უჩა სოსიაშვილი: მარცხის გაფიქრებაც არ გვინდა!

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, "დილა" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას გამართავს. უჩა სოსიაშვილის გუნდი გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" სომხურ "შირაქს" (გიუმრი) უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას ტელეკომპანია "თრიალეთი" განახორციელებს.

დილა VS შირაქი - დადებითი ბალანსი

29 ივნისს, "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა "შირაქთან" მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

- პირველ ყოვლისა, ევროპალიგისთვის გუნდის მზადების შესახებ გვითხარით...
- მზადება 3 ივნისს დავიწყეთ და აქამდე ოთხი ამხანაგური მატჩი გავმართეთ. ამ დროის განმავლობაში მუდამ იცვლებოდა გუნდის შემადგენლობა. ფეხბურთელთა ნაწილმა, რომლებთანაც ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელების
სურვილი გვქონდა, "დილასთან" ერთად დაიწყო მომზადება, მაგრამ, რადგან ვერ მოხერხდა მათთან შეთანხმება, სამწუხაროდ, გუნდიდან წავიდნენ. მართალია, ამ ეტაპზე, რაც შეეძლო, იმის მაქსიმუმი გააკეთა ქალაქმაც და თავად კლუბმაც, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ შეკრება არ ყოფილა სრულფასოვანი, იყო ხარვეზები...

- გუნდიდან წასული ფეხბურთელების გარეშე თამაში ძნელი იქნება...
- ესენი იყვნენ ფეხბურთელები, რომელთა მხრებზეც გადაიარა გასული სეზონის სიძნელეებმა. მინდა განსაკუთრებით გამოვყო გუგა ფალავანდიშვილი, ირაკლი ძარია, ოთარ მარცვალაძე და დავით ხურცილავა. მათ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო იმისთვის, რაც "დილასთვის" გააკეთეს. წარმატებებს ვუსურვებ ახალ კლუბებში.

- თქვენთვის ნაცნობია "შირაქი", ადრე ამხანაგურადაც ეთამაშეთ. რა მოლოდინი გაქვთ მათთან პაექრობის წინ?
- მაშინ ჩვენ ჩემპიონები ვიყავით და ვემზადებოდით ბელგრადის "პარტიზანთან" შესახვედრად. ის მატჩი "შირაქს" მოვუგეთ, თუმცა მაშინ გუნდში სხვა ფეხბურთელები იყვნენ, სხვა სიტუაცია და შემართება იყო, მიზნებიც განსხვავებული გვქონდა. მაშინ "დილა" უფრო შეკრული და შეთამაშებული გუნდი იყო, ვიდრე ახლაა. ამჟამად, ევროპის ლიგაში ვართ და ვიბრძვით იმისთვის, რომ პირველი ეტაპი დავძლიოთ.

- რა არის "შირაქის" დადებითი მხარე?
- სტაბილური, შეთამაშებული და მებრძოლი გუნდია. წლების განმავლობაში, "შირაქი" ერთი და იმავე შემადგენლობით თამაშობს, რაც ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სათამაშო სტილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და სომხეთის ჩემპიონატში მათ მიერ ნათამაშები მატჩების ანგარიშებიდანაც ჩანს, აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებენ.

- ხუთშაბათის მატჩში შანსებს როგორ შეაფასებდით?
- ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. ჩვენ ახალი გუნდი გვყავს, არაერთი ფეხბურთელი სულ რაღაც ორი კვირის მოსულია "დილაში", თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსაგებად არ ვიბრძოლებთ. თითოეული ფეხბურთელი და მწვრთნელები მაქსიმუმს გავაკეთებთ ხვალინდელ მატჩში გასამარჯვებლად და არც საპასუხო მატჩში სასურველი შედეგისთვის დავზოგავთ თავს. დანარჩენი ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება, ოღონდ ერთი წუთითაც არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება ამ ეტაპიდან გამოვეთიშოთ ასპარეზობას.

- გუნდში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც ევროტურნირებზე დაგეხმარებათ და მერე დატოვებენ "დილას"?
- დღესდღეობით, ყველა ფეხბურთელი, ვინც გუნდშია, ევროტურნირისთვის დაგვეხმარება. თუ პირველ ეტაპს გადავლახავთ, ისინი დარჩებიან "დილაში", წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, წავლენ. ყველაფერი ფინანსურ მხარეზეა დამოკიდებული. სამომავლოდ, გუნდი სწორედ ამ ფინანსურ გეგმებზე უნდა აეწყოს და შესაბამისად, ჩვენთვის ამ ეტაპის გავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- და ეს ფინანსური გეგმები როგორია ევროპალიგისა და ახალი ჩემპიონატის დაწყების წინ?
- ახალი სეზონის წინ კლუბში ფინანსური სიტუაცია არცთუ ისე სახარბიელოა, მაგრამ არ მინდა, ახლა ამაზე გავაკეთო აქცენტი. ახლა ჩემთვის "შირაქთან" თამაშია საინტერესო.

- ტრავმების გამო დანაკლისი ხომ არ გაქვთ?
- დიახ, არის დანაკლისი - კუჭუხიძე და კვახაძე ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ, ლაშა ჯაფარიძეს კი დისკვალიფიკაციის გამო მოუწევს მატჩის გამოტოვება, თუმცა საპასუხო შეხვედრაში დაგვეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაფრის მიუხედავად დღეს გორის დილა თავდადებით იბრძოლებს და გაგვახარებს გორელ გულშემატკივრებს.ამ ეტაპზე ეს ზღვარი იქნება,დანარჩენზე მერე ბილაპარაკოთ
გივი გაგნიძე
14:29 30-06-2016
0
ფედერაციას,გორის მერიას არც ნამუსი აკვთ, არც სცხვენიათ,არც ქვეყანა უყვართ ყველას დასაცინს და მასხარად ასაგდებს რო გვხდიან.ისე მაინც გაეკეთებინათ რო გირსეულად გამოვსულიყავით და ორი კვირის შეკრებილი გუნდით არ გვეთამაშა.წარმატებები დილა
riti ver dadzexit
12:00 30-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული