ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]

AutoSharing Option
"ცხინვალი" საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალშია და იმთავითვე უნდა ითქვას, რომ კახა კაჭარავას გუნდის წარმატება აბსოლუტურად კანონზომიერია. პირველი, ვაკეში წაგებული მატჩისგან განსხვავებით, სტუმარი მასპინძელს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯობდა, რაც შეხვედრის საბოლოო ანგარიშშიც აისახა.

სანამ მატჩის პერიპეტიებს აღვწერდეთ, ვთქვათ, რომ შეხვედრას დაესწრო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე. თუ 21-წლამდელთა ცხინვალელმა კანდიდატებმა კარგად ითამაშეს, იმავეს ვერ ვიტყვით "ვეტერინართა" ჯეელებზე...

აქვე შევნიშნოთ, რომ "ცხინვალს" სხვადასხვა მიზეზის გამო (ტრავმები, გრიპის ვირუსი) ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი აკლდა - გიორგი ივანიშვილი, ბაჩანა არაბული, ნიკა კაჭარავა და
სოსლან ნანიევი.

რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", ზურაბ ბერიძის გუნდმა დისკვალიფიცირებული საყრდენი ვალიკო გახარია მოისაკლისა. სწორედ ამიტომ იყო, მასპინძლებს მოედნის ცენტრში ძალიან აკლდათ მისი აგრესიულობა, ბრძოლის ჟინი და შემართება.

ახლავე უნდა დავწეროთ, რომ ეს ალბათ იყო "ცხინვალის" არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს იშვიათად გვახსენდება, ერთ გუნდს ასე სოლიდურად დაეჯაბნოს მეორე. თანაც, პირველი თამაშის შედეგი ხომ ინტრიგის არსებობას ბოლომდე გვპირდებოდა...

არაფერი ამის მსგავსი - "ცხინვალს" მეტოქის კართან შექმნილი მომენტებიდან ნახევარზე მეტი რომ გამოეყენებინა, ანგარიშში სხვაობა მართლაც კატასტროფული იქნებოდა. ახლა კაჭარავას გუნდი "ორი ფრონტიდან" ეცდება ევროსაგზურის მოპოვებას, "ვიტ ჯორჯია" კი პატარა სასწაულის იმედადაა - მას უმაღლეს ლიგაში დარჩენა სურს...

"ცხინვალმა" თავიდანვე სწრაფ გოლზე გააკეთა აქცენტი, თუმცა პირველი შანსი მაინც "ვიტ ჯორჯიასი" იყო - ლუკა თათხაშვილმა ფლანგიდან გაამწვავა სიტუაცია და მასპინძელთა ეული ფორვარდი, ლევან კუხალეიშვილი დატოვა ხელსაყრელ სიტუაციაში, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი გიორგი ნადირაძის კარს ასცდა.

სულ მალე ცხინვალელთა გამოკვეთილმა თავდამსხმელმა ლაშა შინდაგორიძემ აართვა ბურთი გიორგი გეთიაშვილს და გასატანად "შეუცურა" საჯარიმოში ბიძინა მახარობლიძეს, რომელმაც დარტყმა წამით დააგვიანა.

22-ე წუთზე ზეაქტიური "ცხინვალი" მაინც დაწინაურდა. ვიტელთა საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით კარგად ისარგებლა რატი ცაცკრიალაშვილმა. პირველ ჯერზე მისი დარტყმა მცველებმა "დაბლოკეს", მეორედ კი სტუმართა გამთამაშებელმა უკვე საგოლედ მოიქნია.

ცხადი იყო, სტუმრებს პირველივე ტაიმში ეწადათ ორი მატჩის ჯამში გადამწყვეტი უპირატესობის მომპოვებელი გოლის გატანა.

მახარობლიძემ, გუშინ კარიერის საუკეთესო მატჩი რომ ჩაატარა, ერთხელაც გაინავარდა ცხინვალელთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე, თუმცა ოთხი მეტოქის მოტყუების შემდეგ დარტყმას სიზუსტე დააკლო.

"ცხინვალმა" გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა. უნდა აღინიშნოს კაჭარავას შეგირდთა შესანიშნავი ფიზიკური მომზადება, რის ხარჯზეც (ბურთის შესაშურ კონტროლთან ერთად) ისინი მინდვრის ყველა მონაკვეთზე დომინირებდნენ.

47-ე წუთზე შინდაგორიძეს ჯონი შეროზიამ არ გაატანინა. ამის შემდეგ დადგა ხუთწუთიანი მონაკვეთი, როცა მატჩისა და, საერთოდაც, ორრაუნდიანი ჯახის ბედი გადაწყდა. 51-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძის შესანიშნავ გადაცემას მახარობლიძე გამოეხმაურა და - 0:2. ოთხ წუთში კი ცაცკრიალაშვილმა იმავე მახარობლიძის პასი შეირგო და ცხინვალელთა უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ 63-ე წუთზე კაჭარავას გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი თორნიკე თარხნიშვილი გამოჩნდა. მან ტრავმირებული ნიკოლოზ ჯიშკარიანი შეცვალა, ვინც კოჭი იტკინა. თორნიკე "ცხინვალს" ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. ის ქართულ კლუბს ლატვიის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულის ("ვენტსპილსთან" ერთად) რანგში შეუერთდა.

ყოფილ გუნდში დაბრუნებულ თარხნიშვილს ჯერაც ადაპტაციის პერიოდი უდგას, თუმცა მისი კლასი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ "ცხინვალს" რომ გამოადგება, ეს ეჭვგარეშეა.

71-ე წუთზე სტუმარმა ისეთი გოლი გაიტანა, ნებისმიერ ჩემპიონატში მოასპარეზე ნებისმიერი გუნდი რომ მოაწერდა ხელს - ლექვთაძემ ძალიან შორიდან გადაუგდო ბურთი თავზე მეკარე შეროზიას. როგორც წესი, ასეთი გოლები მეკარეთა შეცდომის შედეგია, თუმცა დარტყმაც ოსტატური იყო და სანახაობა ხომ საერთოდ...

ამის შემდეგ "ვეტერინარებმა" ზურგი მოიშიშვლეს და "ცხინვალმა" არაერთი საგოლე შანსი გაატანა ქარს. სამაგიეროდ, მასპინძელმა შეაგდო პრესტიჟისა - თერთმეტმეტრიანი გოლად ირაკლი ღიბრაძემ გარდასახა.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
09.03. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 200 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4
გოლები: 0:1 ცაცკრიალაშვილი (22), 0:2 მახარობლიძე (51. ლეკვთაძის პასით), 0:3 ცაცკრიალაშვილი (55. მახარობლიძის პასით), 0:4 ლექვთაძე (70), 1:4 ღიბრაძე (81-პენ)
ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - კალანდია (60. ხვისტანი), გეთიაშვილი, ჩიტიშვილი, დანელია - საბაძე, დავლაშელიძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი (46. მაისურაძე), თათხაშვილი - კუხალეიშვილი.
სათადარიგოები: ისერგიშვილი, წენგუაშვილი, დემეტრაშვილი, კახაბრიშვილი
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
ცხინვალი (4-4-1-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, ჯიშკარიანი (63. თარხნიშვილი) - მახარობლიძე, ქარდავა, იმედაშვილი, ლეკვთაძე - ცაცკრიალაშვილი (76. ბურძენაძე) - შინდაგორიძე (88. გელაშვილი).
სათადარიგოები: ბენდიანიშვილი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: დანელია (23), იმედაშვილი (30)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია რომ სპარტაკს გულშემატკივრობთ......ოგონდ სპარტაკი აღარ ფქვია უკვე...ცხინვალის ცხინვალი საქართველო.
giorgi 777 -s
15:46 10-03-2015
0
მივესალმები სპარტაკის წარმატებებს.....წარმატებები ცხინვალს....
gogi
15:31 10-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული