დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

AutoSharing Option
ტაქტიკა
როგორც მოსალოდნელი იყო, ხორვატიის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა შემტევი ტაქტიკა აირჩია. ის არც მალავდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რათა მის გუნდს პირველივე შეხვედრაში გადაეწყვიტა თამაშის ბედი.

საინტერესო იყო, როგორ მოახერხებდნენ ზაგრებელები "იუვენტუსში" წასული ნახევარმცველის, გუნდის ახალგაზრდა ლიდერის, მარკო პიაცას შეცვლას. რა თქმა უნდა, ერთი ლიდერის მაგივრობა მეორეს, მარკო როგს უნდა ეტვირთა, რომელიც ასევე კინაღამ გაიყიდა იტალიაში. საბოლოოდ კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა ანტე ჩორიჩის თამაშმა.

როგორც ჩანს, კრანჩარი "ვარდართან" საპასუხო მატჩში ძალიან უკმაყოფილო დარჩა დაცვის მოქმედებით. ალბათ, ეს თუ იყო
მიზეზი, რომ მასპინძლებმა 3 ნომინალური მცველით ითამაშეს.

სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა ხორვატიის ნაკრებში გამობრძმედილი უკანახაზელი გორდონ შილდენფელდი. მეორე გუნდში დაქვეითებული მეკარის, ანტონიო იეჟინას ადგილი კი გაცილებით გამოცდილმა პორტუგალიელმა ედუარდომ დაიკავა.

რაც შეეხება ჩვენს "დინამოს", როგორც ველოდით, ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას არყოფნაში იურაი იარაბეკმა მეტოქეს ერთი გამოკვეთილი ფორვარდით შეუტია. ეს ფუნქცია გამოცდილმა ლადო დვალიშვილმა იტვირთა.

გასაგები გახდა იარაბეკის ჩანაფიქრი - მაქსიმალურად დაეტვირთა მოედნის ცენტრი. ვფიქრობთ, ერთგვარი "ჯოკრის" ფუნქცია უნდა ეკისრა გიორგი პაპუნაშვილს. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ეს ვაკანსია, მატია შპიჩიჩის გამოჯანმრთელების მიუხედავად, კვლავ ზაზა ჭელიძემ შეავსო.

ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენი აზრი შეგვიძლია გამოვთქვათ - სლოვაკმა მწვრთნელმა ჭელიძის სასარგებლოდ იმიტომ გააკეთა არჩევანი, რომ ის უკეთესია დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. ამიტომაც დარჩა თადარიგში კიდევ ერთი მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე.

რით გვაჯობეს ხორვატებმა?
თამაშის წინ მართებულად ვივარაუდეთ - შანსები ზაგრებში აუცილებლად გვექნებოდა. და გვქონდა კიდეც. ვინ იტყვის, რომ ნიკა გელაშვილსა და ჯაბა ჯიღაურს აშკარა საგოლე მომენტები არ ჰქონდათ? არადა, ასეთი შანსები აუცილებლად უნდა გამოიყენო. ამ დროს, მეტოქემ თავისი შანსები გოლად აქცია.

თბილისის "დინამო" დააღალატა პირველი ტაიმის ბოლოს ჩაგდებულმა სამმა წუთმა. ტრადიციული ქართული სენი ზაგრებშიც გაგვყვა. 87 წუთი ნორმალურად ვითამაშეთ, სამი წუთით დავკარგეთ კონცენტრაცია და... ეს დამღუპველი აღმოჩნდა.

იარაბეკმა აშკარად გააკვირვა ვიზავი, რომელიც ალბათ არ ელოდა, თუ მოწინააღმდეგე გაბედავდა და მთელ რიგ შემთხვევებში "პირველ ნომრად" ითამაშებდა.

რიგ მომენტებში მართლაც კარგი სანახავი იყო შეტევაში აწყობილად მიმავალი "დინამო". სხვა საქმეა, რომ პრაგმატიზმის თვალსაზრისით, ასეთმა ტაქტიკამ დიდი ვერაფერი მოგვიტანა.

