თვითმხილველის ნაამბობი: "დინამო", სომხეთი, არგენტინელები და გულწრფელი სურენი...

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ერევნული ვოიაჟი მოამთავრა. მართალია, გასვლით მატჩში საქართველოს 16-გზის ტრიუმფატორმა ვერ დაამარცხა სომხეთის ჩემპიონი "ალაშკერტი", მაგრამ 22-ე წუთზე "დინამომ" ერევანში გაიტანა გოლი, რომელმაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც ორმატჩიანი დუელის ბედი.

- ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]
- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, ნათქვამია და ჩვენც ნუ გავასამართლებთ "დინამოს". მით უმეტეს, წინ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპია. "დინამო" კი ამ ეტაპზე იოლად გავიდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ითქმის, როცა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედს მეორე
თამაშის დასაწყისშივე წყვეტ. მერე კი მწვრთნელს და გუნდს აქვთ უფლება, ძალები დაზოგონ, მით უფრო, როცა სიცხე გაუსაძლისია, მოწინააღმდეგე ხისტად თამაშობს და განწირულს დიდად არ ადარდებს შენი ჯანმრთელობა...

ფეხბურთი სისხლში გაქვთო...
ქართველ ჟურნალისტთა მოზრდილმა ჯგუფმა ერევანში ორი ნაყოფიერი დღე გაატარა. თბილისის "დინამოს" მიერ გამოყოფილი მიკროავტობუსით ერთობ კომფორტულად ვიმგზავრეთ ორივე გზაზე.

"დინამოში" კარგად იციან ჟურნალისტის ფასი. ვფიქრობთ, ეს მივლინება არასოდეს დაავიწყდებათ შედარებით ახალგაზრდა ჩემს კოლეგებსაც. მათთვის ხომ ეს პირველი გასვლა იყო უცხოეთში...

ჩემი წარსული გამახსენდა - 2004 წელი, პირველი მივლინება კრაკოვში და "ვისლასთან" ისტორიული მატჩი. მაშინ "დინამოში" ჩვენი კოლეგა და დიდი მეგობარი, ლევან სალუქვაძე იყო პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ის დღესაც, რომ იტყვიან, თან გადაგვყვა - კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პავლიაშვილთან ერთად, ყველანაირად ეცადა, რომ ჩვენი მივლინება ნაყოფიერი ყოფილიყო სამუშაო თვალსაზისით.

"დინამო" მედიასთან ურთიერთობის სწორ გზას ადგას და ეს მისასალმებელია.

...ჩავედით ერევანში და ძალიან კეთილგანწყობილი ქალაქი დაგვხვდა. ჩაჯდები ტაქსიში და ტაქსისტი გაქებს. ჭარმაგ ჟურნალისტს შეხვდები და ქართულ ფეხბურთს, თბილისის "დინამოს" აქებს. ახალგაზრდა ქომაგი თუ ფეხბურთელი ამბობს, ქართველებს ფეხბურთი სისხლში გაქვთო. ასე გვითხრა სომხეთის ნაკრების ფორვარდის, იურა მოვსესიანის ძმამ. როგორც აღმოჩნდა, ის "ალაშკერტის" ფეხბურთელი ყოფილა, ოღონდ, ძირითადში იშვიათად ხვდება და ამჯერადაც ტრიბუნიდან ადევნა თვალი შეხვედრას.

მოვსესიანს კი რუსეთი ამერიკაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო გაუცვლია - თავს ოკეანის გაღმა უფრო კომფორტულად გრძნობს. ძმის რთულ ხასიათზე ვკითხეთ და, ხელები გაშალა - არა, ყველაფერი მოგონილია, იურა ოქროს ბიჭიაო...

მოვსესიანი იქით იყოს და, ერევანში დიდი დაძაბულობა ჩვენ ვერ შევნიშნეთ. რაც გავარკვიეთ, ესაა: სომხეთის დამსახურებულ სამხედროთა ნაწილი გამაგრებულია ერთ შენობაში, ჰყავთ მძევლები და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. არადა, თავიდან მოთხოვნა მხოლოდ მათი ერთი მეგობრის გათავისუფლება იყო, რომელიც იარაღის ტარებისთვის გახლდათ დაკავებული.

ის ქუჩა, სადაც ეს შენობა დგას, სომეხ სამართალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული. დანარჩენი ერევანი კი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს - ღამის ორ საათზეც კი ძალიან ხალხმრავლობაა ქალაქის მთავარ პროსპექტზე, კაფეები თუ რესტორნები კლიენტების ნაკლებობით ვერ დაიჩივლებენ და რაც ერთი შეხედვით შემიძლია დავწერო, ხალხის საკმაოდ სოლიდურ ნაწილს ბედნიერი ადამიანის გამომეტყველება აქვს.

ერევანი კი მართლაც ლამაზი ქალაქი ყოფილა - იქეთ ქალაქის მთავარი მოედანი, აქით "კასკადი", ქვის უძველესი ქმნილებები, შადრევნები, პარკები... რაც მთავარია, ერევანი მოვლილი და უაღრესად სუფთა ქალაქია. ამის მიზეზი ვიკითხე და - ჩვენი ქვეყანა გვიყვარსო, ასე გვიპასუხა ერთმა დაფასებულმა სომეხმა ჟურნალისტმა...

წყალი და ინტერნეტი, ბატონებო!..
არ ვიცით, ზუსტად როგორ და რა წერია უეფას "უსტავში", მაგრამ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც არაერთხელ ვყოფილვარ ევროპული თამაშების მომსწრე და პირდაპირ უნდა დავწერო, რომ ასეთი რამე არსად მინახავს.

მთელი თამაშისა და მისი წინა პერიოდის (ვგულისხმობთ მატჩის დღეს) "ალაშკერტის" არცერთი წარმომადგენელი ჩვენთან არ მოსულა. ყველაფერს რომ თავი დავანებით, წყალი არ მოუწოდებია. 40-გრადუსიან, გაუსაძლის სიცხეში ისევ "დინამომ" დაგვარწყულა, თორემ დიდი შანსი იყო, თამაშის ბოლომდე ვერც კი გაგვეძლო. არადა, შეეძლოთ - სტადიონზე მატჩამდე ორი საათით ადრე მივედით...

სტადიონზე არ იყო ინტერნეტი. ცოტა რთული წარმოსადგენია, ასეთ პრობლემას რომ თანამედროვე პირობებში აწყდები, მაგრამ ეს ფაქტია...

თამაშის გარშემო
რა თქმა უნდა, სასურველია, რომ საქართველოს ჩემპიონი, ამ შემთხვევაში თბილისის "დინამო", ორივე შეხვედრაში ამარცხებდეს ისეთ გუნდს, როგორიც "ალაშკერტია". ამის პოტენციალი თბილისელებს ნამდვილად ჰქონდათ.

მომეჩვენა, რომ მეორე ნახევარში "დინამომ" მაქსიმალურად დაზოგა ძალები. როცა სულ რაღაც ერთ კვირაში უმნიშვნელოვანესი მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე, ამისთვის გუნდს ბოლომდე ვერ გავამტყუნებთ. ეგაა, ქართული საკლუბო ფეხბურთის სადღეისო მდგომარეობა ისეთია, რომ რეიტინგის გაუმჯობესების ყველა საშუალება გამოსაყენებელია.

იურაი იარაბეკმა სწორად განსაჯა: მან მოწინააღმდეგის კარზე თავიდანვე ორი ფორვარდი მიუშვა. დააწესა პრესინგი და მეორე ტაიმიც ისე რომ გვეთამაშა, როგორც პირველი, ვფიქრობთ, "ალაშკერტი" დიდი ანგარიშით წაგებას ვერ გადაურჩებოდა.

ერთი, რაც "დინამომ" აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი მატჩისთვის - არაფრით არ შეიძლება ამდენი საგოლე მომენტის გაფლანგვა. ჯერ ერთი, III ეტაპზე "დინამოს" ისეთი მეტოქე ეყოლება, ამდენ შანსს არ მისცემს. და მეორეც - გუნდის საერთო კლასის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი სწორედ საგოლე მომენტების რეალიზაციის პროცენტია.

