U19. დინამო-ქაირათი 0:3 - დავრწმუნდით, რომ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" პირველი მატჩი ჩაატარა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე და შინ უიმედოდ დამარცხდა ყაზახურ "ქაირათთან". ერთხელაც ვიწვნიეთ დიდი იმედგაცრუება და დავრწმუნდით, რომ ევროპამდე ძალიან შორია.

"დინამომ" მოისაკლისა ტრავმირებული ცენტრალური მცველი ლუკა ქაფიანიძე. 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად შესარჩევ ციკლში თამაშობენ მეკარე დემეტრე ბულისკერია და ნახევარმცველი ზურაბ დავითაშვილი.

შეხვედრა ქართველთა აქტიურობით დაიწყო. ცხადი იყო, რომ ლევან გვანცელაძის შეგირდები აქცენტს სწრაფ გოლზე აკეთებდნენ. მალევე ხელი სტუმრებმაც გამოიღეს და გადავრჩით - სოლტანოვმა ხელსაყრელ სიტუაციაში კარს ააცილა.

ამის შემდეგ "დინამოს" ორი შანსი ჰქონდა. გატანასთან ახლოს იყვნენ გიორგი
ჩაკვეტაძე და სოსლანბეკ ძაგოევი, თუმცა ანგარიშში დაწინაურება ვერ მოვახერხეთ. ჩაკვეტაძის დარტყმულზე მშვენივრად ითამაშა ყაზახთა მეკარემ.

მე-11 წუთზე ქართველებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, მაგრამ ჩაკვეტაძეს ისევ მეკარემ არ გაატანინა. ამის შემდეგ ყაზახთა მომენტი იყო - გიორგი კულუა ადგილზე დახვდა კოტოვის დარტყმულს. მერე ნაკუთხურალ ბურთს უშედეგოდ დაჰკრა კიბირაიმ.

ეს იყო და გიორგი გოგილაშვილს დიდებული შანსი შეექმნა. მისი სოლო-რეიდის ნახვა ერთ რამედ ღირდა, მაგრამ... მოკლედ, საწყის 20 წუთში ქომაგს წამითაც არ მოუწყენია.

23-ე წუთზე "დინამომ" სახიფათო შეტევა განავითარა, თუმცა ყაზახები გადაგვირჩნენ. ერთ წუთში კი უკვე ჩვენი კარის ხარიხა შეზანზარდა. დროულად ვერ ამოვიტანეთ ბურთი და კინაღამ გოლი მივიღეთ - ბახტიაროვის დარტყმა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.

რაც საწყის წუთებში თვალში გვეცა, ეს იყო - ყაზახებმა უმკაცრესი პრესინგი დაგვიწესეს ჩვენს ნახევარზე. თუ ამ პრესინგის გადალახვა ხერხდებოდა, მაშინ ყაზახთა კართან ხიფათი იქმნებოდა; თუ არა და, უკვე ჩვენს საჯარიმოში "ცხელოდა".

ეს იყო და, გუნდებმა მცირეოდენი პაუზა აიღეს. ასეთ ტემპში გაგრძელება წარმოუდგენელი ჩანდა. ამიტომ მორიგმა ხიფათმა, რომელიც "დინამომ" შექმნა, 34-ე წუთისთვის უწია - ლუკა ფოჩხუას დარტყმულს გრუბოვი ადგილზე დახვდა. ტაიმი უგოლოდ მორჩა.

55-ე წუთზე მაინც "ქაირათი" დაწინაურდა. გოლი მოჰყვა დინამოელთა ბავშვურ შეცდომას. მცველმა ბურთი მეკარე კულუას მოუგორა, ამ უკანასკნელმა კი ამოტანა დააგვიანა, გაერთო და კოტოვმა აართვა ბურთი - ცარიელ კარში გატანა პრობლემა აღარ იყო.

ხუთ წუთში "ქაირათმა" მეორეც შეაგდო. სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა გაშალეს. ბახტიაროვის დარტყმული კულუას, წესით, უნდა მოეგერიებინა, მაგრამ... ჩანს, ის კვლავ 5 წუთის წინ დაშვებული შეცდომის ზეგავლენის ქვეშ იყო - ბურთი ვერ დაიმორჩილა და - 0:2.

