[დღის თემა] რატომ ილაპარაკა ჩეფერინმა გარიგებულ თამაშებზე?

AutoSharing Option
29 სექტემბერს თბილისში უეფას ახალი პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი და გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი ჩამოფრინდნენ. შვედი ლენარტ იოჰანსონისა და ფრანგი მიშელ პლატინის შემდეგ ჩეფერინი უეფას მესამე თავკაცია, ვინც საქართველოში ჩამოვიდა...

საპატიო სტუმრები პირველად ფეხბურთის ფედერაციას ეწვივნენ, სადაც სფფ-ის ხელმძღვანელებთან ერთად განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ილაპარაკეს ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელ მიმართულებებზეც, მათ შორის - ინფრასტრუქტურასა და საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის ზრდაზეც.

ცხადია, ერთ-ერთი უმთავრესი თემა 2017 წელს საქართველოში გასამართი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატიც იყო.

"გვჯერა ლევანის და მისი გუნდის. ისინი ბევრს შრომობენ,
რაც ადვილი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ მხარში ვუდგავართ არჩეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმეების კეთებას ცდილობს", - განაცხადა ალექსანდერ ჩეფერინმა.

"უპირველეს ყოვლისა, მადლობა უეფას პრეზიდენტს იმისთვის, რომ სწორედ საქართველოა პირველი ქვეყანა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მას, გავეცანით მის ხედვას, გავიზიარეთ და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ღია მხარდაჭერაც გამოვუცხადეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და იმითიც მოხარულები ვართ, რომ ჩვენც გვაქვს უეფას მხარდაჭერა", - თქვა ლევან კობიაშვილმა.

საინტერესო იყო ჩეფერინის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას დღეს უეფა. რა დასამალია და, მისგან უფრო სხვა პასუხს ველოდით. კერძოდ, იმაზე, რომ ტოპ-ქვეყნების კლუბების მიერ დაანონსებული სუპერლიგის იდეა მიუღებელია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლა აუცილებელია და ისიც, რომ უეფას საქმიანობა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს. ათენში გამართული კონგრესის შემდეგ 48 წლის სლოვენიელმა ჩინოსანმა ხომ სწორედ ეს პრიორიტეტები დაასახელა, მაგრამ ამჯერად...

"უეფა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის, განსაკუთრებით, ჩაწყობილი თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას გამოვყოფდი. ეს საკითხი უეფასთვის პრიორიტეტულია".

ძნელი სათქმელია, უეფას ხელმძღვანელი ამ სიტყვებში რა ქვეტექსტს დებდა, მაგრამ ეს დასაფიქრებელი მინიშნება იყო, რადგან უეფას პრეზიდენტი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. მაგრამ ის სათქმელს არც ბოლომდე "დაგვიღეჭავს" - გამგებმა ქვეტექსტი უნდა გაიგოს.

დარწმუნებულნი იყავით, გერმანიაში რომ ჩავა, იქ სხვა პრიორიტეტებზე ილაპარაკებს, საქართველოში კი გარიგებული თამაშები ახსენა. ჩვენი ინფორმაციით, უეფას თავკაცს ბოლო დროს საქართველოში გამოვლენილ გარიგებულ თამაშებზე (და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე) ცნობა ქართულმა მხარემაც მიაწოდა და უეფას შესაბამისმა სამსახურმაც. შესაძლოა, მის სიტყვებში ეს უნდა ვიგულისხმოთ - დაწყებული საქმე გააგრძელეთო.

მერე უეფასა და საქართველოს ფედერაციის ხელმძღვანელები დიდ დიღომში ოლიმპიურ ქალაქს ესტუმრნენ, სადაც "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე არსებული სტადიონი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად დაათვალიერეს.

ბოლოს უეფას თავკაცმა, მინისტრმა და სფფ-ის ხელმძღვანელებმა მოედნების მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა და საძირკველში სიმბოლური კაფსულაც ჩადეს.

ეს მშენებლობა იმ ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილია, რომელიც 2016-17 წლებში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში უნდა განხორციელდეს და უეფას სტანდარტების შესაბამისი 10 საფეხბურთო არენის აშენებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონების ნაწილი ევროპის 19-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატს მოემსახურება.

დიღმიდან უეფას დელეგაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რეზიდენციაში გადაინაცვლა. კვირიკაშვილმა ჩეფერინს უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პატარა ფრაგმენტი პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან:

"ხაზი გაესვა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და ითვალისწინებს პროფესიული საფეხბურთო კლუბების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიზნობრივ პროექტებს.

ითქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას დამატებით 10 მოედანი შეემატება, რომლის მშენებლობასაც უეფას დელეგაციის ვიზიტისას ჩაეყარა საფუძველი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორც ვიცი გორი არი ეტთერთი მასპინძელი ევროპის ჩემპიონატის და ტრიბუნას არაშენებთ კაი განათება მაინც გააკეთეთ თქვე დალოცვილებო მარტო ნგრევაში როხართ მაგრები.
დილა გორი
15:04 30-09-2016
0
გარიგებული თამაშება ყველა ქვეყანაშია უბრალოდ იქ კარგად დგამენ სცენარს ჩვენთან კი ვერა ესაა განსხვავება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული