"კოლხეთის" ბრაზილიელი ახალწვეული პროფესიონალი მომღერალია [VIDEO]

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" თბილისის "დინამოსთან" განმეორებითი სათასო შეხვედრისთვის ემზადება. გუნდმა განაცხადში უკვე შეიყვანა ბრაზილიელი ვიტორ როსინი და კუნია.

სამხრეთამერიკელი საქართველოში "ზესტაფონის" მიწვევით ჩამოვიდა და ცხინვალის "სპარტაკთან" საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა - ფოთში ამის შემდეგ აღმოჩნდა. "კოლხეთში" კი როსინი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა: ფოთელებმა საკონტროლო შეხვედრაში მარტვილის "მერანი" 1:0 რომ დაამარცხეს, ბრაზილიელმა საგოლე გადაცემა გააკეთა.

მან ერევნის "არარატთან" სპარინგშიც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის ხელმძღვანელებმა მისი დატოვება გადაწყვიტეს.

როსინი 1988 წელს დაიბადა, სიმაღლით 190 სანტიმეტრია და ამპლუით შემტევი ნახევარმცველია,
რომელსაც ჩაშლაც ეხერხება. თამაშობდა "გუარანის" და "კორინთიანსის" ახალგაზრდულ გუნდებში, პროფესიულ კლუბებში - "ვილა ნოვაში", "აუდაქსში", "ბოის სპორტში", "გუარანაში".

24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის იმედი აქვს "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელს სოსო ფილიას:

"საკონტრაქტო პირობებზე შევთანხმდით და როსინი "კოლხეთში" ითამაშებს. იმიტომ დავიტოვეთ, რადგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის უკვე განაცხადში შევიყვანეთ და ხვალ თბილისის "დინამოსთან" სათასო შეხვედრაში დაგვეხმარება.

სხვათა შორის, მისი ტრანსფერი ბრაზილიიდან პირველი მატჩის დღეს დილით 11 საათზე ჩამოგვივიდა, მაგრამ შეხვედრა 2 საათზე იყო და ამის გამო ვეღარ ვათამაშეთ.

ვიცოდით, რომ შარშან ზაფხულში დაშავდა და მას შემდეგ უთამაშებელია, მაგრამ საკონტროლო შეხვედრებსა და ვარჯიშებზე საკმაოდ მომეწონა. დაახლოებით, 2 კვირა მაინც ესაჭიროება, რომ ფორმაში შევიდეს, რის საშუალებასაც ჩვენ აუცილებლად მივცემთ - მას დიდი პოტენციალი ეტყობა.

ფეხბურთელი მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობით არ უნდა შეაფასო, მისი მომავალიც უნდა დაინახო. მიმამჩნია, რომ ის ნაღდი ბრაზილიელია, ძალიან ტექნიკური, მოედანს მშვენივრად ხედავს. შეკრებაზე კარგი პასებითა და მეორე "სართულზე" ორთაბრძოლების მოგებითაც დაგვამახსოვრა.

მოკლედ, ეს ყველაფერი რომ დავინახე, მისი დარჩენა მოვითხოვე, რადგან მგონია, რომ გუნდს წაადგება. კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, მაგრამ თანამშრომლობა შემდგომშიც გვსურს. თუ უცხოეთში არაფერი მოძებნა, მაშინ კვლავ ჩვენთან ითამაშებს.

საქმე ისაა, რომ ტრავმამდე მისით გერმანული კლუბები ინტერესდებოდნენ და უფრო ხანგრძლივ კონტრაქტზე თავი ამიტომ შეიკავა - მას ახლა დააკვირდებიან, მოლაპარაკება ისევ განუახლებია. მე კი იმედი მაქვს, რომ როსინი ჩვენთან მინიმუმ ერთი წელი ითამაშებს და "კოლხეთის" აღორძინების მონაწილე გახდება",
- ამბობს ფილია.

ფეხბურთელის მენეჯერმა, დავით ქარაულმა გვითხრა, რომ როსინის "კოლხეთან" ხანმოკლე ხელშეკრულება აწყობდა:

"ბრაზილიელმა კარგად იცის, რომ ჯერ საუკეთესო ფორმაში არ არის, თავის კიდევ უკეთ გამოჩენას იმედოვნებს და ნახევარწლიანი კონტრაქტი მისთვისაც აჯობებდა.

თუმცა, არ დავმალავ, რომ მისით მართლაც არის დაინტერესებული ერთ-ერთი გერმანული კლუბი, კონტრაქტს სთავაზობდა რიგის "სკონტოც", მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში დარჩენა ამჯობინა".


სხვათაშორის, საინტერესო დეტალია: კოლხების ახალწვეული ვიტორ როსინი პროფესიონალი მომღერალიც გახლავთ და "იუთუბიზეა" მისი საკმაოდ ბევრი სიმღერაა განთავსებული.

VideoSportall.Ge
კოლხეთის ბრაზილიელი ახალწვეული პროფესიონალი მომღერალია


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს თასი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩების წინათქმა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯეოსტარში მიიგოს მონაწილეობა,,,,,)))))
musha
00:45 03-03-2013
0

სიახლეები პოპულარული