U19. დინამო (თბ) VS ქაირათი - ვინ უფრო ახლოსაა ევროპასთან?

AutoSharing Option
დღეს, 29 სექტემბერს, "დინამო არენაზე", უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩში თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდი ალმათის "ქაირათის" თანატოლებს უმასპინძლებს. გულშემატკივარი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "სილქ უნივერსალის" ეთერში იხილავს.

მატჩის წინა დღეს ჭაბუკ დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან გვანცელაძემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, მერე გუნდი ავარჯიშა, მანამდე კი "დინამო არენაზე" ყაზახებმა გააგორეს ბურთი. საინტერესოა, რომ სტუმრებმა უარი თქვეს წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

მაშ, ვნახოთ, რა თქვა ლევან გვანცელაძემ:

- ეს იქნება პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი ჩვენი გუნდისთვის. ამის მიუხედავად, გვჯერა, გუნდში არის საიმისო რესურსი, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი
მივიღოთ.

- როგორც ვიცით, ფინეთში მოასპარეზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გყავთ ფეხბურთელები და ისინი "ქაირათთან" მატჩში დაგაკლდებიან. რამდენად სერიოზულია ეს დანაკლისი?
- დიახ, მეკარე დემეტრე ბულისკერია და ნახევარმცველი ზურაბ დავითაშვილი ნაკრებთან ერთად ფინეთში არიან. ასევე დაგვაკლდება ცენტრალური მცველი ლუკა ქაფიანიძე, რომელიც ტრავმირებულია. ეს სერიოზული დანაკლისია, მაგრამ იმედი გვაქვს, არ დაგვეტყობა.

რაც შეეხება "ქაირათის" 19-წლამდელთა გუნდს, ეს არის ძალიან სერიოზული კლუბი და ეს გუნდი წარმოადგენს გამართულ საკლუბო ინფრასტრუქტურას. თავის ასაკში ეს გუნდი საუკეთესოა ყაზახეთში.

- პირველ ნომრად ითამაშებთ?
- სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ და მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ შედეგს.

- გვესმის, იოლი არ არის მეტოქის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ მაინც: რა ფეხბურთს მისდევს "ქაირათის" 19-წლამდელთა გუნდი?
- კარგად ორგანიზებული გუნდია, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა ჰოლანდიელი სპეციალისტი და, აქედან გამომდინარე, შორს არ უნდა იყვნენ ევროპული ფეხბურთისგან. ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდებით.

- ცხადია, მატჩის დასაწყისში მოწინააღმდეგე უნდა "დაზვეროთ". თქვენი აზრით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი?
- ალბათ, საწყისი 10-12 წუთის განმავლობაში უკვე გვექნება სრული ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს რეალურად მოწინააღმდეგე, რა ტაქტიკა აირჩია...

მართალია, გაჭირდა ამ გუნდზე ინფორმაციის მიღება, მაგრამ ჩვენ თითოეულ ფეხბურთელზე მაინც მოვიპოვეთ ინფორმაცია. "ქაირათის" ამ გუნდის 6 ფეხბურთელი თამაშობს 21-წლამდელთა ნაკრებში. გამოვარჩევდი გუნდის კაპიტანს, ცენტრალურ მცველ კასიმს. ის ასაკობრივი ნაკრების კაპიტანია. განსაკუთრებით სახიფათოა "სტანდარტულების" შესრულების დროს. სხვათა შორის, ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც არის...

ასევე სახიფათოა საყრდენი ნახევარმცველი ორაზოვი. მას მინდვრის ცენტრში დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია. ზემოთაც ვთქვი, რამდენიმე ფეხბურთელი "ქაირათის" 21-წლამდელთა გუნდში თამაშობს. ეს გუნდი კი ყაზახეთის ჩემპიონატს ლიდერობს...

* * *
"ქაირათი" თბილისში ასტანის გავლით ჩამოვიდა. კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარები გუნდის ორმა ლიდერმა, სოსლან ჟანდოსმა და რამაზან ორაზოვმა გააკეთა.

Sportall.Ge

რამაზან ორაზოვი:
"ორი დღის წინ თამაში გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ძალები სრულად აღვიდგინეთ. თბილისში რთული თამაში გველოდება, მაგრამ ვფიქრობთ, შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი".

სოსლან ჟანდოსი: "ჩვენთვის ეს განსაკუთრებული მომენტია - "ქაირათის" სახელით პირველად გავდივართ საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვნახეთ "დინამოს" თამაში. არ არის იოლი მოწინააღმდეგე, მაგრამ შეგვიძლია მისი გავლა. ქართული კლუბის შემადგენლობაში გამოვარჩევდი ოთხ ნომერს, ცენტრალურ მცველს. მას გრძელი ფეხები და შესანიშნავი ტექნიკა აქვს".

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე საქართველო "საბურთალომ" წარადგინა, რომელმაც ორივე მატჩი წააგო დანიურ "მიდტიულანდთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა ბიჭებო ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როცა მაგალითი არ უნდა აიღოთ დიდებიდან(პირველი გუნდიდად)!!!
svani
13:36 29-09-2016
0
ბაჯო
ეს სკოლები ფულს როგორ აკეთებენ? სახელმწიფო სკოლა ვიცი, ჭამს ბიუჯეტის ფულს, გააფორმებს მივლინებას 30 კაცზე და მიყავს 15, ან ჯგუფებს გააფორმებს სიაფანდზე. აი კერძო როგორ აკეთებს ფულს? ერთი ახსენი რა!!!
kaira
13:02 29-09-2016
0

სიახლეები პოპულარული