ერთიც: თუ ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით თამაში გვსურს, უნდა შევძლოთ ორივე ტაიმის ერთ დონეზე ჩატარება. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც სომხებთან პირველი მატჩის მეორე და მეორე შეხვედრის პირველ ტაიმში.

ამხელა სხვაობა გუნდის მიერ ჩატარებულ ორ ტაიმს შორის არ უნდა იყოს და ეს ნაკლი აუცილებლად გამოსასწორებელია მომავალ შეხვედრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება.

სალამი არგენტინიდან
სომხეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - "კასკადი" რომ დავათვალიერეთ, არგენტინელ მოცეკვავეთა სოლიდურ ჯგუფს გადავაწყდით. გოგონები, ბიჭები და უფროსი ასაკის ქალბატონ-ბატონები - ასეთი იყო ამ ჯგუფის შემადგენლობა.

არგენტინელ გოგონათაგან ულამაზესს საქართველოს დროშასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადავუღეთ და ჩვენც გადავიღეთ. ლიონელ მესის ხსენებას კი მთელი დელეგაციის ძალიან ხმამაღალი ამოძახილი მოჰყვა: "სიიიიიიიიიიიიიი"... მესიო და, ერთხმად ლიონელის ქება დაიწყეს.
ქართველებთან მოკითხვა დაგვაბარეს და გზა განაგრძეს.

გული კი დაგვწყდა, მაგრამ რას ვიზამთ. აქეთ არგენტინელ ბანოვანთან სილამაზე გვიხმობდა, იქით "ალაშკერტი"-"დინამო". რა თქმა უნდა, ფეხბურთი ვარჩიეთ. ისე, ურიგო არც არგენტინელთა კონცერტის ცქერა უნდა ყოფილიყო.

ლელო, ქართული ფეხბურთი და საქართველო
სომეხმა ჟურნალისტმა, იქაურმა ლეგენდამ, სურენ ბაღდასარიანმა ზუსტად ასეთი რამ მითხრა - ყმაწვილო, თქვენ "ლელოს" წარმოადგენთ და იმედი მაქვს, გაცნობიერებული გაქვთ, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრიათო?!

გული გამითბა. თუნდაც მთლად ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით არა, მაგრამ მაინც საზღვარგარეთ ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც არის დაკავშირებული შენს სამშობლოსთან, გულს გიჩუყებს და უნდა გითხრათ, ჩვენი გაზეთის ასეთ კონტექსტში ხსენებამ ძალიან გამახარა.

მერე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ქართულ თუ სომხურ ფეხბურთზე. და იცით, რა მითხრა ბატონმა სურენმა? - "ქართულ ფეხბურთს ვერაფერი მოერევა. ის მუდამ იყო, არის და იქნება. ჩვენ ყველას გვჯერა მისი უკეთესი მომავლის".

არ შეიძლებოდა, ეს არ ყოფილიყო გულწრფელი სიტყვები. დღეს, როცა საქართველოში ფართო გაქანება მიეცა საფეხბურთო ნიჰილიზმს, ჩვენი ამაგდარი სომეხი კოლეგის (პირველი საფეხბურთო ტელეკომენტატორი მთელ სომხეთში) მიერ ნათქვამ ამ სამ წინადადებას განსაკუთრებული ფასი აქვს.

ჩვენც ოპტიმისტურად დავამთავროთ. გაგრძელება იქნება. "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს...

ერევანი-თბილისი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ერევანი ნამდვილად გალამაზებული აქვთ და უვლიან, განსაკუთრებით ცენტრს, მაგრამ როგორც ერევანს გაცდები შევარდნაძისდროინდელ ეპოქაში გეგონება თავი, დაწყებული გზების ხარისხით და დამთავრებული სერვისებით!
moqalaqe
13:55 22-07-2016
0
ჭირი იქა, ლხინი აქა.... ვაჰ კარგი იყო, ისე ავტორმა ზღაპრების წერაც, რომ სცადოს არ იქნებოდა ცუდი :)
0

სიახლეები პოპულარული