სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ფეხბურთის განვითარების პროგრამა: ეს ვიღაცას არ აწყობს...
AutoSharing Option
15:11 24-02-2016
ფოტოზე: ნიკა ჯღარკავა და ლევან კობიაშვილი
ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი პროგრამა კვლავაც განხილვის საგანია. ეს გასაკვირი არც არის - ამას ხომ საფეხბურთო სამყარო მთელი 26 წელიწადი ელოდა...

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის პრეზენტაცია 2 საათს გაგრძელდა, მასში ბევრი უცნობი დეტალია და, ცხადია, კითხვებიც ამიტომ გაგვიჩნდა. პროგრამის ცალკეული პუნქტების დაზუსტება "ლელომ" ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან სცადა...

უპირველესად, დავინტერესდით, როგორ გამოვლინდება გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული? ფორმულა ცნობილია: ეროვნული პირველობის რეფორმირება 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და მოკლე (გარდამავალი) ჩემპიონატი ნოემბერში დასრულდება. 16 გუნდი ორ 8-8-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ 14 მატჩს ჩაატარებს. პრეზენტაციაზე ზოგადად ითქვა, რომ ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულებს შორის გამოვლინდებოდა, ისევე, როგორც - ევროსაგზურების მფლობელები.

ჯღარკავას თქმით, ორი ვარიანტი მუშავდება და ახალი ჩემპიონატის რეგლამენტის დამტკიცებამდე, დაკონკრეტებას ერიდებიან. დიდი ალბათობით, გამარჯვებულის ვინაობა "ოქროს მატჩით" ან ორრაუნდიანი დაპირისპირებებით (ორი მატჩი შინ და სტუმრად) გაცხადდება.

ანალოგიური სქემით გამოვლინდება ევროპის ლიგის 3 საგზურის მფლობელი - ორმატჩიან რაუნდებში ერთმანეთს ჯგუფებში II-IV ადგილებზე გასულები შეხვდებიან და გამარჯვებულები ევროსაგზურს მიიღებენ.

ამის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში. ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა), ეროვნულ ლიგა 2-ში კი გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ პირველი და მეორე ლიგებიდან გამარჯვებულები ზედა ლიგებში არ დაწინაურდებიან. მეტიც - პირველ ლიგაში მხოლოდ 4 უძლიერესი დარჩება და მათ უმაღლესიდან გავარდნილი 6 გუნდი დაემატება.

როდის დაფინანსდებიან გუნდები?
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კლუბები ერთიანი ფონდიდან დაფინანსდებიან და საპრიზო პრემიებსაც მიიღებენ. ჯერ იყო გავრცელებული ვერსია, რომ თითქოს ფული მხოლოდ ზაფხულიდან დაირიცხებოდა, მაგრამ ჯღარკავა ამბობს, რომ კლუბები თანხებს უკვე მარტში მიიღებენ: მიმდინარე სეზონის ჩასამთავრებლად, უმაღლეს ლიგაში კლუბებს მარტში საბაზისო ბიუჯეტად 800 ათასი ლარი გადაეცემათ.

გარდა ამისა, მათ თანხის გამომუშავება სტიმულირებისა (400 ათასი ლარი) და საპრემიო (750 ათასი) ფონდებიდანაც შეეძლებათ.

თანხები გათვალისწინებულია პირველი ლიგის კლუბებზეც. თითოეულს საბაზისოდ 300 ათასი დაერიცხება, სტიმულირების ფონდიდან 50 ათასის მიღების შანსი აქვს (სპონსორის მიზიდვის შემთხვევაში), მეორე ლიგაში კი მხოლოდ საბაზისო თანხაა გათვალისწინებული - 50 ათასი ლარი.

გარდამავალი ჩემპიონატის მონაწილე კლუბებს ფული ივნისში დაერიცხებათ: უმაღლეს ლიგაში საბაზისო - 600 ათასი ლარია, პლუს სტიმულირებისა (300 ათასი) და საპრემიო (600 ათასი), რაც მილიონს უკაკუნებს.

სხვათა შორის, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთიანი ფონდი კლუბებს სერვისების გაიაფებითაც დაეხმარება. თუკი აქამდე ისინი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, ამიერიდან ცენტრალიზებული ლოჯისტიკით ისარგებლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტული მომსახურება, შეკრებები, გასვლითი მატჩების ორგანიზება, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენა, სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტირება, სასტუმროების დაჯავშნა უფრო გაიაფდება - ასე ხდება ერთიანი შეკვეთის შემთხვევაში.

მოთხოვნა ლეგიონერებზე
მოკლედ რომ ვთქვათ, გარდამავალ ჩემპიონატში ისეთი დაძაბულობაა მოსალოდნელი, მსაჯებს სპეცდანიშნულების რაზმების დახმარება დასჭირდებათ.

ხუმრობა იქით იყოს და, მეორე მხრივ, უკვე გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელს რეფორმა ხელს არ აძლევს. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ მათ შეჩვეულ ჭირში ცხოვრება და ამღვრეულ წყალში თევზის ჭერა ურჩევნიათ.

მაგრამ ერთია მათი ანგარებიანი პოზიცია და მეორე - გულშემატკივართა მოთხოვნა, რომ რეფორმა განხორციელდეს.

რაც მთავარია, ეს ქართული ფეხბურთის ინტერესშია. რეფორმა კი, მით უფრო - შოკური თერაპია, უმტკივნეულოდ წარმოუდგენელია. ეგ არის, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი ვითარება სხვა არჩევანს არც ტოვებს...

ერთი სიტყვით, კლუბები, რომლებიც კონკურენტებს მამაძაღლობით სჯობდნენ და ასწრებდნენ, უშუალო შეხვედრებში რეალურ პოტენციალს გამოავლენენ. ეს რომ აქამდე მომხდარიყო, ნაყიდი ჩემპიონობითა და საპრიზო ადგილებით ევროპაში ბევრი არ შეგვარცხვენდა, ჩემპიონატის დონე კი ოდნავ უკეთესი მაინც გვექნებოდა.

სხვათა შორის, პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ კლუბებში ძალიან საინტერესო ტენდენცია შეინიშნება: ზუსტად ვიცი, რომ კლუბები მენეჯერებსა და აგენტებს შედარებით უკეთესი მოთამაშეების ჩამოყვანას სთხოვენ, ვიდრე აქამდე იყო. მიზეზი მარტივია - ყველა ცდილობს, გარდამავალ ჩემპიონატს მომზადებული და გაძლიერებული შეხვდეს.

თუ ასეა, შესაძლოა, მალე საქართველოში ბევრი საინტერესო მოთამაშე ვიხილოთ...

მედიაპროექტი
მედიაპროექტი პროგრამის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი პუნქტია. მისი მიზანი ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა - ტელევიზიით, ბეჭდურ მედიაში, სოციალურ ქსელებში.

როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთის ფედერაცია ყველა დაინტერესებულ მედიაკომპანიასა თუ სატელევიზიო სააგენტოს შეხვდება და შესაძლო პარტნიორობის დეტალებზე დაელაპარაკება.

ჩანაფიქრი ასეთია - გამარჯვებული ტელეკომპანია თუ სატელევიზიო ჯგუფი გააშუქებს გუნდების წინასამატჩო მზადებას, მათი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას, გადასცემს ტურის ცენტრალური მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, ხოლო სხვა თამაშებიდან ჩართვებით მაყურებელს მიმდინარე სიახლეებს გააცნობს. ტურის მეორე დღეს კი გულშემატკივარი ვრცელ მიმოხილვასაც ნახავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Tornike
10:41 25-02-2016
ძალიან მოკლე მიმოხილვა იყო და რა თქმა უნდა მეტი გვაინტერესებს.. მაგრამ არაა მხოლოდ კლუბების და ჩემპიონატის ფორმატის ცვლილება დიდს ვერაფერს მოგვცემს თუ არ დაიწყო ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ამას კიდევ ჩირდება კვალიფიციური მწვრთნელები რომლებიც სწორად ასწავლიან ნიჭიერ ბიჩებს ბურთის გორაობას და ბავშობიდანვე ნელი ტემპით შეაჩვევენ ფიზ დატვირთვებს ამას ჭირდება კვალიფიციური და მიუკერძოებელი მსაჯობის სისტემა და მსაჯები.. ამას ჭირდება ხალხის აქტიურობა ჩვენი ყველასი ერთად.. და აი ამ რეფორმების გატარების მერე შეიძლება 5-6 წელიწადში (საუკეთესო ვარიანტში) ძალიან კარგი შედეეგები დაიდოს მე არ ვამბობ რომ მსოფლიო და ევროპა ან ლიგა და ევროპა ლიგა მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპები და სხვა ბადე რომელზეც ასე ვოცნებობთ ყველა ;)
ბაჯო
10:10 25-02-2016
ლევან მოპარულ მილიონებს რატო პატიობტ ოჰერედას და მის დზმეს.