სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
AutoSharing Option
15:10 19-03-2016
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გულშემატკივარმა 2014 წელს გაიცნო. მაშინ რუსთავის "მეტალურგში" გამოდიოდა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გახლდათ. ოქტომბერში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშებამდე გულშემატკივარი არ იცნობდა, ჰა, ჰა, გვარი თუ ჰქონდათ გაგებული. არადა, თავი საუცხოოდ წარმოაჩინა და სპეციალისტებიც აალაპარაკა...

...მაგრამ დასრულდა შესარჩევი მინი-ტურნირი და ბომბარდირთა სათავეში მოექცა არა ჩერნოგორიის (რომელმაც შესარჩევ ციკლში ყველაზე მეტი, 9 ბურთი გაიტანა) ან იგივე რუმინეთის ნაკრების რომელიმე მოთამაშე, არამედ - სწორედ კიტეიშვილი.

ამ ტურნირზე ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახლდათ და მწვრთნელის ნდობაც გაამართლა. გარდა იმისა, რომ შეტევებს უნარიანად ხელმძღვანელობდა, თამაშსაც ამწვავებდა. სტატისტიკა მეტყველებდა, რომ ყველაზე მეტჯერ კარში მან დაარტყა და ჯგუფის ბომბარდირი გახდა - 3 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა - ჯერ კვიპროსელთა კარი აიღო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუმინეთთან დუბლი შეასრულა და ელიტრაუნდის საგზურის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა.

არადა, ამ დროს ბევრმა ვერც გაიგო, რომ რუმინელთა რიგებში მილანის "ინტერის" თავდამსხმელი გეორგ პუშკაში თამაშობდა, ჩერნოგორიაში კი "პსვ ეინდჰოვენისა" და "დორტმუნდის" ფორვარდები.

ელიტრაუნდის შემდეგ კიტეიშვილი თბილისის "დინამოში" გადაიყვანეს, სადაც ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. 2015 წლის შედეგების მიხედვით კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

ფაქტია, რომ წლების წინათ, რუსთავში, ვარლამ კილასონიამ ისეთი შრომა გასწია, რომლის ნაყოფსაც ახლა იმკის...

იღბლიანი დებიუტანტი
- რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. ფეხბურთზე საკმაოდ გვიან, 11 წლიდან შევედი. სამი ძმა ვართ, დილიდან საღამომდე ბურთს დავდევდით და, ასე ვთქვათ, ქუჩის სკოლაც გავიარე, რაც ყველა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება. სხვათა შორის, მშობლებს ფეხბურთი უყვარდათ და ყველანაირად მახალისებდნენ და ხელს მიწყობდნენ...

ყველამ იცოდა, რომ ჩვენს ასაკში ყველაზე მაგარი გუნდი რუსთაველებს გვყავდა. ორჯერ ჭაბუკთა ლიგაშიც გავიმარჯვეთ, მერე - ელიტლიგაშიც. არაოფიციალურ ტურნირებსა და თასებზე არაფერს ვამბობ, სიმართლე გითხრათ, ყველაფერი არც მახსოვს...

ამის მიუხედავად, ცოტა უცნაური კი იყო, რომ ამ გუნდის წევრებს ასაკობრივ ნაკრებში არ გვიწვევდნენ. მაგრამ 19-წლამდელთა ნაკრებში გიორგი დევდარიანი რომ დაინიშნა, მე და გიორგი კილასონია მიგვიწვია და მისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი...

სხვათა შორის, მე და კილასონია ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. პირველი მწვრთნელი კი მამამისი, ვარლამ კილასონია იყო და დიდ ფეხბურთამდეც მასთან ვვარჯიშობდი. საერთოდაც, კარიერა რომ ამეწყო, მისი დამსახურებაა. პატარა ბიჭები შეგვკრიბა და ისე გვავარჯიშებდა, გუნდი არც ერთ საფეხბურთო სკოლას არ ეკუთვნოდა. ჩვენივე ხარჯებით ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით...

ვარლამმა გვასწავლა ცხოვრებისეული და სათამაშო ნიუანსები, ჩამოგვიყალიბა საფეხბურთო ხედვა, მასთან ტექნიკაც დავხვეწეთ, ბურთთანაც გაგვაშინაურა, თეორიულადაც ბევრი რამ გვასწავლა. აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ მომზადებასა და გამძლეობაზე - ამითიც გამოვირჩეოდით. სხვათა შორის, ბევრი მწვრთნელივით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
კაცის მოტყუებას კი არ გვიშლიდა. მაგრამ ამაშიც ზომიერება გვასწავლა - ჩვენი თითოეული ქმედება გუნდისთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო.

