აკაკი დევაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მატჩი შედგა

AutoSharing Option
30 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციისა და საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევით გაიმართა საქველმოქმედო მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის აკაკი დევაძის მხარდასაჭერად.

აკაკი დევაძეს ღვიძლზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება და რადგან ოპერაცია თურქეთში უნდა გაკეთდეს, მკურნალობა სოლიდურ თანხასთანაა დაკავშირებული. ვეტერანი მოთამაშის დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში. თანხის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია:

საქართველოს ბანკის კოდი: BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE52BG0000000692294500

დღევანდელ თამაშში საქართველოს ნაკრების ექს-ფეხბურთელების და ვეტერანი დინამოელების გარდა მსახიობები, მომღერლები,
სპორტული ჟურნალისტები, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და მოქმედი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ხაზგასასმელია, რომ აკაკი დევაძის სამკურნალოდ დახმარება გაიღეს ძიუდოს, კალათბურთის, ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციებმა, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ, ასევე ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

აკაკი დევაძე დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელმაც საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. ეს 1995 წელს მოხდა, როცა იმხანად რუსეთის "როსტსელმაშის" მოთამაშემ გაზეთ "სარბიელის" გამოკითხვაში გაიმარჯვა.

აკაკი დევაძემ ეროვნულ გუნდში ოცჯერ ითამაშა. პირველად 1992 წლის 2 სექტემბერს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ, უკანასკნელად კი 2005 წლის 30 მარტს, თურქეთთან.

სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული