[ექსკლუზივი] ივო კატუშიჩი: ისე, ზაგრების "დინამოს" ერთი თვისება აქვს...

AutoSharing Option
ფიზმომზადების ხორვატ სპეციალისტ ივო კატუშიჩს ქართველი გულშემატკივრების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. თავისი საქმის დიდი პროფესიონალი საქართველოში მუშაობდა თბილისის "დინამოში", "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოში". შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი გია გეგუჩაძე მას ბოლომდე ენდობოდა. ბატონი ივო ქართველებთან ურთიერთობას დღესაც ინარჩუნებს.

"ლელო" ხორვატიის ქალაქ სპლიტში დაუკავშირდა კატუშიჩს და ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით აზრი ჰკითხა...

- დინამო (ზაგრები) VS დინამო (თბილისი) - ფარით ან ფარზე!


- ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ, - გვითხრა კატუშიჩმა საუბრის დასაწყისში. - საქართველოსთან ყოველი შეხება ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ვეცდები, თქვენს ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხო.

- ძალიან სასიამოვნოა. ბატონო ივო, ამჟამად რითი ხართ დაკავებული?
- სპლიტში საკუთარი სავარჯიშო დარბაზი მაქვს. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ისეთ კლუბებთან, როგორებიც არიან "ზალცბურგი", "რუბინი", "უდინეზე"...

- ...მაგრამ ჩვენი საუბრის მთავარი თემა ზაგრებისა და თბილისის დინამოელთა დაპირისპირებაა. რას ფიქრობთ ამ თამაშებზე, როგორ აფასებთ შანსებს?
- ძალიან საინტერესო თამაშებს ველოდები და ვფიქრობ, გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთამდე გაურკვეველი იქნება. და მაინც, წარმატების ცოტა მეტ შანსს ზაგრების "დინამოს" მივცემდი და ესეც იმიტომ, რომ შედარებით გამოცდილი გუნდია, ჩემპიონთა ლიგაში პირველად არ მონაწილეობს... მათ იციან, როგორ ითამაშონ შედეგზე, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ.

მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ თბილისის "დინამოს" აუცილებლად ექნება შანსი. ყოველთვის ასე ხდება - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამო" ვერ არის ხოლმე იდეალურ ფორმაში. ამას დაამატეთ ისიც, რომ ერთი თვის წინ გუნდს შეეცვალა მთავარი მწვრთნელი, ახალს კი სჭირდება გარკვეული დრო, რათა ბოლომდე შეეჩვიოს გუნდს.

- საინტერესოა, ხორვატიული პრესა რას წერს ამ შეხვედრის თაობაზე? რა იციან თბილისის "დინამოზე"?
- იციან, რომ თბილისის "დინამომ" კარგი გუნდი შეკრიბა. თანაც, ზაგრების "დინამო" ყოველთვის ცუდად თამაშობს აღმოსავლეთევროპულ გუნდებთან... მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ უფრო მეტ შანსს აძლევენ ზაგრების "დინამოს".

- მარკო პიაცას წასვლა ძალიან დაასუსტებს "დინამოს"?
- რა თქმა უნდა, დაასუსტებს. პიაცა გასულ სეზონში აშკარად საუკეთესო იყო გუნდში. მას ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გაჰქონდა მაშინ, როცა გუნდი კარგად ვერ გამოიყურებოდა. მეორე მხრივ, "დინამო" უკვე მიეჩვია ასეთ სიტუაციას. გუნდს ხომ ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ ტოვებენ საუკეთესო ფეხბურთელები. გავიხსენოთ მოდრიჩის, ედუარდოს, ჩორლუკას, ლოვრენის, მანჯუკიჩის, ბროზოვიჩის, ვუკოევიჩის, იედვაის, ჰალილოვიჩისა და სხვათა მაგალითები.

- თქვენი აზრით, რა არის ზაგრების "დინამოს" ძლიერი მხარე?
- გამოცდილება. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზი გაცილებით ძლიერია, ვიდრე დაცვა. გარკვეულ მომენტებში დაცვა ძალიან უხეშ შეცდომებს უშვებს ხოლმე.

- ხორვატიულ პრესაში როგორ შეფასდა "დინამო"-"ვარდარის" ორრაუნდიანი დაპირისპირება?
- განსაკუთრებული არაფერი დაწერილა. ზოგიერთმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ "ვარდარს" ძალიან კარგი მომენტები ჰქონდა და მაკედონიელები ცოტა უფრო ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, შეიძლებოდა, გაემარჯვათ კიდეც...

ისე, ზაგრების "დინამოს" ერთი თვისება აქვს: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თითქმის არასოდეს იგებს 4 ან 5-ბურთიანი სხვაობით. როცა საჭიროა, მაშინ უმატებენ და იგებენ.

- თქვენი აზრით, რა უნდა დაუპირისპირონ თბილისელებმა ზაგრებელებს?
- ჩემთვის ცოტა რთულია ამაზე საუბარი, რადგან ბოლო დროს თბილისის "დინამო" საქმეში არ მინახავს... შესაძლოა, უკეთესი იყოს კონტრშეტევებზე თამაში... უბრალოდ, მე არ ვიცი, როგორ თამაშობენ კონტრშეტევებზე თბილისის "დინამოს" ამჟამინდელი ფეხბურთელები, გარდა ნიკა გელაშვილისა, ვინც ეს შესანიშნავად იცის.

- თუ დაესწრებით მატჩს?
- ალბათ, ვერა. გადატვირთული გრაფიკი მაქვს და გამიჭირდება ასეთ სიტუაციაში 400 კილომეტრის გავლა. ტელევიზიით კი აუცილებლად ვნახავ თამაშს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
+2.5 -ის ჰანდიკაპი შეიძლება დადოს კაცმა
zviadi
19:03 26-07-2016
0
ა კაცი - უცებ დაგვამშვიდა 4 და 5 ბურთიანი უპირატესობით არ დაგჩაგრავენო....
მსქროლავი ტროლი
17:48 26-07-2016
0

სიახლეები პოპულარული