სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!

AutoSharing Option
ფოტოზე: შევარდენი 1906
ესეც ასე - ორდღიანი ბატალიებით უკვე გამოვლინდა ის 8 გუნდი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში რომ იასპარეზებს.

ვიდრე მერვედფინალურ მატჩებზე ვისაუბრებდეთ, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს თასის გათამაშების 27-წლიან ისტორიაში პირველად მხოლოდ წლეულს მოხდა, როცა მეოთხედფინალურ სტადიაზე რანგით მესამე ლიგის ...3 (სამი!) გუნდი გავიდა: "იმერეთი" (ხონი), "შევარდენი 1906" (თბილისი) და "ნორჩი დინამო" (თბილისი).

ერთი წარმომადგენელი იქნება რანგით მეორე ლიგიდან ("რუსთავი"), ხოლო ეროვნული ლიგა მეოთხედფინალში მხოლოდ 4 გუნდით იქნება წარმოდგენილი: თბილისის "დინამო", "დილა", "ჩიხურა" და "ტორპედო"...

...საერთოდ, სათასო
პაექრობების დროს (თანაც, ნებისმიერ სტადიაზე) მოულოდნელი შედეგები (გნებავთ - სენსაციები) მართლაც ჩვეულებრივი ამბავია და მსგავსი მაგალითიც უამრავი ყოფილა, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე - საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში.

ანუ ხშირად მომხდარა, როცა რანგით დაბალი ლიგის გუნდს, თასის ამა თუ იმ ეტაპზე, თავისზე მაღალი რანგის გუნდისათვის უჯობნია; საქართველოს თასის გათამაშებაში ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა რანგით მეორე ლიგის გუნდი ფინალშიც გასულა და მერე სულაც თასის მფლობელიც გამხდარა: 2010/11 წლების გათამაშება ხომ იმდროინდელი პირველლიგელი "გაგრას" სათასო ტრიუმფით დასრულდა!

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველოს თასის წლევანდელ გათამაშებაში რანგით მესამე ლიგის ერთდროულად 3 წარმომადგენელი გავიდოდა!

არადა, საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევები, როცა მესამე ლიგის გუნდები ...მერვედფინალამდე აღწევდნენ.

სხვათა შორის, საქართველოს თასის სულ პირველ გათამაშებაში (1990 წელს) მოხდა, როცა რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე ორმა დედაქალაქურმა გუნდმა, "მართვემ" და "მრეტებმა" წარმატებით გაიარეს ოთხი წინასწარი ეტაპი, მერე 1/16-ფინალშიც იყოჩაღეს და მხოლოდ მერვედფინალში დამარცხდნენ.

ეს ისტორია შემთხვევით არ გვიხსენებია: 16-17 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული "მართვე" (ყველაზე უფროსი იმ დროისთვის 21 წლის რევაზ არველაძე გახლდათ) თბილისის "იბერიასთან" (იმდროინდელ "დინამოსთან") დამარცხდა ორი მატჩის ჯამში, "მრეტებმა" კი მართლაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ გუნდს, რუსთავის "გორდას" - პირველი მატჩი სულაც მოუგეს (3:1), მაგრამ საპასუხო შეხვედრაში ძმების, ტარიელ და ავთანდილ კაპანაძეების გოლებით "გორდამ" 2:0 იმარჯვა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა
მეოთხედფინალში.

"მრეტებში" გიორგი ქინქლაძე თამაშობდა, "მართვეში" კი - შოთა და არჩილ არველაძეები - იმ დროისთვის 17 წლის ბიჭებს "კოჭებშივე" ეტყობოდათ, მომავალში დიდი ფეხბურთი რომ უნდა ეთამაშათ...

...წლევანდელ გათამაშებამდე მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, როცა რანგით მესამე ლიგის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა: 1991/92 წლების სეზონში, ბოლნისის "სიონმა" დიდი ბრძოლა გაუმართა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის "ოდიშს" (0:2, 2:0) და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა.

აი, ახლა კი ერთდროულად სამი გუნდია მესამე ლიგიდან და ამათგან ორისთვის კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია! ანუ აქამდე არც ხონის "იმერეთს" უთამაშია მეოთხედფინალში და არც თბილისის "ნორჩ დინამოს", აი, "შევარდენი 1906" კი მესამედ გავიდა მეოთხედფინალში, ოღონდ, ისიც ვთქვათ, რომ ეს მოახერხა ... 23-წლიანი პაუზის შემდეგ...

ფავორიტები
მერვედფინალისტთა, ფაქტობრივად, სრული უმრავლესობა სერიოზულად მიუდგა სათასო მატჩებს და ჩემპიონატში გადატვირთული კალენდრის მიუხედავად, თითქმის ყველა გუნდმა უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზა.

ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა მოედანზე თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ (მხოლოდ საბა ლობჟანიძე და ახალგაზრდა და ნიჭიერი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი აკლდნენ გუნდს) და საქართველოს თასის აბსოლუტურმა რეკორდსმენმაც თითო ტაიმში თითო გოლი (ბექა მიქელთაძე, ბაჩანა არაბული) გაუტანა ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ წყალტუბოს "სამგურალს".

სხვათა შორის, წინა მატჩთან შედარებით, "დინამოს" ძირითადში ორი ცვლილება იყო: პირველი წუთებიდან გამოჩნდა მოედანზე ტრავმებისგან დატანჯული ახალგაზრდა მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე და კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძირითად გუნდს იყო ჩამოშორებული...

"დინამოს" მსგავსად, ასევე ორბურთიანი უპირატესობით იმარჯვა თასის ამ გათამაშების კიდევ ერთმა ფავორიტმა "ჩიხურამ": საჩხერელთა გუნდმა სტუმრად მოუგო ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე "გაგრას".

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მსგავსად, "ჩიხურა" თასის გათამაშებაშიც ზესტაბილურად ასპარეზობს: საჩხერელთა გუნდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ზედიზედ გადიოდა ნახევარფინალში (მსგავსი შედეგი მხოლოდ თბილისის "დინამოს" აქვს).

წლევანდელი გათამაშების ნახევარფინალის საგზური "ჩიხურას" ჯერ არ მოუპოვებია, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ საჩხერელთა გუნდს საკმაოდ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და სოსო ფრუიძესაც უპრობლემოდ შეეძლება ძირითად შემადგენლობაში როტაციის მოხდენა.

ის ფაქტიც არ უნდა იყოს უმნიშვნელო, რომ თითქმის ერთწლიანი (!) პაუზის შემდეგ გაიტანა გოლი ოფიციალურ მატჩში "ჩიხურას" გამოცდილმა ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა...

მეოთხედფინალშია ეროვნული ლიგის კიდევ ერთი გუნდი: საქართველოს თასის 2011/12 წლების სეზონის გამარჯვებულმა "დილამ" თავისი ლიდერის (და, საერთოდ, წლევანდელი სეზონის, უდავოდ, საუკეთესო ლეგიონერის), 22 წლის ლეანდრო რიბეიროს ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით აჯობა ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე "კოლხეთს".

ქვედალიგელთა აღლუმი
ერთადერთი წარმომადგენელი ეყოლება მეოთხედფინალში რანგით მეორე ლიგას: ძლიერი და სუსხიანი ქარის "თანხლებით" ჩატარებულ მატჩში "რუსთავმა" დაძაბულ ბრძოლაში აჯობა პრობლემებმოძალებულ "ზუგდიდს".

აღსანიშნავია, რომ ეს იყო მერვედფინალების ყველაზე უხვგოლიანი მატჩი (3:2), თანაც ორმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: მასპინძელთა გამოცდილმა ცენტრფორვარდმა, 28 წლის ბესიკ ჩიმაკაძემ და სტუმართა 22 წლის გარემარბმა ცოტნე სამუშიამ. ამ უკანასკნელისათვის რუსთავის "ფოლადის" სტადიონი მართლაც იღბლიანია: ამ სათასო მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე "ზუგდიდი" რუსთავში სტუმრობდა ჩემპიონატის მატჩში "ცხინვალს" და ცოტნე სამუშიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ერთი თვის წინათ კი, როცა "რუსთავი" და "ზუგდიდი" ჩემპიონატის მატჩში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ცოტნე სამუშიამ შეხვედრის მიწურულს გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუტანა! თუმცა, ისევ სათასო პერიპეტიებს დავუბრუნდეთ და კვლავაც "რუსთავი"-"ზუგდიდის" დაპირისპირებას გვინდა შევეხოთ, უფრო ზუსტად, ერთი კონკრეტული ფეხბურთელის მართლაც დიდოსტატური თამაშის აღნიშვნა გვინდა: მასპინძელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა, 32 წლის გოჩა ხოჯავამ, ფაქტობრივად, სამივე საგოლე კომბინაციაში მიიღო აქტიური მონაწილეობა და, საერთოდაც, ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთი უჩვენა, როგორიც თავის საუკეთესო წლებში (თანაც, ბევრად უფრო მაღალ დონეზე)...

ხონის "იმერეთმა" თასის ამ ეტაპზე ყველაზე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა: დავით ჭელიძის დამოძღვრილმა გუნდმა ბოლო წუთზე, ირაკლი ჭანკვეტაძის ერთადერთი გოლით აჯობა ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით (ჯაბა დვალი, ალექსანდრე კოშკაძე, დავით სვანიძე, ზვიად სიხარულია, ჯაბა უგულავა, თორნიკე ზარქუა) დაკომპლექტებულ "სიონს" და თავის ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში!

ასევე პირველად იასპარეზებს მეოთხედფინალში გამოცდილი სპეციალისტის, ავთანდილ შენგელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ნორჩი დინამო".

თბილისურმა გუნდმა ყველაზე დიდი სიურპრიზი თასის წინა ეტაპზე შემოგვთავაზა, როცა "ლოკომოტივი" გამოთიშა ასპარეზობიდან, ახლა კი დრამატულ მატჩში, პენალტების სერიაში აჯობა რანგით მესამე ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელს, "გორს"...

"იმერეთისა" და "ნორჩი დინამოს" მსგავსად, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა "შევარდენი 1906"-მა: 23 წლის გურამ მაღალდაძისა და 24 წლის ბექა მუმლაძის გოლებით თბილისურმა გუნდმა საქართველოს თასის პირველ მფლობელს, ლანჩხუთის "გურიას" მოუგო.

სხვათა შორის, "ნორჩ დინამოშიც" და "შევარდენშიც" არაერთი ისეთი ფეხბურთელი გამოდის, სხვადასხვა დროს საქართველოს თასი რომ მოუპოვებია ასევე სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში. თუმცა, ამ გუნდებზე (ისევე, როგორც "იმერეთზე") უფრო დაწვრილებით, მეოთხედფინალური მატჩების წინ ვისაუბროთ.

მეოთხედფინალების წილისყრა კი პარასკევს, 28 აპრილს გაიმართება და როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა თემურ ბოჭორიშვილმა გვითხრა, არანაირი განთესვა არ იქნება; ანუ დიდი შანსია, რომ ერთი წყვილი... მესამე ლიგის გუნდებმა შეადგინონ, ან კიდევ, ერთმანეთს ამ სტადიაზე დაუპირისპირდნენ საქართველოს თასის წლევანდელი გათამაშების ფავორიტები (თბილისის "დინამო", "ჩიხურა", "ტორპედო")...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სოსო,4-ს ვეთანხმები იმაში,რომ არ შეიძლება გუნდების რადიკალური გაახალგაზრდავება და გამოცდილი,მაგრამ ჯერ კიდევ სათანადო დონეზე მოთამაშე ფეხბურთელის ფეხბურთიდან ხელოვნური მოკვეთა.ისინიც ცოდოები არიან და ახალგაზრდებისათვის გზის ხელოვნური გასუფთავება,მათთვისვე იქნება დათვური სამსახური,კონკურენციის გამორიცხვა ყველაზე მოკლე გზაა რეგრესისაკენ,თანაც ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოცდილის გვერდით რომ იზრდება,ჩათვალეთ რომ მოედანზეც ჰყავს მასწავლებელი და მწვრთნელი,მათ მაგალითზე და მათზე დაყრდნობით ვითარდება მისი საფეხბურთო ტალანტი.ვერჩ ერთი გუნდი ვერ იქნება სტაბილური,თუ გუნდში არ არის ახალგაზრდა დე ასაკოვანი ფეხბურთელების ზომიერი ნაზავი.როცა გუნდს უჭირს,ახალგაზრდებმა არ იციან როგორ მოიქცნენ და ამ დროს აუცილებელია გამოცდილი ფეხბურტელი,რომელსაც დაეყრდნობიან და გაჰყვებიან ახალგაზრდები.ვიმეორებ გუნდში აუცილებელია რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის ყოლა,ახალგაზრდა კი მათთან კონკურენციაში და მათი მაგალითით დადგებიან ფეხზე.
სოსო,ადრეც გთხოვე,როცა პოსტს სწერ ,სახელს რამე განმასხვავებელი დაურთე მეთქი,შენ იშვიათად სწერ და ჩვენი მიდგომები უმეტესად განსხვავებულია ერთმანეთისაგან,ხშირად რადიკალურადაც.ახლაც ჩვენი პოსტები ერთმანეთის გვერდზე მოხვდა,აზრები კი საპირისპიროა და თითქმის სულ ასე ხდება.ამიტომ გთხოვ სახელზე რაიმე განმასხვავებლის დამატებას,მგონი ამ საკითხში მართალი ვარ და რატომ არ იზიარებ ვერ ვხვდები.
სოსო სოსოს
12:06 28-04-2017
0
32-35 წლის ფეხბურთელი იმ მესამე ლიგაში რომ მიდის ცუდიც არაა მის გვერდით ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოცდილებას იღებს, მაგრამ მასიურად არ უნდა იყოს დაკომპლექტებული გუნდი ამ ასაკის ფეხბურთელებისაგან და ეს უნდა დაბალასდეს თორემ სხვა მხრივ მისაღებია რატომაც არა ამასტან კიდე მხოლოდ ამ ასაკის ფეხბურთელებით თუ იქნება გუნდი დაკომპლექტებული შედეგიც ვერ ექნება ფიზიკურად ახალგაზრდები აჯობებენ ამიტომ ბალასის შენარჩუნებაა მაიმც მთავარი ჩემი აზრით
arkadi 72
11:52 28-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული