აზერბაიჯანულმა "გაბალამ" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "სამტრედიამ" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად "გაბალასთან" გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ბაქოში, "ბაქსელ არენაზე" მასპინძლებმა ანგარიში მე-16 წუთზე, ვოისლავ სტანკოვიჩის გოლით გახსნეს, აქედან სამ წუთში კი ომარ მიგინეიშვილის კარში უკვე სერგეი ზენევმა გაიტანა. 30-ე წუთზე "გაბალას" ანგარიშში სამბურთიანი უპირატესობა ლიბერიელმა ლეგიონერმა თეო უიკსმა მოუპოვა.

შესვენების შემდეგ "სამტრედიას" იმედი ლაშა შერგელაშვილმა ჩაუსახა, რომელმაც 59-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, მაგრამ... ამის შემდეგ გია ცეცაძეს გუნდს რისხვად ზემოთ ნახსენები თეო უიკსი მოევლინა, რომელმაც 69-ე
და 72-ე წუთებზე დაცვაში დაშვებული შეცდომები არ გვაპატია, ჰეთ-თრიქი შეასრულა და პრაქტიკულად, გაუნაღდა თავის გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი.

ყოველ შემთხვევაში, "სამტრედია" "გაბალასთან" საპასუხო შეხვედრას ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 7 ივლისს ჩაატარებს. 

"სამტრედიამ" შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მანჯგალაძე (71, ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (59, მარკოზაშვილი), ჯიქია (46, გამყრელიძე), შერგელაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "გაბალამ" შარშან თბილისის "დინამო" ჩამოაშორა ევროთასებს...