დილა-დინამო (თბ) 0:0 - სიმშრალე სველ მინდორზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დილა" და "დინამო" ქვეყნის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მიხედვით პრინციპული მეტოქეები არიან და თასის გათამაშებაშიც მათი პაექრობა, რასაკვირველია, უდიდეს ინტერესს იწვევდა. ზამთრის შესვენების, მოსამზადებელი შეკრებებისა და შემადგენლობების გადახალისების შემდეგ ამ წყვილის პირველივე დაპირისპირებამ, თამამად შეიძლება ითქვას, გაამართლა.

მატჩმა მეტად საინტერესოდ და უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა. პირველი ტაიმი არცთუ მაღალ ტემპში და ფრთხილ პაექრობაში მიდიოდა. კომბინაციების წამოწყებისას მეტოქენი მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლას არ ჩქარობდნენ, მოედნის ცენტრში ბურთს დინჯად ამუშავებდნენ. იყო პრესინგი და შეტევაზე მეტად, დაცვის ხაზის სიმყარეზე ზრუნვა.

მიუხედავად ამისა, საგოლე ეპიზოდები ორივე კართან
შეიქმნა. მე-7 წუთზე მანუელ ონვუს მიეცა ახლო მანძილიდან დარტყმის საშუალება, მაგრამ ეს უღონოდ გააკეთა და ბურთი ომარ მიგინეიშვილისთვის იოლ ლუკმად იქცა.

ცოტა ხანში უკვე ლიბორ ჰრდლიჩკამ აუღო ნიკა კვეკვესკირს, ხოლო ირაკლი მოდებაძის მიერ ოციოდ მეტრიდან დარტყმულმა ბურთმა "დინამოს" კარის "ცხრიანს" ჩაუქროლა.

აღსანიშნავია ორივე გუნდის განაპირა მცველთა აქტიურობა და შეტევებში ჩართვების სიხშირე. ერთ ეპიზოდში "დინამოს" მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ საკუთარ თავზეც აიღო იერიშის დასრულება და მიგინეიშვილს კინაღამ გაუტანა, დამატებაზე კი ონვუმ რაღაც სასწაულით ვერ შეძლო ანგარიშის გახსნა. "დილა" გადარჩა. აქვე დავძენთ, რომ სტუმართა ამ ლეგიონერს სახარბიელოდ არ უთამაშია და ამიტომაც იყო, მწვრთნელმა მეორე ტაიმის შუაწელში რომ შეცვალა.

ორივე გუნდი დიდი მონდომებით იბრძოდა ბურთზე კონტროლის მოსაპოვებლად, თუმცა შესამჩნევი უპირატესობა ვერავინ იგდო ხელთ. 36-ე წუთზე "დინამომ" დაკარგა ერთ-ერთი აქტიური მობურთალი საბა ლობჟანიძე, ვისაც კუნთი გაეჭიმა და მინდვრის დატოვება მოუწია.

ტაიმის მიწურულს "დინამომ" მცირე ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, "დილა" კი კონტრშეტევებით ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის პრობლემების შექმნას, რაც სტუმრებმა რამდენჯერმე ხისტი თამაშით აღკვეთეს...

თუმცა სიხისტე მეორე ტაიმში უნდა გენახათ! შესვენების შემდეგ ტემპი გაიზარდა. იერიშებში მეტადრე მასპინძლებს ვხედავდით, თამაში გაიშალა... "დილას" სიმწვავე შემატა გიორგი სეთურიძემაც. ერთ ეპიზოდში მას ლაშა ჯაფარიძის პასით შეეძლო ეხეირა, ცოტა ხანში კი უკვე თავად სეთურიძის ჩაწოდებულზე კართან ახლოს მყოფ კვეკვესკირს დააკლდა მცირედი გატანამდე...

მზარდ უხეშობას მსაჯმაც ადეკვატურად უპასუხა და ყვითელი ბარათები ააფრიალა. 71-ე წუთზე მიხაილ გორელიშვილმა მოედნის მოკლე მონაკვეთში ძალიან ეფექტურად ჩამოიტოვა ორი მოწინააღმდეგე მცველი და საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა, უკუგდებული ბურთი კი დავით ხურცილავამ ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს.

მალე ხელი "დინამომაც" გამოიღო. გამოსარჩევი იყო ლაშა პარუნაშვილის გარჯა, როცა მან გიორგი ჩირგაძესა და ჯაბა ჯიღაურს შეუქმნა სახეირო სიტუაციები, მაგრამ შედეგი არც ამას მოჰყოლია.

მატჩის მიწურულს ნულოვან ფრეს ისევ შეექმნა "საფრთხე" - გატანა შეეძლოთ მასპინძელ გორელიშვილს და სტუმარ ვაჟა ტაბატაძეს, თუმცა სველ მინდორზე ანგარიში ეგრეც ვერავინ "დაასველა".

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
18.02. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 2 000 მაყურებელი
დილა-დინამო (თბ) 0:0
დილა (4-1-4-1): მიგინეიშვილი - ხურცილავა, ბაგაევი, კვახაძე, ჯაფარიძე - ფალავანდიშვილი - კვეკვესკირი (83. ჭეჭელაშვილი), გვალია (87. ერისთავი), თექთურმანიძე (46. სეთურიძე), გორელიშვილი - მოდებაძე.
სათადარიგოები: სომხიშვილი, სამხარაძე, ქარქუზაშვილი, ახალკაცი.
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, ჭანტურია, ფერეირა, თოთაძე - ცინცაძე, ბუკორაცი - პარუნაშვილი (76. ტაბატაძე), ლობჟანიძე (36. ჭანტურიშვილი), ჯიღაური - ონვუ (66. ჩირგაძე).
სათადარიგოები: დაუშვილი, გველესიანი, შერგელაშვილი, მიქელთაძე.
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: ჯიღაური (37), პარუნაშვილი (40), მოდებაძე (47), მიგინეიშვილი (65), თოთაძე (65), ბუკორაცი (77), ფალავანდიშვილი (82)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

მატჩის შემდეგ
კახა გოგიჩაიშვილი (დინამო):
"დინამოსა" და "დილას" შორის მატჩები მუდამ დაძაბულობით გამოირჩევა და დღესაც ასე მოხდა. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა ნორმალურად იასპარეზა, ანგარიშიც ამ ეტაპზე მისაღებია. ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. "დილა" კარგი გუნდია და გულშემატკივარი თბილისშიც, ალბათ, კარგ თამაშს იხილავს".

უჩა სოსიაშვილი (დილა): "პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე უკეთ გამოიყურებოდა. მათ გატანაც შეეძლოთ, თუმცა გადავრჩით. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში უკვე ჩვენ ვიპოვეთ საკუთარი თამაში. მეტოქე შევავიწროვეთ, საგოლე მომენტებიც შევქმენით, თუმცა ვერ ვიხეირეთ. იმედი მაქვს, საპასუხო შეხვედრაში საჩვენო შედეგი დაფიქსირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული