"ზამთრის თასი": ალბელდა, სალვა ბალესტა, ტიმოშჩუკი და სხვები თბილისში...

AutoSharing Option
13-15 იანვარს ფეხბურთის გულშემატკივრებს სიამოვნება ელით - ახლო წარსულში ბევრი ცნობილი ვარსკვლავი თუ უბრალოდ კარგი ფეხბურთელი თბილისში გააგორებს ბურთს...

ცნობილია, რომ ზამთრის პაუზის ფეხბურთით შესავსებად და სეზონისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპად, ფეხბურთის ფედერაციამ ორი ახალი ტურნირის ჩატარება გადაწყვიტა. ეს არის "ზამთრის მასტერსი 2017", რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ სასახლეში (ახალი სპორტის სასახლე) გაიმართება. საგანგებოდ ამ ტურნირისთვის დარბაზში ახალ ხალიჩას დააგებენ.

თავიდან დაგეგმილი იყო, რომ პირველი ტურნირის მონაწილეები პრო 1
და პრო 2 ლიგების გუნდები იქნებოდნენ. შემდეგ კი მათ რეგიონალლიგაში გამარჯვებული და პრო ლიგა 1-ში მოხვედრილი თელავის "კახეთი" და "შევარდენი 1906" დაემატნენ. სულ ქართულ "ზამთრის მასტერსზე" 16 გუნდი ითამაშებს, 13 იანვარს დაიწყება და 14-ში დასრულდება.

შევიტყვეთ, რომ ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ჯგუფურ ეტაპზე თითოეული მონაწილე დღეში სამ თამაშს გამართავს, რადგან ტაიმები 15-15-წუთიანი იქნება. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფებში გამარჯვებულები მოხვდებიან, ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ფინალისტებს გამოავლენენ.

A ჯგუფი: ტორპედო, დილა, გაგრა, შევარდენი 1906
B ჯგუფი: ჩიხურა, საბურთალო, სიონი, მერანი
C ჯგუფი: დინამო (ბთ), კოლხეთი 1913, ვიტ ჯორჯია, კახეთი
D ჯგუფი: სამტრედია, დინამო (თბ), შუქურა, მეშახტე

სტუმრები
ქართული ტურნირის დასრულების მეორე დღეს, 15 იანვარს, ახალი სპორტის სასახლე უკვე საერთაშორისო საახალწლო-გასართობ "ზამთრის მასტერს 2017"-ს უმასპინძლებს, სადაც ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ.

წინასწარი ინფორმაციით, მასში სულ 6 გუნდი გამოვა, რომელთაგან 5 უკვე ცნობილია: საქართველოს გარდა, ფეხბურთის ფედერაციამ მოიწვია ესპანეთის, უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები, მე-6 მონაწილე კი დღეს დასახელდება.

..."ვალენსიასა" და "ვილიარეალის" ყოფილი ნახევარმცველი, 39 წლის დავიდ ალბელდა, რომელმაც ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 51 მატჩი ჩაატარა, უამრავი ტიტულის მფლობელი თბილისში ჩამოვა "ზამთრის მასტერსზე" ითამაშებს.

საინტერესოა, რომ ალბელდა გახლდათ კაპიტანი, ლიდერი და სახე იმ "ვალენსიისა", რომელმაც თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგებს მიაღწია. "მესტალიაზე" 6-ნომრიანი მაისურით 18 წელი გამოდიოდა, 351 შეხვედრა ჩაატარა და თამაშების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენთა სამეულში მოხვდა. ალბელდას "ვალენსიის" მუდმივ კაპიტნადაც კი მოიხსენიებენ.

ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს სალვა ბალესტაც, რომელსაც ეროვნულ გუნდში 4-ჯერ უთამაშია. "ვალენსიაში" ესპანეთის ჩემპიონი (2002) სწორედ ალბელდას დროს გახდა, ხოლო 1998 წელს ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო. სხვადასხვა დროს იყო "სევილიის", სანტანდერის "რასინგის", "ბოლტონის", "მალაგასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი. 1999/2000 წლების სეზონში, "რასინგის" მაისურით გატანილი 27 გოლით, სალვა პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თურქეთის ნაკრებში ითამაშებს უმით ქარანი - ეროვნული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი (1999-2007, 10 მატჩი, 3 გოლი), რომელიც 2001-09 წლებში "გალათასარაიში" თამაშობდა და ერთი ხანობა, მისი კაპიტანიც გახლდათ. უმითი თურქეთის სამგზის (2002, 2006, 2008) ჩემპიონი და თასის მფლობელია (2001).

უკრაინელებს ანატოლი ტიმოშჩუკი უკაპიტნებს, რომელმაც გასულ სეზონში ალმათის "ქაირათში", კახა ცხადაძესთან ითამაშა და ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა. უკრაინის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (144 მატჩი, 3 გოლი) ტიმოშჩუკი რეკორდსმენია. იყო დონეცკის "შახტარის", მიუნხენის "ბაიერნისა" და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" საყრდენი ნახევარმცველი. მას ტიტულები არც უკრაინის მასშტაბით დაჰკლებია. პირადი ჯილდოებიც რომ ავიღოთ, ის სამჯერ (2002, 2006, 2007) აღიარეს ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ, 2007 წელს იგივე პრიზი რუსეთში გაზეთმა "სპორტ-ექსპრესმაც" მიაკუთვნა, ხოლო ანდრეი შევჩენკოსა და ალექსანდრ შოვკოვსკისთან ერთად, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ, 1991-2011 წლების სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.

ამჟამად ტიმოშჩუკი "ახალგაზრდობის ფონდის" ხელმძღვანელი და უკრაინის ფედერაციის პროფესიული ფეხბურთის სტრატეგიული განვითარების საბჭოს წევრია.

ჯერ უცნობია, უკრაინის ნაკრები რა შემადგენლობით გვესტუმრება, მაგრამ დეკემბერში, ანდრეი გუსინის მემორიალზე, ტიმოშჩუკის გარდა, ტურნირში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა - სერგეი რებროვი, ივან იარემჩუკი, ვლადისლავ ვაშჩუკი, ალექსანდრ გოლოვკო, იური დმიტრულინი, სერგეი ბეჟენარი, სერგეი ფიოდოროვი, გუნდს კი ანატოლი დემიანენკო და ვლადიმირ ლოზინსკი ხელმძღვანელობდნენ.

აზერბაიჯანის ნაკრებში ნაზიმ სულეიმანოვი ითამაშებს - ბაქოს "ნეფთჩიში", მოსკოვის "სპარტაკსა" და ვლადიკავკაზის "ალანიაში" ნათამაშები საკმაოდ კარგი თავდამსხმელი. 1995 წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა, რაც მის კარიერაში ყველაზე დიდი წარმატებაა, ამას კი ქართველებთან - სოსო გრიშიკაშვილთან, მურთაზ შელიასთან, ზაზა რევიშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მიაღწია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული