინალში "ლოკომოტივს" მეტად საინტერესო შემადგენლობა ჰყავდა: გიორგი ლომაია, გიორგი ჩიხრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა გოგიჩაიშვილი, ვალერი აბრამიძე, მიხეილ ჯიშკარიანი, დავით ჭიჭვეიშვილი, ივანე (მამუკა) ჯუღელი და სხვები.

დღევანდელი "სამტრედიის" შემადგენლობაში, ალექსანდრე იაშვილისა და ზურაბ ხიზანიშვილის გარდა, კიდევ ერთი გამოცდილი და ტიტულიანი ფეხბურთელი ასპარეზობს: 34 წლის დავით კვირკველიას საქართველოს თასი სამჯერ აქვს მოგებული და სამივეჯერ თბილისის "დინამოსთან" ერთად (2003, 2004 და 2014 წლებში).

თუმცა, ამათ გარდა, "სამტრედიაში" სხვაც არაერთი ისეთი ფეხბურთელია, საქართველოს თასის ფინალში რომ უთამაშია. ასე მაგალითად, მეხუთე ფინალს უმიზნებს 32 წლის გრიგოლ დოლიძე, რომელმაც ორჯერ "ამერთან" ერთად მოიგო ეს ტიტული, ორჯერ კი ფინალში დამარცხდა.

ასევე მეხუთე ფინალი იქნება 29 წლის დენის დობროვოლსკისთვის, რომელსაც ასევე "ამერთან" ერთად ორჯერ მოუგია თასი.

30 წლის გიორგი დათუნაიშვილს თავის დროზე ფინალში გამარჯვების გოლიც აქვს გატანილი: 2010 წელს, როცა "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა და მეტოქე კი თბილისის "დინამო" იყო. ამას გარდა, დათუნაიშვილმა კიდევ ორჯერ იასპარეზა ფინალში, ოღონდ ორივეჯერ დამარცხდა (2011 - "ტორპედო", 2014 - "ჩიხურა");

ორჯერ სხვადასხვა გუნდში აქვს საქართველოს თასი მოგებული 28 წლის გიგა ბეჭვაიას (2010 წელი - "ვიტ ჯორჯია", 2012 - "დილა"), პლუს ამას, შარშანაც ითამაშა ფინალში "ჩიხურას" მაისურით.

თბილისის "დინამოს " შემადგენლობაში ერთხელ მოიგო თასი, ერთხელ კი ფინალისტობას დასჯერდა ლევან კაკუბავა; ასევე "დინამოს" შემადგენლობაში აქვს თასი მოგებული თორნიკე გორგიაშვილს, ხოლო 2012 წელს "ზესტაფონის" რიგებში რომ გამოდიოდა, ფინალისტობას დასჯერდა.

ასევე "ზესტაფონის" შემადგენლობაში ითამაშა ის მართლაც ავადგასახსენებელი 2012 წლის ფინალი ლევან შარიქაძემ, რომელმაც, სამაგიეროდ, 2011 წელს "გაგრასთან" ერთად იზეიმა თასის მოგება. იმდროინდელ "გაგრაში" შარიქაძესთან ერთად გიორგი გაბედავაც გამოდიოდა, რომელმაც თავისი მეორე ფინალი შარშან "ჩიხურას" შემადგენლობაში ითამაშა.

სამწუხაროდ, ტრავმირებულია "სამტრედიის" კიდევ ერთი "ცნობადი სახე, 26 წლის უნივერსალი მცველი გულვერდ თომაშვილი, რომელმაც თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 2009 წელს საქართველოს თასი მოიგო, 2010 წელს კი - ფინალში დამარცხდა.

"სამტრედიას" საქართველოს თასის კიდევ ერთი ტრიუმფატორი ჰყავს: 29 წლის შემტევმა სანდრო გურულმა 2012 წელს "დილას" შემადგენლობაში მოიპოვა ეს ტიტული.

მოკლედ, მართლაც უცნაური "სურათია": აქეთ - ტიტულიანი გუნდის უტიტულო ფეხბურთელების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, იქით - უტიტულო გუნდის ტიტულიანი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა!

გამორჩეული ფაქტები, რეკორდები...
გუნდები. საქართველოს თასის ფინალში აქამდე თექვსმეტ გუნდს უასპარეზია და "სამტრედია" მეჩვიდმეტე იქნება. აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის "დინამოა": 13 ფინალი და 11 ტიტული!

დანარჩენი გუნდების მაჩვენებელი ასეთია: ქუთაისის "ტორპედო" - 6 ფინალი (2 გამარჯვება), ბათუმის "დინამო" - 5 (1), "ზესტაფონი" - 5 (1), "ლოკომოტივი" - 4 (3), "ამერი" - 3 (2), "ცხუმი" - 2 (0), "ჩიხურა" - 2 (0), "გურია" - 1 (0), "გაგრა"- 1 (1), გორის"დილა" - 1 (1), რუსთავის "მეტალურგი"("გორდა") - 1 (0), "ოლიმპი" - 1 (0), "სამგურალი" - 1 (0), "სიონი" - 1 (0), "ვიტ ჯორჯია" - 1 (0).

თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" თასის ფინალში ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ, "ტორპედო"-"ლოკომოტივი" და "ამერი"-"ზესტაფონი" კი - სამ-სამჯერ.

მწვრთნელები. თასის გათამაშების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენი დავით ყიფიანია, რომელსაც ოთხჯერ აქვს ფინალი მოგებული (სამჯერ თბილისის "დინამოსთან", ერთხელაც - "ტორპედოსთან" ერთად).

მართლაც უნიკალური შედეგით შეუძლია იამაყოს რევაზ ძოძუაშვილმა, რომელმაც საქართველოს თასი სამ სხვადასხვა გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ლოკომოტივი") მოიგო.

ორ-ორჯერ აქვთ მოგებული საქართველოს თასი გივი ნოდიას (თბილისის "დინამო") და გიორგი ჩიხრაძეს ("ამერი"), თითო-თითოჯერ - გიგლა იმნაძეს ("გურია"), შოთა ჭეიშვილს (ბათუმის "დინამო"), ჯემალ ხერხაძეს ("ტორპედო"), სერგო კოტრიკაძისა და გია ჯიშკარიანის "ტანდემს" ("ლოკომოტივი"), გია გეგუჩაძეს (თბილისის "დინამო"), ნოდარ აკობიას ("ლოკომოტივი"), თემურ მახარაძეს ("ზესტაფონი"), კახა კაჭარავას (თბილისის "დინამო"), გელა გომელაურს ("ვიტ ჯორჯია"), თემურ შალამბერიძეს ("დილა"), მალხაზ ჟვანიას (თბილისის "დინამო") და სამ ლეგიონერ მწვრთნელს - ანატოლი პისკოვეცს ("გაგრა"), ივო შუშაკსა და დუშან უჰრინ-უმცროსს (ორივე - თბილისის "დინამო").

ფეხბურთელები. აი, ამ კატეგორიაში კი დიდი უპირატესობით ლიდერობს ირაკლი ზოიძე - თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მეკარემ 9 ფინალი ითამაშა და შვიდჯერ გაიმარჯვა!

არაკლებ შთამბეჭდავია სხვა რეკორდსმენთა მაჩვენებლებიც: გივი დიდავა - 8 ფინალი (5 გამარჯვება), ზურაბ იონანიძე - 8 (3), სევასტი თოდუა - 8 (2).

არც თენგიზ ჩიკვილაძის მიღწევა უნდა დაგვავიწყდეს, რომელსაც 6 ფინალი აქვს ნათამაშები... 5 სხვადასხვა გუნდის (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ზესტაფონი", "ოლიმპი", "ამერი") შემადგენლობაში და ორჯერ გაუმარჯვია.

გოლები, ანგარიშები, ბომბარდირები, არბიტრები...
ყველაზე უხვგოლიანი და, ალბათ, ყველაზე გამორჩეული ფინალი 1992 წლის 26 მაისს ჩატარდა, როცა თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" 4:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მეტოქის კარში ოთხივე გოლი ძმებმა არველაძეებმა გაიტანეს: რეზომ "დუბლი" შეასრულა, შოთამ და აჩიკომ კი თითო-თითო შეაგდეს.

სხვათა შორის, რეზო არველაძის იმდროინდელი შედეგი დღემდე მიუწვდომელია: არც მანამდე და არც მერე საქართველოს თასის ფინალში "დუბლი" არავის შეუსრულებია!

არანაკლებ უცნაურია ის ფაქტიც, რომ საქართველოს თასის 26-წლიან ისტორიაში ფინალში გატანილი გოლების მიხედვით საუკეთესო ბომბარდირის, სულიკო დავითაშვილის შედეგს (3 გოლი) ჯერჯერობით ვერავინ აუმჯობესებს. ისიც საინტერესოა, რომ დავითაშვილმა ეს სამი გოლი სამი სხვადასხვა გუნდის ("ლოკომოტივი", "ამერი", "ტორპედო") მაისურით გაიტანა.

რაც შეეხება თასის ერთ გათამაშებაში საუკეთესო შედეგს, დღემდე მოუხსნელია 1990 წელს დამყარებული რეკორდი: ბუბა ტყავაძემ მეტოქეთა კარში 18 გოლი გაიტანა.

სევასტი თოდუას 6 ფინალი აქვს წაგებული და აქედან ერთ-ერთში (2011 წელს) მატჩის ბედი სწორედ მისმა "ავტოგოლმა" გადაწყვიტა - არც მანამდე და არც მერე ფინალში საკუთარ კარში გოლი არავის გაუტანია.

საქართველოს თასის ისტორიაში მხოლოდ ექვსჯერ მოხდა, როცა ფინალურ მატჩში ფეხბურთელი გააძევეს: ზვიად ჯელაძე, გურამ კაშია, უსტარიცი, გიორგი რეხვიაშვილი (ყველა - "დინამო", თბ), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა დვალი (ორივე - "ზესტაფონი").

არბიტრებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენი სერგო კვარაცხელიაა, რომელმაც 6 ფინალური მატჩი იმსაჯა! სამ-სამჯერ იმსაჯეს ფინალი მერაბ მალაღურაძემ და ლაშა სილაგავამ, ორ-ორჯერ - თამაზ ლაცაბიძემ, ლევან ფანიაშვილმა და ლევან კვარაცხელიამ, თითო-თითოჯერ - მალხაზ კობიაშვილმა, ოთარ გუნთაძემ, კახა მესხმა, გიორგი ვადაჭკორიამ და თორნიკე გვანცელაძემ.

2007 წლის თასის ფინალს კი თურქი მსაჯები უძღვებოდნენ, შემდგომში ცნობილი არბიტრის, ჯიუნეთ ჩაქირის "თავკაცობით". სხვათა შორის, 6 ივნისს, "ბარსელონა"-"იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ ჩაქირმა უნდა იმსაჯოს...

ურთიერთშეხვედრები თასზე
1994/95. 1/4-ფინალი
სამტრედია-დინამო 2:0
გოლები: გოგიაშვილი, ზ. ჯანაშია

დინამო-სამტრედია 5:1
გოლები: ქინქლაძე, ა. იაშვილი, ანჩაბაძე, კიკნაძე, ყაველაშვილი - დ. ჯანაშია

1995/96. 1/2-ფინალი
სამტრედია-დინამო 1:1
გოლები: ფანჩულიძე - ანჩაბაძე

დინამო-სამტრედია 3:0
გოლები: კიკნაძე, გოგიჩაიშვილი, დემეტრაძე

1997/98. 1/4-ფინალი
იბერია (სამტრედია)-დინამო 1:0
გოლი: ჩომახიძე

დინამო-იბერია (სამტრედია) 8:0
გოლები: აშვეთია (4), ხომერიკი (3), ბურდული

გზა ფინალამდე
დინამო
1/8-ფინალი
შუქურა-დინამო 1:1
გოლები: მეტრეველი - ჩირგაძე

დინამო-შუქურა 3:1
გოლები: ჩირგაძე, პარუნაშვილი, ს. ლობჟანიძე - ხოჭოლავა

1/4-ფინალი
დილა-დინამო 0:0

დინამო-დილა 1:0
გოლი: კაკაბაძე

1/2-ფინალი
დინამო-ცხინვალი 2:0
გოლები: ცინცაძე, ვოლკოვი

ცხინვალი-დინამო 1:0
გოლი: ივანიშვილი

სამტრედია
1/16-ფინალი
სამტრედია-ბეთლემი 3:0
გოლები: დოლიძე, გაბედავა, ქანთარია

ბეთლემი-სამტრედია 1:4
გოლები: გორჯელაძე - ქანთარია (2), ი. კერძევაძე, შ. კერძევაძე

1/8-ფინალი
დინამო(ბთ)-სამტრედია 4:1
გოლები: ბერიაშვილი (2), ტატანაშვილი, შონია - შ. კერძევაძე

სამტრედია-დინამო(ბთ) 3:0
გოლები: ბეჭვაია, კვირკველია, დათუნაიშვილი

1/4-ფინალი
სამტრედია-ტორპედო 2:1
გოლები: კაპანაძე (2) - ტუღუში

ტორპედო-სამტრედია 0:0

1/2-ფინალი
ჩიხურა-სამტრედია 0:1
გოლი: თევზაძე

სამტრედია-ჩიხურა 3:0
გოლები: ა. იაშვილი, გორგიაშვილი, კაპანაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც ვერ გავერკვიე, თუ თასი დინამომ მოიგო სამტრედია ვერ გავა ევროპაზე ხო? მაგრამ სამტრედიამ თუ მოიგო ორივე გავა? ანუ ქართულ ფეხბურთს აწყობს რო სამტრედიამ მოიგოს თასი რო მეტი გუნდი გვყავდეს ევროტურნირებზე ასე გამოდის.
0

სიახლეები პოპულარული