"ქართულ კლუბებს ბრაზილიის ნაკრების დონის ფეხბურთელებს ვთავაზობ!"

AutoSharing Option
ნიკო პატარქალიშვილი ქართულ კლუბებს მაღალი დონის ბრაზილიელ ლეგიონერებს სთავაზობს.

"ლელო" მას, ვინც თავის დროზე საქართველოში დიეგო მარადონა ჩამოიყვანა, "პელეს თასზეც" ელაპარაკა, რომლის ორგანიზებასაც აპირებს:

- ბრაზილიიდან მაქვს წინადადება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ, ბრაზილიის ნაკრების დონის ფეხბურთელები ჩამოვიყვანო საქართველოში. მე ამას ჰაერზე არ ვამბობ - კავშირი მაქვს იქაური ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტთან.

შემთხვევით არ მიხსენებია "ნაკრების დონე". დღეს შეიძლება ისინი ვერ ხვდებოდნენ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ ეს უკვე მწვრთნელის პრეროგატივაა.

ქართული კლუბებისთვის ასეთი ფეხბურთელების დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა
იყოს. ეს აუცილებლად მოიყვანს გულშემატკივარს სტადიონზე და როცა პოტენციური სპონსორი ნახავს, რომ ხალხი დადის სტადიონზე, მაშინ ის ფეხბურთში ფულს ჩადებს. დამეთანხმებით, ქომაგი სტადიონზე მიჰყავს კარგ ფეხბურთელს, სანახაობას...

- რომელ კლუბებს წარმოადგენენ ის ფეხბურთელები, რომელთაც ქართულ კლუბებს სთავაზობთ?
- საუბარია წამყვანი ბრაზილიური გუნდების - "გრემიოს", "ინტერნასიონალის", "სანტოსისა" და სხვა ცნობილი გუნდების ფეხბურთელებზე.

- როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა ჩამოვიდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელები საქართველოში?
- ამ გუნდს ექნება ნაკრების ფორმა და ის ითამაშებს მატჩებს სხვადასხვა ქართულ კლუბთან.

შესაძლოა, ნაკრებთანაც ითამაშოს. ფეხბურთის ფედერაცია უკვე საქმის კურსშია ამის თაობაზე. სასურველია, თამაშები ჩატარდეს იქ, სადაც ინფრასტრუქტურულად ყველაფერი გამართულია სტადიონების კუთხით - თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში...

სხვათა შორის, ამ ტურნირს და ბრაზილიელ ფეხბურთელებს შეუძლიათ, საქართველოს ნაკრებს სარგებლობა მოუტანონ. თუ ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეარჩევს რომელიმე ფეხბურთელს, ან ფეხბურთელებს, თავისი გუნდისთვის, უპრობლემოდ მოხდება ნატურალიზება.

ეს რეალურია, რადგან მე საუბარი მაქვს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებზე. არის მეორე ვარიანტიც: ჩამოვიყვანოთ საქართველოში ბრაზილიის 21-წლამდელთა ნაკრები და ამ გუნდის ფეხბურთელებს მივცეთ ქართულ კლუბებში თავის დამკვიდრების შანსი.

- როდის უნდა მოეწყოს ეს ღონისძიება?
- რაც შეიძლება მალე, სანამ ქართული კლუბები საბოლოოდ დააკომპლექტებენ შემადგენლობას. ეს არ იქნება მხოლოდ საფეხბურთო მატჩი. ფეხბურთის მეფე პელე დაესწრება ამ ღონისძიებას და ეს იქნება ერთგვარი პრეზენტაცია, მოსამზადებელი ეტაპი "პელეს თასისთვის".

აქვე, ვგეგმავთ ყველასთვის ცნობილი ფოტოს მაკეტის პრეზენტაციას, რომელზეც პელე და ქართველი ფეხბურთელები არიან გამოსახულნი.

- გამოდის, რომ ფეხბურთის მეფე ორჯერ ჩამოვა საქართველოში?
- დიახ, პელე მზადაა, ორჯერ ჩამოვიდეს საქართველოში. ყოველდღიური კავშირი გვაქვს მის წარმომადგენლობასთან. ფეხბურთის მეფე ადასტურებს მზადყოფნას.

- როგორც ვიცით, "პელეს თასი" ივლისში უნდა ჩატარებულიყო...
- დიახ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სამხრეთამერიკულ მხარესთან ვერ გამოვედით მთლად პირნათელნი. აქამდე რა წერილებსაც ვაგზავნიდი, ბევრი უკან ბრუნდებოდა, რადგან თან არ ახლდა ფედერაციის წერილი და ახლა ეს წერილი უკვე არის სფფ-სგან.

მინდა, რომ ორივე ეს ღონისძიება ჩატარდეს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით. შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა უკვე გაგზავნილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"