პატარები ვიყავით და კარგად მახსოვს, გულში ჩამრჩა მისი ნათქვამი - ფეხბურთში ბოლომდე თუ დაიხარჯები, ასმაგად დაგიბრუნდებათო. ბავშვებზე ხომ ასეთი სიტყვები ძალიან მოქმედებს...

მერე, როცა გავიზარდეთ, პატარა მოედანი აღარ გვყოფნიდა და ზაურ ბოლქვაძის საფეხბურთო სკოლაში გადავედით, სადაც ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობდით. გასახდელები იყო, მაგრამ ცხელი წყალი და კარგი ცხოვრების რა გითხრათ... გაჭირვებაც გვახსოვს და რთული პერიოდებიც. მაგრამ ჩვენი ძალა ერთსულოვნება იყო. ძალიან მეგობრული გუნდი გვყავდა, ეს კი ჩვენი მწვრთნელის დამსახურება იყო.

სხვათა შორის, სადაც კი კილასონია წავიდა, ყველგან ასეთი გუნდი ჩამოაყალიბა.

რუსთავული ზღაპარი
- სწორედ კილასონიას რჩევით ამიყვანეს რუსთავის "მეტალურგში". 2014 წლის ბოლოს, მაისში, უმაღლეს ლიგაში 18 წლისამ ჩემპიონატის ბოლო სამი თამაში ჩავატარე - ბოლნისის "სიონთან", ლანჩხუთის "გურიასა" და თბილისის "დინამოსთან". "სიონთან" სადებიუტო შეხვედრაში გოლიც გავიტანე...

ვარჯიში კარგია, მაგრამ ზრდაში, ყველაზე მეტად, უმაღლეს ლიგაში თამაში დამეხმარა. 18 წლის ბიჭისთვის ეს ბევრს ნიშნავდა და ბევრიც ვისწავლე. სამწუხაროდ, "მეტალურგი" ლიგაში ყველაზე ღარიბი კლუბი იყო. წყალი რომ წყალია, სტადიონზე ისიც არ გვქონდა, არც შუქი და ეს "მეტალურგს" შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს უშლიდა.

არადა, ძალიან კარგი ბიჭები, მებრძოლი და შეკრული გუნდი გვყავდა. ფეხბურთი ყველას გვიყვარდა და მონდომებულები ვიყავით - მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც. ფული როგორ არ გვინდოდა, მაგრამ ყველა ახალგაზრდა ვიყავით და თამაშზე უფრო ვფიქრობდით.

თუ გახსოვთ, თბილისის "დინამოს" 3:0 მოვუგეთ და ბევრი ლიდერიც გავამწარეთ. უფულო გუნდით პირველი წრე მე-6 ადგილზე დავასრულეთ. კარგ პირობებსაც არ ვნატრულობდით, ნორმალური მაინც რომ გვქონოდა და არ დავშლილიყავით, დარწმუნებული ვარ, წლეულს "მეტალურგი" ლიდერებშიც გაერეოდა. სამწუხაროდ, ვერც ეს გუნდი შეინარჩუნეს, ვერც ფეხბურთელები და ვერც - ადგილი უმაღლეს ლიგაში.

ხალხს ოჯახები ჰყავდა და ერთი და ორი თვე გაიჭირვეს, მაგრამ ნახევარი და ერთი წელი უფულოდ მოყვარულთა ლიგებშიც არ თამაშობენ. ბოლოს და ბოლოს, ხალხი შიმშილით ხომ არ დაიხოცებოდა?! სახელმწიფო პროგრამა მაშინ რომ ყოფილიყო, ასე არ მოგვივიდოდა...

რუსთავი საფეხბურთო ქალაქია, ორჯერ ჩემპიონები ვიყავით და საცოდაობაა, უმაღლეს ლიგაში გუნდი რომ არ გვყავს. მაგრამ ბევრი ნიჭიერი ბავშვი იზრდება და დიდი იმედი მაქვს, მალე ისევ ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება.

დინამოში...
- რუსთავში არასრული ერთი წელი ვითამაშე და მერე თბილისის "დინამოში" მიმიწვიეს. საქმე ისაა, რომ "დინამომ" კონტრაქტი გამიფორმა და "მეტალურგში" იჯარით ვთამაშობდი.

აქ ყველაფერი კარგად აეწყო, მიზეზი მწვრთნელებისა და ბიჭების დამოკიდებულება გახდა. პირველ ვარჯიშამდე გასახდელში რომ შევედი, ყველა ძალიან თბილად დამხვდა და ამან "გამხსნა". ადაპტაცია არ გამჭირვებია...

დიდი სტიმულიც იყო - "დინამო" საქართველოში პირველი გუნდია და აქ მოხვედრა ყველა ქართველი ბიჭის ოცნებაა. მწვრთნელებმაც შანსი მომცეს, სულ მათამაშებდნენ და ვგრძნობ, რომ ამ პერიოდში საკმაოდ გავიზარდე. ამ გუნდის ფორმით, ფიზიკურადაც მოვიმატე და უფრო თავდაჯერებულიც გავხდი. უბრალოდ, თავდაჯერებულობა ზედმეტებში არ უნდა გადაგეზარდოს და თავში არ უნდა აგივარდეს...

Sportall.Ge

თანამედროვე ფეხბურთი ათლეტურია და ფეხბურთელიც ასეთი უნდა იყოს. მე კი ჯანის პრობლემა მქონდა. თუმცა, მეორე მხრივ, ეს მინუსი პლუსად შეიძლება აქციო. უფრო სხარტი და სწრაფი უნდა იყო და ნაკლს დაფარავ, მაგრამ მხოლოდ - გარკვეულ დრომდე. ამ პრობლემის მოგვარების გარეშე დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ჯანი აუცილებელია!.. ამიტომ, ამის მოგვარებაზე ბევრს ვმუშაობდი. ტრენაჟორებში გუნდთან ერთადაც ვვარჯიშობდი და ინდივიდუალურადაც.

"დინამოში" ისეთი პირობებია, ვგრძნობ, გაცილებით უკეთ ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. ბოლო წელიწად-ნახევარში, წონაშიც 5 კილოგრამით მოვიმატე და სიმაღლეშიც - უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გავიზარდე.

ასაკიც თავისას შვრება, კაცური ჯანიც მოდის და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ამ პრობლემასაც ეშველება. "დინამოს" რომ პირობები აქვს, შეუძლებელია, მონდომებული კაცი ვერ გაიზარდო.

სხვათა შორის, შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი კონკურენცია რომ არის, თითოეულ ფეხბურთელზე ესეც ძალიან კარგად მოქმედებს.

სკოლა და ილიაუნი
- სხვათა შორის, სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ოქროს მედალზე არ დამისრულებია, მაგრამ საკმაოდ კარგი ნიშნები მქონდა. ილიაუნში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ისე ჩავაბარე, მასწავლებლებთან არც ვემზადებოდი - მხოლოდ უნარ-ჩვევებს ვსწავლობდი. მაგრამ 50-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მაინც მივიღე.

სამწუხაროდ, ფეხბურთი და სწავლა ერთად ძალიან ძნელია და სწავლას ისე ვერ ვახერხებ, როგორც საჭიროა. არადა, საჭიროა.

სამაგალითო ინიესტა
- საერთოდ, "ბარსელონა" მიყვარს და მიმაჩნია, რომ კატალონიელები ყველაზე სამაგალითო ფეხბურთს თამაშობენ. ჩემს პოზიციაზე ბევრი ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ მე მაინც ინიესტას გამოვარჩევ. მას ყველა ის თვისება აქვს, რაც ცენტრალურ ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს, ნამდვილი ჯადოქარია.

თან, რასაც ვკითხულობ თუ ვუყურებ, ეტყობა, კარგი პიროვნებაა, თავმდაბალია და თანაგუნდელებიც და მეტოქეებიც დიდ პატივს სცემენ. ეს მისი ქცევებიდან ჩანს, რაც ინიესტას პიროვნებას კიდევ მეტ სახელს მატებს.

საოცნებო ბარსელონა
- ჩემი ოცნება? დიდი ფეხბურთი ვითამაშო და ევროპის რომელიმე გრანდში გადავიდე, ან "დინამო" გახდეს ისეთი კლუბი, გრანდებს რომ დაუპირისპირდეს.

მაგალითად, "ლივერპულში" მოხვედრა დიდი ოცნებაა. "ბარსელონაზე" აღარაფერს ვამბობ, ეს სულ სხვა პლანეტის გუნდია. მაგრამ ოცნებაში ვერავინ შემზღუდავს და ყველაზე დიდი სიამოვნებით სწორედ "ბარსელონაში" ვითამაშებდი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
brooklyn
02:15 20-03-2016
შენ გენაცვალე ჯიგარო, ყველას გენაცვალეთ აი ასეთი ბიჭების იმედი გვაქვს.
luka
01:31 20-03-2016
წარმატებები