გნებავთ, გაშვებული გოლები აიღეთ, გნებავთ, ხორვატთა სხვა საგოლე შანსები. მასპინძლებმა რაც შექმნეს, ყველა - გააზრებული, სწრაფი კონტრშეტევის შედეგი იყო. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზაგრებში მასპინძელმა ის იარაღი დაგვიპირისპირა (თან - ეფექტურად), რომელიც, თითქოს, ჩვენი მთავარი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო.

რა თქმა უნდა, არავინ ითხოვდა თბილისელთა კარში "ავტობუსის" ჩაყენებას, თუმცა, ალბათ, შეიძლებოდა მეტოქე მეტად შემოგვეტყუებინა ჩვენს ნახევარზე და მერე სწრაფი კონტრიერიშები გვეცადა. სწორედ ასე გაუტანა ორი გოლი "ვარდარმა" ამავე მოედანზე ზაგრების "დინამოს".

რიგ ეპიზოდებში კარგად ვითამაშეთ პრესინგიც, მაგრამ მხოლოდ - რიგ ეპიზოდებში. ბოლომდე საამისო ძალა აღარ გვეყო.

გამოცდილება
მართალია, თავდამსხმელის მთავარი მოვალეობა გოლის გატანაა და ლადო დვალიშვილმა გუშინაც ვერ გაიტანა, მაგრამ "მაქსიმირზეც" ნათლად გამოჩნდა: ის ერთი თავით მაღლა იდგა დანარჩენ დინამოელებზე.

რატომ მოხდა ასე? პასუხი მარტივია. დვალიშვილს აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ასპარეზობის გამოცდილება. თუ გვინდა, რომ ზაგრების "დინამოს" დონის გუნდებს მოვუგოთ, რაც შეიძლება ბევრი ასეთი დონის ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს "დინამოს".

ზაგრებელებს ჭარბად აქვთ ეს გამოცდილება. მათ სათადარიგოთა სკამზე გუშინ ის ფეხბურთელები ისხდნენ, რომელთაც არაერთხელ მოურგიათ ხორვატიისა და ჩილეს ნაკრებთა მაისურები. ელ არაბი სუდანი ვარსკვლავებით გადაჭედილი ალჟირის ნაკრების ძირითადი შემტევია.

სიურპრიზი
რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ანტე ჩორიჩი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. ბოლოს და ბოლოს, 19 წლისა მიიწვიეს ხორვატიის ეროვნულ გუნდში. ვიცოდით, მაგრამ მისგან ამდენს მაინც არ ველოდით.
უნიჭიერესმა ნახევარმცველმა, რომ იტყვიან, მარტომ "გააკეთა" თამაში - მიითვალა გოლი და საგოლე პასი. რამდენიმე ეპიზოდში კი საშემსრულებლო ოსტატობის უმაღლესი დონეც გვიჩვენა.

დასკვნა
ორბურთიანი ჩამორჩენა დიდია, მაგრამ არა - დაუძლეველი. კვირის თავზე, თბილისში შანსი მაინც გვექნება. სხვა საქმეა, გვეყოფა თუ არა ცივსისხლიანობა და კლასი. ეს იქნება ამ ფორმაციის "დინამოს" უდიდესი გამოცდა.

ფაქტია, მეტოქე ძლიერი გუნდია, მაგრამ დაუმარცხებელი ნამდვილად არ არის. "დინამო არენაზე" საქართველოს ჩემპიონს განსაკუთრებული ქომაგობა, სათამაშო კლასი და ცოტა იღბალიც დასჭირდება.

მატჩის შემდეგ
- იურაი იარაბეკი: "დინამო არენაზე" 40 000-მდე გულშემატკივარი ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!
- ზლატკო კრანჩარი: თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, ჩვენ - უკეთესი!
- 19 წლის ჩორიჩი: თბილისის "დინამო" სერიოზული გუნდია!

მატჩის სტენოგრამა
9" - მრავალსვლიანი კომბინაცია. ჭანტურიშვილის დარტყმა სცდება კარს.
15" - სტოიანოვიჩის შორეულ დარტყმულს სკრიბე ადგილზე ხვდება.
22" - ხორვატთა სწრაფი კონტრშეტევა მას შემდეგ, რაც ჭანტურიშვილმა დაკარგა ბურთი. რენე მოწოდების სიმაღლეზეა.
38" - დვალიშვილმა კარგად დაუგდო ჭანტურიშვილს, მაგრამ დარტყმა ზემოდან გადასცდა ედუარდოს კარს.
39" - ჩორიჩის პასით სუდანი პირისპირ რჩება სკრიბესთან და 1:0.
42" - ხორვატთა შეტევა. ფერნანდესი მარცხენა ფლანგიდან შედის საჯარიმოში და საგოლედ აწვდის ჩორიჩს - 2:0.
43" - პარუნაშვილი მარჯვნიდან შედის საჯარიმოში და მის დარტყმულს ედუარდო კუთხურზე იგერიებს.
51" - სუდანის დარტყმა მცირე მანძილით სცდება თბილისის "დინამოს" კარს.
55" - თბილისელთა რეალური საგოლე შანსი. დვალიშვილის წაქცევისთვის დანიშნულ ჯარიმას ჭანტურიშვილი სწრაფად ათამაშებს და აწვდის ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ გელაშვილს, რომელიც შორეულ კუთხეს უმიზნებს, მაგრამ დიდი მანძილით აცილებს კარს.
61" - გელაშვილის პასის შემდეგ პარუნაშვილი ურტყამს შორიდან და ბურთს ედუარდო ეუფლება.
63" - ფერნანდესის დარტყმულს სკრიბე იგერიებს, ჩორიჩის დამატებული კარს სცდება.
80" - როგი "სტანდარტულიდან" აწვდის ბურთს თბილისელთა საჯარიმოში, სადაც ბენკოვიჩის თავური არაზუსტია.
84" - როგის დარტყმულს რენე ეღობება. თბილისის "დინამო" აშკარა გოლს გადაურჩა.
86" - ჯიღაურის უძლიერესი დარტყმა და ედუარდო "ცხრიანიდან" ხსნის ბურთს.
90" - სუდანის ჩაწოდებულ ბურთს როგი კარგად ვერ სწვდება. აქაც გადავრჩით.

26.07. ზაგრები. "მაქსიმირი". 20 000 მაყურებელი
დინამო (ზ)-დინამო (თბ) 2:0
1:0 სუდანი (39. ჩორიჩის პასით), 2:0 ჩორიჩი (42. ფერნანდესის პასით)
ზაგრები (3-4-1-2): ედუარდო - სტოიანოვიჩი, სიგალი, ბენკოვიჩი - როგი, მაჩადო (9. ფერნანდესი), ანტოლიჩი, პივარიჩი - ჩორიჩი (74. ენრიკესი) - სუდანი, ჰოჯიჩი (62. ჟონასი).
სათადარიგოები: სემპერი, მაცელი, შილდენფელდი, სოსა
მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი
თბილისი (4-4-1-1): სკრიბე - ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, ჭელიძე - პაპუნაშვილი (57. კურიე), პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი - კიტეიშვილი (46. გელაშვილი) - დვალიშვილი (80. ცინცაძე).
სათადარიგოები: ლომაია, ალვარო, შპიჩიჩი, თევზაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: სიგალი (37)
არბიტრი: ბობ მადენი (შოტლანდია)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტატისტიკა
13 კარში დარტყმა 14
4 მიზანში დარტყმა 2
3 კუთხური 5
2 თამაშგარე 2
18 ჯარიმა 13
47% ბურთის ფლობა 53%

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 45 /
მეკარეს არ ვაბრალრბთ გოლებს, მაგრამ მოძრაობაზე ეტყობოდა რომ ძალიან დაბალი კლასია.2 გოლის შემთხევაში სხვანაირად უნდა ემოქმედა-შეიძლება მაინც გასულიყო მაგრამ სტატისტად არ უნდა იყოს მეკარე.
მეკარის ფანებს
12:46 29-07-2016
0
ნეთავ კომენტატორი იყოს .ყველაფერი ხდება მაგრამ გელაშვილი ისეთ დასარტყმელ პოზიციაზე იყო არ გატანას გამართლება არ აქვს.
temo
13:22 28-07-2016
0

სიახლეები პოპულარული