შირაქი VS დილა - წვიმა და თანაბარი შანსები

AutoSharing Option
ფოტოზე: გორელთა ვარჯიში "გიუმრი არენაზე"
დღეს, 7 ივლისს, გორის "დილა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სომხურ "შირაქს" სტუმრად დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გორში ქართულმა გუნდმა ირაკლი მოდებაძის გოლით 1:0 მოიგო.

- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "თრიალეთი" გეგმავს.

მატჩს ლიტველ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. არბიტრად სერგიუს სლივაა გამწესებული, დამხმარეებად კი - საულიუს დირდა და ვიტის სნარკისი.

6 ივლისს გორის "დილამ" ქალაქ გიუმრიში, "გიუმრი არენაზე" მატჩისწინა ვარჯიში გამართა. წვრთნა ერთი
საათი გაგრძელდა. ვარჯიშის დაწყებამდე კი უჩა სოსიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

- რას იტყვით ქალაქ გიუმრიზე? მოგეწონათ თუ არა მოედნის საფარი?
- არამარტო გიუმრიში, საერთოდ სომხეთში პირველად ვარ. შთაბეჭდილება დადებითია. მინდვრის საფარს რაც შეეხება, ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია.

- პირველი შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა. რას იტყვით ამის თაობაზე?
- თამაშის შემდეგ გავიგე ამ ინციდენტზე და უშუალოდ ჩავერთე პროცესში. მსურდა, გამერკვია, თუ რა მოხდა... რა თქმა უნდა, ყველანაირი ინციდენტი ცუდია. თანამედროვე ფეხბურთში ეს მხოლოდ ჩვენს გულშემატკივარს არ ეხება. ეს ეხებათ ისეთი კლუბების ქომაგებსაც, როგორებიც არიან "ბარსელონა", "რეალი"... სხვა გრანდები...

- შანსებს როგორ შეაფასებთ?
- ჩვენ პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ წინ კიდევ ერთი თამაშია. შანსებს თანაბრად შევაფასებ.

- თქვენ 26 წლის ხართ, თუმცა უკვე მიაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს. პრო-ლიცენზია თუ გაქვთ?
- მაქვს A-ლიცენზია. დადგება დრო, როცა პრო-ლიცენზიაც მექნება.

- პირველი მატჩის მეორე ტაიმში დაცვიდან ითამაშეთ. ეს ტაქტიკური სვლა იყო თუ ამის გაკეთება მოწინააღმდეგემ გაიძულათ?
- პირველ შეხვედრაში ორივე გუნდმა შემტევი სტილი აირჩია. გოლი რომ გავიტანეთ, ფეხბურთელებს დავალება მივეცი, კონტრშეტევებზე ეთამაშათ. ამ სიტუაციაშიც გვქონდა გატანის შანსი, თუმცა ვერ მოვახერხეთ.

- ახალი ფეხბურთელები ხომ არ დაიმატეთ?
- "შირაქთან" მატჩისთვის ემზადება ყველა ის ფეხბურთელი, ვინც პირველ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

- "შირაქიდან" რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევდით?
- დაკონკრეტებას მოვერიდები. მეტოქე უფრო გუნდური თამაშით გამოირჩევა.

- თამაშის დღეს წვიმაა მოსალოდნელი...
- პირველი მატჩიც ასეთ პირობებში ჩავატარეთ და ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის. თითოეული ფეხბურთელი მინდორზე მაქსიმუმს გაიღებს წარმატებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
დილა ისე მაგრა გამოვა ევროპა ლიგაზე წელსა რომა ჩემპიონთა ლიგაზე გადაიყვანენ ნამდვილათა. ვინც არ იცით: პატარა გორი დიდია!
კატლეტა
14:20 07-07-2016
0
საჭიროა "სუფთა გონებით" მოქმედება, ანუ არ უნდა დაიბნნენ, ისე როგორც სამტრედიას დაემართა. და მაინც; მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გაბალა , როგორც გუნდი შეიძლება სამტრედიაზე უკეთესი იყოს, მაგრამ ამ ანგარიშით წაგებას მაინც არ იმსახურებდნენ.
levani kaxeti
13:05 07-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული