საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: იმერული დერბი და რევანშის წყურვილი

AutoSharing Option
დღეს, 28 აპრილს, საქართველოს თასის გათამაშების საპასუხო ნახევარფინალებია.

ქართულ საფეხბურთო თემში ბევრი მიიჩნევს, რომ ამ ორ ჯახში ბევრი რამ ჯერ კიდევ პირველ შეხვედრებში გაირკვა, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ. სათასო მარულას მოულოდნელობები მუდამ თან ახლავს და წყვილის ფავორიტებს, "სამტრედიასა" და თბილისის "დინამოს", თავი ქუდში ვერ ექნებათ.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "სამტრედია" პირველივე სეზონში ტიტულზეა დაგეშილი. პირველ ნახევარფინალში საჩხერეში მოპოვებულმა გამარჯვებამ ზაზა ზამთარაძის გუნდის შანსები გაზარდა, თუმცა, სადაც "ჩიხურა" და სოსო ფრუიძეა, იქ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

მოკლედ, "ეროსი მანჯგალაძეზე" ანშლაგს უნდა ველოდეთ. მატჩის მნიშვნელობიდან
გამომდინარე, ვფიქრობთ, ორივე გუნდის ფანკლუბი გამორჩევით იაქტიურებს.

რევანშისთვისაა დაგეშილი თბილისის "დინამოც". პირველ სათასო ნახევარფინალში კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა 2:0 კი მოუგო "ცხინვალს", მაგრამ მერე იყო ჩემპიონატის მატჩი, სადაც ოდინდელმა დამრიგებელმა კახა კაჭარავამ, ვინძლო, სატიტულო ქულები დააკარგვინა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს. ის თამაში "ცხინვალმა" 4:1 მოიგო და რა გასაკვირია, რომ სათავისო ანგარიშის შენარჩუნების პარალელურად, "დინამო" იმ 1:4-ის გამო რევანშისთვის იყოს მომართული.

მოდი, ვთქვათ, რომ პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, წყვილის უდავო ფავორიტი მაინც კახა გოგიჩაიშვილის გუნდია. 2:0-საც რომ დავანებოთ თავი, საერთო ვითარებაცაა გასათვალისწინებელი. "დინამოსთვის" ხომ მართლაც ტრაგედია იქნება უტიტულოდ დარჩენა.

თბილისური კლუბის ჩემპიონობას დიდი კითხვის ნიშანი რომ უზის, ფაქტია. ამიტომ გოგიჩაიშვილის შეგირდებს დღევანდელ საპასუხო ნახევარფინალზე სრული კონცენტრაცია მართებთ.

დაბოლოს - საქართველოს თასის მრავალგზის მფლობელს დისკვალიფიკაციის გამო მცველი გიორგი გველესიანი დააკლდება.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
28.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 16:00
სამტრედია-ჩიხურა
პირველი მატჩი 1:0

28.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათად). 16:00
ცხინვალი-დინამო თბ
პირველი მატჩი 0:2
დისკვალიფიკაცია: გიორგი გველესიანი (დინამო თბ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული