მეტალურგი-ჩიხურა 0:0 - უფავორიტო ლოგიკა

AutoSharing Option
თასის პირველი მეოთხედფინალების წინათქმაში ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ამ ეტაპის წილისყრის შემდეგ ყველაზე თანაბარი წყვილი სწორედ "მეტალურგი"-"ჩიხურა" უნდა ყოფილიყო, თუმცა, მერე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და სეზონის განახლებას "ჩიხურა" თუ საგრძნობლად გაძლიერებული და მშვენიერ შეკრებაგამოვლილი შეხვდა, "მეტალურგის" ისედაც სავალალო ფინანსური მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა.

მოკლედ, 18 თებერვალს გამართული "სუსხიანი" მატჩის წინ ყველა წინაპირობა იყო იმისთვის შექმნილი, რომ არა მხოლოდ ორი შეხვედრის ჯამში, არამედ უშუალოდ გუშინდელ პაექრობაშიც უპირობო ფავორიტად საჩხერელთა გუნდი მიგვეჩნია. თუმცა უფულო, შეკრებაგაუვლელმა და "გზადაგზა დაშლილმა" მასპინძელთა გუნდმა (სათასო მატჩის
წინა დღეებში ძირითადის კიდევ ორმა ფეხბურთელმა, გიორგი ვასაძემ და ირაკლი სიხარულიძემ რომ დატოვა) ამ სეზონში მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა და ფავორიტ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო.

რა თქმა უნდა, წინ საპასუხო მატჩია და "ჩიხურა", ალბათ, საკუთარ მოედანზე შეეცდება ფავორიტის სტატუსის გამართლებას, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ თასის გათამაშებას სიურპრიზები მუდამ თან "სდევს" და, აქედან გამომდინარე, დღესდღეობით უკვე უადგილოც იქნება 9 მარტის მატჩის პროგნოზებზე მსჯელობა.

...მასპინძელთა თავკაცს, ვარლამ კილასონიას შემადგენლობის შერჩევის ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონია: "მეტალურგში" ორიოდე დღის წინ მისული ტანმაღალი ცენტრფორვარდი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "თბილისის" ყოფილი თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე ეგრევე ძირითადში ვიხილეთ, სათადარიგოთა სკამზე მჯდომი 7 ფეხბურთელიდან ექვსი დუბლებიდან დაწინაურებული 18 წლის ბიჭი იყო!

რამდენიმე სიახლე იყო "ჩიხურას" შემადგენლობაშიც: ძირითადში გამოჩნდნენ უკრაინელი ლეგიონერებიც და ასევე უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებული გიული მანჯგალაძე, ისე, როგორც საჩხერელთა კიდევ ერთი ახალწვეული გიორგი განუგრავა. სწორედ განუგრავა გახლდათ პირველ ტაიმში სტუმართა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური: "ჩიხურას" საყრდენი ნახევარმცველი რამდენჯერმე დაემუქრა მასპინძელთა კარს.

პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი კი დენის დობროვოლსკის შორეულ დარტყმას მოჰყვა; მერე კი, უკვე ამინდს შეჰქონდა კორექტივები თამაშში და ორ შემთხვევაში მასპინძელთა კარში, ცოტაც და, კურიოზულ გოლ(ებ)საც ვიხილავდით. არც მასპინძლები ყოფილან "ყრუ დაცვაში" ჩამჯდარი და შესვენებამდე ყველაზე აქტიურმა კონსტანტინე გაბაშვილმაც ორჯერ სახიფათოდ შეუტია: პირველ ეპიზოდში სტუმართა კაპიტანმა შოთა კაშიამ განმუხტა სიტუაცია, მეორე ჯერზე კი - მაქსიმე ქვილითაიამ.

აი, შესვენების მერე კი ტემპმა საგრძნობლად მოიმატა და ორივე გუნდის ფეხბურთელებმაც (მონდომება მანამდეც რომ არ დაეწუნებოდათ) "ფოლადის" სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან გულშემატკივარს მოწყენის საშუალება არ მისცეს. რაც მთავარია, სწორედ მეორე ტაიმში ვიხილეთ კიდეც რამდენიმე ისეთი მომენტი, ცოტაც და, გოლ(ებ)ი რომ უნდა მოჰყოლოდა.

ჯერ "ჩიხურამ" იაქტიურა, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილმა და როსტომ მიქაუტაძემ მასპინძლები გადაარჩინეს. საპასუხო შეტევაში კონსტანტინე გაბაშვილის პასით რევაზ ბარაბაძე ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ უშედეგოდ; ამას ბევრად უფრო რეალური მომენტი მოჰყვა, მაგრამ "მეტალურგის" ახალწვეულის, თორნიკე სტეფნიაშვილის საშუალო მანძილიდან დარტყმული ბურთი მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია.

ამასობაში, "მეტალურგი" ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და სწრაფ შეტევებსაც ახორციელებდა: ერთ ეპიზოდში გიორგი ჯოხაძემ კარგად გაუგრძელა ბურთი გიორგი კილასონიას, თუმცა "მეტალურგის" 18 წლის ნახევარმცველმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.

მერე იყო ის სტანდარტული, სტუმრები აშკარა ხიფათს რომ გადაურჩნენ: გიორგი ჯოხაძემ საჯარიმო დარტყმა ჩინებულად შეასრულა, მაგრამ არანაკლებ მშვენივრად ითამაშა მაქსიმე ქვილითაიამ.

ეს ეპიზოდი მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე მოხდა, რის შემდეგაც მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ (აი, მოუმზადებლობამ სად იჩინა თავი), მაშინ, როცა სწრაფი გარემარბების, გიორგი კორიფაძისა და ბესიკ დეკანოიძის (ხშირად რომ უცვლიდა ხოლმე ადგილს ცენტრფორვარდის პოზიციაზე ევგენი ტროიანოვსკის) აქტიურობით, "ჩიხურას" ზეწოლა დაიწყო მეტოქეზე.

ჰოდა, სწორედ კორიფაძეს შეეძლო, ამ საინტერესო მატჩის გმირიც გამხდარიყო, როცა შოთა კაშიას ლამის 50-მეტრიანი პასის მერე, ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ "მეტალურგი" ჯერ გრიგოლ ბედიაშვილმა გადაარჩინა, შემდეგ კი 19 წლის ახალწვეულმა ლუკა ნოზაძემ, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

საერთოდ კი, საბოლოო ანგარიში, ალბათ, მაინც სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა წინ ხომ საპასუხო მატჩია.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
18.02. რუსთავი. ფოლადი. 300 მაყურებელი
მეტალურგი-ჩიხურა 0:0
მეტალურგი (4-2-3-1): ბედიაშვილი - მიქაუტაძე, ლ. ნოზაძე, ნარიმანიძე, კ. ხიზანეიშვილი - გ. კილასონია (77. ლ. მაისურაძე), სარიშვილი - გაბაშვილი (54. გოცაძე), სტეფნიაშვილი (74. გუჯაბიძე), ჯოხაძე - ბარაბაძე.
სათადარიგოები: ნადირაძე, გულუა, ზ. გელაშვილი, მიქელაძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ჩიხურა: (4-2-3-1): ქვილითაია - თ. ღონღაძე, ლუბჩაკი, კაშია, ჩიკვაიძე - განუგრავა, დობროვოლსკი - კორიფაძე, მანჯგალაძე (69. ა. ივანიშვილი), დეკანოიძე - ტროიანოვსკი (76. მუმლაძე).
სათადარიგოები: ზარქუა, ლ. ჭელიძე, ბაჯელიძე, იაკობაშვილი, კაკაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: ლუბჩაკი (79), ნარიმანიძე (90)
არბიტრი: ჯ. ხორავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული