გაბალა VS სამტრედია - რევანშის მოლოდინი

AutoSharing Option
ფოტოზე: "სამტრედიის" ვარჯიში ბაქოში
დღეს, 30 ივნისს, სამი ქართული გუნდისთვის ახალი, 2016/17 წლების საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყება: "დილა", "სამტრედია" და "ჩიხურა" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავენ.

წინა სეზონის გამორჩეული ქართული გუნდი "სამტრედია" 21-წლიანი პაუზის მერე უბრუნდება ევროტურნირებს: გია ცეცაძის გუნდი დღეს ბაქოში დაუპირისპირდება აზერბაიჯანის ერთ-ერთ უძლიერეს და უმდიდრეს გუნდს, "გაბალას". შეხვედრა ბაქოში, "ბაქსელ არენაზე" 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "II არხი" წარმოადგენს.

29 ივნისს "სამტრედიამ" "ბაქსელ არენაზე" მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, ცეცაძემ კი პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

-
გია ცეცაძე: "გაბალას" სუსტი წერტილები შევისწავლეთ

- "გაბალას" მწვრთნელი: 6:0–ს მოვიგებდით, მაგრამ "სამტრედია" რთული მეტოქეა
- [ფოტოგალერეა] "სამტრედიას" ვარჯიში ბაქოში, "გაბალასთან" მატჩის წინ

"სამტრედიას" საევროთასო განაცხადი:
მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, კახა მეშველიანი, ოთარ სტურუა;
მცველები: დავით მთივლიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი ახალაძე, ზურაბ სტურუა, საბა თვალავაძე;
ნახევარმცველები: დავით რაჟამაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, შოთა კერძევაძე, თორნიკე გორგიაშვილი, თემურ მარკოზაშვილი, გიული მანჯგალაძე, გიორგი გამყრელიძე;
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული, დავით ჯიქია, ბუდუ ზივზივაძე, ზაურ ხაბეიშვილი, აკაკი ნინუა.

გვჯერა, რომ "სამტრედია" შეძლებს და ორრაუნდიან დაპირისპირებაში მოიპოვებს ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს...

ნაცნობი გაბალა
ევროტურნირებზე "სამტრედიის" დებიუტი (1995 წელს) წარუმატებელი გამოდგა: არცთუ ურიგო და ერთმანეთზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა იმდროინდელი უეფას თასის საწყის ეტაპზე ორივე მატჩი წააგო მაკედონიის "ვარდართან".

ანუ ევროტურნირებზე "სამტრედიისაგან" პირველი ქულ(ებ)ის მოლოდინიც გვაქვს; ისე, როგორც რევანშის მოლოდინი გვაქვს ქართველ გულშემატკივრებს: შარშან ზაფხულს, ჩვენმა გუნდებმა (თბილისის "დინამომ", "დილამ", ბათუმის "დინამომ", "ცხინვალმა") ევროტურნირებზე ასპარეზობა პირველსავე ეტაპის შემდეგ რომ დაასრულეს, ერთ-ერთი მეტოქე სწორედ "გაბალა" იყო, ორი მატჩის ჯამში რომ აჯობა თბილისის "დინამოს"...

"გაბალას" მეორედ ვხვდებით ევროტურნირებზე. ასევე ორჯერ დაუპირისპირდნენ ჩვენი გუნდები აზერბაიჯანელთა "სახალხო გუნდად" მიჩნეულ "ნეფთჩის", თითო-თითოჯერ კი "შამქირსა" და "ბაქის" შევხვდით. სამწუხაროდ, წინა ხუთი შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ მოხდა, მომდევნო ეტაპზე ქართული გუნდები რომ გავიდნენ.

რაც შეეხება კონკრეტულად მატჩებს, ევროტურნირებზე ქართულ-აზერბაიჯანული გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში დღესდღეობით თანაფარდობაა: 4 მატჩი ჩვენმა გუნდებმა მოიგეს, 4 - აზერბაიჯანულმა გუნდებმა, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ერთადერთი, ისიც უმნიშვნელო უპირატესობა აზერბაიჯანელებს ბურთების შეფარდებაში აქვთ: 13-11.

ახლა კი ევროტურნირებზე ქართულ-აზერბაიჯანული გუნდების ყველა დაპირისპირება გავიხსენოთ...

სხვადასხვა განწყობით...
აზერბაიჯანულ გუნდთან ევროტურნირებზე პირველი დაპირისპირება 2004 წელს გვქონდა: უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "თბილისის" მეტოქე "შამქირი" იყო; ევროტურნირების დებიუტანტი "თბილისი", ერთი-ორის გარდა, ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და გუნდის მთავარი მწვრთნელიც ასევე ახალგაზრდა გახლდათ - გიორგი დევდარიანი.

ამის მიუხედავად, "თბილისმა" უპრობლემოდ დაძლია აზერბაიჯანული გუნდის ბარიერი: გიორგი ჭელიძის ერთადერთი გოლით ჯერ საშინაო მატჩი მოიგო, მერე კი უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვა სტუმრად - 4:1 (გოლები: კოკა მიკუჩაძე 2, გივი კვარაცხელია, გიორგი ჭელიძე).

ასევე წარმატებით გავიარეთ აზერბაიჯანული გუნდების ბარიერი 2006 წელსაც, როცა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა ცხადაძის დამოძღვრილმა "სიონმა" ორი მატჩის ჯამში აჯობა თავისზე ლამის სამჯერ მეტბიუჯეტიან "ბაქის".

ორივე შეხვედრა დაძაბულად და უაღრესად ნერვულად წარიმართა: თბილისში ჩვენმა ჩემპიონმა მეორე ტაიმის ბოლოსკენ გატეხა ლეგიონერებით "დახუნძლული" მეტოქის წინააღმდეგობა და ვლადიმერ უგრეხელიძისა და ერიკ-რომეო ჩასემის გოლებით 2:0 მოიგო; საპასუხო მატჩში "ბაქიმ" კი იმარჯვა (1:0), მაგრამ ეს ანგარიში ქართული გუნდისათვის იყო მისაღები და მომდევნო ეტაპზეც "სიონი" გავიდა.

აი, ამის შემდეგ კი ქართული გუნდები ვერაფრით ახერხებდნენ მეზობლების ძლევას და სამივე შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე აზერბაიჯანული გუნდები გადიოდნენ. რაღა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ მეტოქეთა შემადგენლობებში "ხარისხიანი" ლეგიონერები გამოდიოდნენ და ბიუჯეტითაც გვჯობნიდნენ, მაგრამ "ნეფთჩისაგან" (თანაც, ორჯერ!) და "გაბალასგან" მიღებული მარცხი მაინც მტკივნეულად ასატანი იყო...

...2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის ჩემპიონმა პირველ მატჩში დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა "ზესტაფონი": სტუმართა უკანახაზელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს "ნეფთჩის" მართლაც გამორჩეულ ლეგიონერებს, ჯულიუს ვობაის (სიერა-ლეონე) და ნიკოლას კანალესს (ჩილე). საპასუხო მატჩი ქართველი გულშემატკივარისათვის მართლაც იმედიანად დაიწყო: 20 წუთიც არ იყო გასული შეხვედრის დაწყებიდან, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილი "ზესტაფონი" დავით მუჯირისა და ჯაბა დვალის გოლებით 2:0-ს იგებდა! თუმცა, ჯულიუს ვობაიმ პირველ ტაიმშივე შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, შესვენების შემდეგ კი რაშად სადიგოვმა პენალტი ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ანგარიშიც (2:2) დააფიქსირა.

ორი წლის მერე "ნეფთჩის" ისევ დაუპირისპირდა ქართული გუნდი, ოღონდ ამჯერად ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე და ბაქოში ჩატარებულმა პირველმა მატჩმა ოპტიმისტურადაც განგვაწყო: სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურამ" გასვლით შეხვედრაში 0:0 ითამაშა კვლავაც ლეგიონერებით "გადატენილ" გამოცდილ მეტოქესთან. სამწუხაროდ, საპასუხო მატჩში სტუმრებმა იმარჯვეს (3:2) და პლეი ოფშიც გავიდნენ. იმ უხვგოლიან შეხვედრაში "დუბლი" შეასრულა "ჩიხურას" შემტევმა გიორგი გაბედავამ, ხოლო სტუმართა კამერუნელმა ცენტრფორვარდმა ერნესტ ნფორმა - ჰეთ თრიკი!..

არანაკლებ მტკივნეული იყო შარშანდელი მარცხიც: ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" ჯაბა ჯიღაურისა და გიორგი პაპუნაშვილის გოლებით პირველ მატჩში 2:1 დაამარცხა "გაბალა" (ძირითადში 8 ლეგიონერი რომ ჰყავდა); თუმცა, საპასუხო შეხვედრაში "გაბალამ" ბოლო სამ წუთში ორი უპასუხო გოლი გაიტანა "დინამოს" კარში და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.

ისიც გავიხსენოთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა "გაბალასთან" ჩატარებული ორივე მატჩი რიცხობრივ უმცირესობაში დაამთავრა: პირველ შეხვედრაშიც გააძევეს ჩვენი ფეხბურთელი და საპასუხოშიც. სხვათა შორის, ამის მერე "გაბალამ" იმდენი მოახერხა, რომ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა საცოდაობაა სამტრედიას ყურება,,, ცეცაძეს "უმაღლესი კლასი" კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ მატჩში!!ახალგაზრდებთან კარგი იქნება მისი მუშაობა მაგრამ დიდი ფეხბურთისთვის.....! ან რა დონის ფეხბურთელები არიან...?! ვიღაც შავკანიანმა პატარა ბავშვებივით აგორავა მინდორზე! ამ და გორის დილას თამაშებმა დაგვანახა რა უფსკრულშია ქართული ფეხბურთი უნდა ვაღიაროთ რომ საქართველოს პროფესიონალი ფეხბურთელები არ ყავს მხოლოდ მოყვარულები!!! ფუ მართლა.....ფეხბურთი შემაზიზღეს
khai taraqunem republik
23:08 30-06-2016
0
ასე იცის უაზრო თამაშმა. სად არიან ვითომ პატრიოტი ოპტიმისტები?
საერთოდ ნუ გამოდიან საქართველოს სახელით.
haha
22:30 30-06-2016
0

სიახლეები პოპულარული