იქვე შეგვექმნა მომენტი, მაგრამ ვერ გავიტანეთ. გიორგი ზარიამ თვითონ არ დაარტყა, ჩათვალა რა, რომ პარტნიორი უკეთეს პოზიციაში იყო და კარის წინ აკეთებდა გადაცემას - აქ ყაზახთა მცველმა ჩაჭრა ბურთი, რომელიც კუთხურზე გადაგორდა.

72-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც "დინამომ" მორიგი შანსი გაფლანგა, ყაზახების კონტრშეტევისას ჩვენი დაცვა ერთხელაც ჩავარდა. ორაზოვის პასის შემდეგ ბახტიაროვი მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლიც მიითვალა - 0:3.

ვიწვნიეთ ძალიან მწარე მარცხი და საპასუხო მატჩი, რომელიც 19 ოქტომბერს გაიმართება, თითქმის ფორმალობად გვექცა. რა თქმა უნდა, იყო მეკარისა და დაცვის შეცდომები, მაგრამ წაგებას ამას ვერ დავაბრალებთ. მთავარი ისაა, რომ სწორი ფეხბურთის თამაში არ ვიცით. ვართულებთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. ხშირად ინდივიდუალურადაც "ვამლაშებთ", ბოროტად ვიყენებთ მოწინააღმდეგეზე ტექნიკურ უპირატესობას და ასე შემდეგ.

მიზეზები ძველია და ის ერთნაირად ერგებათ ჭაბუკებს, ახალგაზრდებსაც და დიდებსაც. ეს ზოგადად ქართული ფეხბურთის სენია - არასწორი ფეხბურთი, რომელსაც ევროპულთან საერთო არაფერი აქვს. ყაზახები კი თამაშობდნენ სწორად და მარტივად. ჩვენ კი დაგვავიწყდა, რომ ფეხბურთი მარტივი თამაშია.

U19. უეფას ახალგაზრდული ლიგა. I წრე. I მატჩი
29.09. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო-ქაირათი 0:3
გოლები: 0:1 კოტოვი (55), 0:2 ბახტიაროვი (60), 0:3 ბახტიაროვი (72)
დინამო (4-3-3): კულუა - კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური - ფოჩხუა, კუცია (78. ყურაშვილი), ჩაკვეტაძე - ძაგოევი (54. ხარაბაძე), გოგილაშვილი (63. ქავთარაძე), ზარია.
სათადარიგოები: ისიანი, კიკალიშვილი, ნინუა, სილაგაძე
მწვრთნელი: ლევან გვანცელაძე
ქაირათი (4-4-1-1): გრუბოვი - კიბირაი, კასიმი, აიტორე, ევსეევი - ბახტიაროვი (89. აიმანოვი), არტიუშენკო, ორაზოვი, ზუჟბაი (77. პოპოვი), კოტოვი (75. ადაჰაჯიევი) - სოლტანოვი.
სათადარიგოები: ნურბაევი, ოტოშევი, სუიუნოვი, ჟაპარული
მწვრთნელი: სერგეი ლაბოდოვსკი
გაფრთხილება: ზუჟბაი (25), არტიუშენკო (28), აიტორე (32), ძაგოევი (43), კოტოვი (65), ჩაკვეტაძე (68)
არბიტრი: ზ. ჰოვანესიანი (სომხეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 57 /
ფიფია გაუსვი გუნდიდან გაპიარებული მწვრტნელი სვილები,,ხო ხედავ გარცხვენენ და მატ მიაყოლე ის უვიცი მწვრტნელებიც რომლებიც წორბელასავიტ არიან დინამოსი და ხელფას იხებენ,,
jiji
23:09 02-10-2016
0
დინამოსი ჯერ მწვრტნელებად ვინ ყავტ,,გაგნიცე,საბანაცე,გვანცელაცე ამატმა რა უნდა ასწავლონ ბავსვებს,,დახუპავენ ბავსვებს,,უკვე უკან წავიდნენ ამატ ხელსი
jiji
11:43 01-10-2016
0

სიახლეები პოპულარული