ბრაიან იდოვუ: მივხვდი - როცა ქართველები ინდომებენ, ბევრი შეუძლიათ

AutoSharing Option
ბრაიან იდოვუს საქართველოში კარგად იცნობენ, პროექტებიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები", "კომედი შოუ". 29 წლის ნიგერიელი სხვადასხვა სატელევიზიო შოუსა და პროგრამების ხშირი სტუმარია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მას ნიგერიის 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, საქართველოში კი პირველი აფრიკელია, რომელიც ბავშვთა გუნდს ავარჯიშებს და საერთოდაც, სამწვრთნელო საქმიანობას სერიოზულად უყურებს...

- მეცხრე წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და აქაურობაც შემიყვარდა. მერე ქართველ ქალზე დავოჯახდი, 5 წლის გოგონა გვყავს და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- ნიგერიაში სახელმწიფო ენა ინგლისურია. ქართული კი ძალიან რთულად ასათვისებელია.
შენ როგორ ისწავლე ჩვენი ენა?

- გეთანხმებით, ქართული ძალიან რთული ენაა. მაგრამ ურთიერთობაში ვისწავლე. ჯერ ვიცოდი "გამარჯობა", "როგორ ხარ", "კარგად ვარ" და ასეთები. ნელ-ნელა კი ბევრად უკეთესად ავითვისე. კითხვაც ვიცი, მაგრამ ბევრად უარესად. სადაც ცხოვრობ, იქაური ქუდი არ უნდა დაიხურო (იცინის)... ხუმრობა იქით იყოს და, ხალხის მიმართ პატივისცემა ენის ცოდნით უნდა გამოხატო. სხვათა შორის, აქამდე სამი ენა ვიცოდი - ინგლისური, ცოტა რუსული და პლუს ნიგერიული, თავისი ორი დიალექტით. ჩვენთან სულ 250 დიალექტია და ძალიან რთული ასათვისებელია. მეგრულიც მესმის, მაგრამ ბუნებით იმერელი ვარ (იცინის), უფრო - სამტრედიელი.

- ვიცი, რომ ფეხბურთს თამაშობდი...
- დიახ, ასეა და რომ იცოდეთ, არც ისე ცუდად. ნახევარდამცველი ვიყავი და ნიგერიის 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატიც გახლდით.

- ცნობილი ნიგერიელი ფეხბურთელებიდან ვინმეს იცნობ?
- გეცოდინებათ ჯონ ობი მიკელი, ნიგერიის ნაკრებისა და "ჩელსის" ნახევარმცველი. ჩვენ ორივე ნიგერიაში, "პეპსის" აკადემიაში ვვარჯიშობდით.

- ნიგერიაში ჩვენზე ბევრად უარესი პირობებია?
- ადრე პირობები საერთოდ არ იყო, ფაქტობრივად, ბავშვები ველურად, ქუჩაში ვარჯიშობდნენ და ამის მიუხედავად, ბევრი ასეთი ფეხბურთელი მოხვედრილა ძლიერ გუნდში. მაგრამ ნიგერიულმა ფეხბურთმა წარმატებებს რომ მიაღწია, მერე ევროპელები დაინტერესდნენ და სკოლები ჩამოაყალიბეს. ვინც აკადემიაში მოხვდება, იმათ საკმაოდ ნორმალურ პირობებს უქმნიან. მაგრამ ევროპელებს ნიგერია მაინც ძალიან ჩამორჩება, კლუბებს დიდი ბიუჯეტები არ აქვთ. ამიტომაც არის, ევროპაში მოხვედრილი ნიგერიელი ბევრს რომ შრომობს, რადგან ყველამ იცის - სხვაგვარად სახლში დაბრუნება მოუწევს, სადაც დიდი პერსპექტივა და ფინანსები არ არის. ბოლომდე შრომა კი წინსვლისა და ნორმალური ცხოვრების წინაპირობაა.

ქართველებიც ასე არ არიან? ჯერ უმაღლესი ლიგის ლიდერებში მოხვედრა სურთ, მერე ევროთასებზე რომ გამოიჩინონ თავი და ევროპაში ითამაშონ, სადაც მეტი პატივისცემა და უკეთესი პირობებია.

Sportall.Ge

- ფეხბურთს რატომ შეეშვი?
- ცოტა ხნით აზერბაიჯანში ვითამაშე, საიდანაც საქართველოში ჩამოვედი და "ზესტაფონში" ვვარჯიშობდი, მაგრამ კონტრაქტი არ გამიფორმეს. მერე კი, ხომ იცით, როგორც ხდება - დავოჯახდი, ფეხბურთს საჭირო ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი და ბოლოს შევეშვი კიდეც. ახლა კი 7 წელია, რაც ბავშვების გუნდს ვავარჯიშებ. თავიდან ეს საქმე ფეხბურთის მონატრების გამო დავიწყე. ევროპულ სკოლაში ბავშვები შევკრიბე და მივხვდი, ეს ჩემი მოწოდება იყო - მიყვარს, ვიცი და შემიძლია.

მსურს, ფეხბურთის ფედერაციაში სამწვრთნელო ლიცენზირების სრული კურსი გავიარო და ამ ქვეყანას გამოვადგე. სხვათა შორის, შეთავსებით, მოყვარულთა ჩემპიონატში საბურთალოს "ბურეშიც" ვითამაშე.

- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვი?
- პოტენციალი გააჩნია, მაგრამ სათამაშო დისციპლინა აკლია. თვალში მხვდება, მოედნის ცენტრში რამდენ შეცდომას უშვებენ და მეტოქეებს რა იოლად ატარებენ. არადა, დღევანდელ ფეხბურთში მოწინააღმდეგე მკაცრად უნდა შეზღუდო და აკონტროლო. ამ შეცდომების გამო, საქართველოს მეტოქე ხშირად სარგებლობს - ასე იყო სლოვაკეთთან და რუმინეთთან და იოლად გაგვტეხეს.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ესპანეთთან მოგებამ გამაოცა და მივხვდი - როცა ქართველები ინდომებენ, ბევრი შეუძლიათ. ანუ მთავარია მოინდომება!

- ნიგერია ნიჭიერი ფეხბურთელების საბადოა. ამ გადასახედიდან, ობიექტურად თუ შეაფასებ, ქართველებს როგორი ბავშვები გვყავს?
- რასაც ვუყურებ, "დინამოს", ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებსა და "საბურთალოში" ძალიან მაგარი ბავშვები არიან. "ზესტაფონში" ვარჯიშის პერიოდიდან ბექა გოცირიძესთან ვძმაკაცობ და ძალიან განვიცდი, რაც მას შეემთხვა - ძალიან მაგარი თავდამსხმელი უნდა გაზრდილიყო. გახსოვთ, უელსს გასვლაზე რა გოლი გაუტანა? მაგრამ ავარიამ კარიერა დაუნგრია.

კალაძის მაგალითი აჩვენებს, რომ შრომით ბევრის მიღწევა შეიძლება. ქინქლაძე კი, ჩემი გაგებით, მესიზე არანაკლები ტალანტი იყო და "სიტის" ლეგენდა შემთხვევით არ გამხდარა. მასზე ვგიჟდებოდი და არ ვიცოდი, ქართველი თუ იყო. ვან გაალი ამბობდა, რომ ვისთანაც კი უმუშავია, მათგან ყველაზე დიდი პროფესიონალი შოთა არველაძეა.

არ მჯერა, რომ ამ ფეხბურთელების, პლუს ქეცბაიას, ყენიასა და არაბიძის გამზრდელ ქვეყანაში, ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში არ შეუძლიათ. მაგრამ ვერ ვხვდები, ევროპაში წასული ქართველების უმრავლესობას რა ემართება? ამ ქვეყნისა და ქართული ფეხბურთის წინსვლა გულით მინდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
გოგას- ფეოლას და ახალკაცის მაგალითად მოყვანა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგარი მარაზმია, ჯიგარ,თუ თავს ძალას დაატან ,ალბათ მიხვდები რისი თქმა მინდა,ბავშვები უნდა ავარჯიშონ კვალიფიციურმა,გამოცდილმა მწვრთნელებმა (როგორც ევროპაში აკეთებენ) რომ მომავალში კარგი ფეხბურთელები გამოვიდნენ,და მათი ნაკლებობის შედეგია დგევანდელი მდგომარეობა ბეხბურთში, მეთანხმები ამაში?
ალეკსანდრე
13:32 25-07-2016
1
კარგი ბიჭია ეს - წესიერი და ჯიგარი!
გაგა
11:50 25-07-2016
0

სიახლეები პოპულარული