[ოთხშაბათის საკითხავი] ...ასეთ სიცოცხლეს კი სიკვდილი სჯობს

AutoSharing Option
"რასაც ველოდი, მოვესწარო", - ზუსტად ასეა ქართული ფეხბურთისა და ჩვენი საქმე. როცა ამდენ ხანს ელოდები და იღებ, ძალიან გახარებული ხარ და იქნებ ცოტა მოეშვა კიდეც, მაგრამ... ვაი, რომ ამ მოშვებისთვის ჩვენს ფეხბურთს არ სცალია - უფსკრულის პირას მისული გადაუდებელ შველას ითხოვს...

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ზუსტად ისეთი და იქნებ უკეთესიცაა, ვიდრე წარმოგვედგინა. პირდაპირ ვიტყვი - მე მასში გარკვეული, უმცირესი ნიუანსების გარდა, ყველაფერი მომწონს, ნიუანსებს კი აღარ ჩავუღრმავდები.

ზოგიერთ იმ კლუბს კი, რომელიც აქამდე მეტ თანხას იღებდა სახელმწიფოსგან, ვუპასუხებ: ბატონებო, ეს
დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა, გაინძერით, მოიზიდეთ სპონსორი და აუცილებლად გეშველებათ. მერე დანანებით აღარასოდეს გაიხსენებთ წარსულს.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოსთვის იდეალურია 10-გუნდიანი პირველობა და ჩვენ გვექნება ასეთი ჩემპიონატი...

არაერთხელ დაგვიწერია, რომ სისტემა იყო შესაცვლელი და ეს სისტემა შეიცვლება.

საერთოდ, კარგია, როცა ვიღაც რაღაცად გაგდებს. სხვანაირად, შენი არსებობა გამართლებული არ არის, შენ ფუნქციას კარგავ, პესიმიზმში იძირები. ფეხბურთის ფედერაციას იმდენი ვუკიჟინეთ, 16-გუნდიანი ჩემპიონატი არ ივარგებსო, მგონი, ჩვენვე დავიღალეთ. მოგისმინა ვინმემ? ვინმემ რამედ ჩაგაგდო?

თავისი პირადული რესურსი რომ ამოწურეს, მერე სხვების მოგზავნა დაიწყეს - გუნდს სტადიონი და ბაზა რად უნდა, იქირავებს და ისე ითამაშებს, სამაგიეროდ, ბევრი ფეხბურთელი დასაქმდებაო...

ჰოდა, ამ მიდგომამ იქამდე მიგვიყვანა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის წინათქმას რომ ვწერდი, ასი თვალი და ასი ყური გამოვისხი, არაფერი შემშლოდა, ვის რომელ სტადიონზე უნდა ეთამაშა. ბოლოს კინაღამ შემეშალა და რომ შემშლოდა, მგონი, მთლად დამნაშავეც ვერ ვიქნებოდი - რამდენ გუნდს არ აქვს საშუალება, საკუთარ სტადიონზე ითამაშოს, თავადაც იცით.

* * *
მოკლედ, შევთანხმდით, რომ პროგრამა მოგვწონს. ამ ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციისთვის კრიტიკა (და არა - კრიჭაში დგომა) არასოდეს დაგვიკლია და ჩვენი ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის, მომავალშიც იმავეს ვაპირებთ, მაგრამ ამ პროგრამისთვის ფეხბურთის ფედერაციას, სახელმწიფოსთან ერთად, ალალი მადლობა და აპლოდისმენტები!

...მაგრამ ახლა მთავარი საქმე ქაღალდზე დაწერილისა თუ ნაფიქრის კარგად შესრულებაა. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ეს პროგრამაც ფარატინა ქაღალდად დარჩება და ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთს არც არაფერი ეშველება - არც მოკვდება და არც დარჩება, ასეთ სიცოცხლეს კი სიკვდილი სჯობს.

მე ყველაზე მეტად ორი რამ მაღელვებს - გვეყოფა თუ არა ქართულ ფეხბურთში დასაქმებულ ადამიანებს ამ პროგრამის განსახორციელებლად სწორედ ეს ორი რამ - პატიოსნება და ადამიანური რესურსი?

რაც წლების განმავლობაში ქართულ კლუბებში ხდებოდა, ყველამ კარგად იცის. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ადამიანები აკეთებდნენ. ამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა კი დღეს ისევ კლუბებში მუშაობს.

მე ნაკლებად მჯერა სასწაულების. მაგალითად, მეძავის გაპატიოსნების. ვინ უნდა აკეთოს საქმე ჩვენს კლუბებში? არის კი ამხელა რესურსი - მცოდნე, პატიოსანი, თანამედროვედ მოაზროვნე? ხომ არ იქნებოდა უპრიანი, რომ თუნდაც პირველ ეტაპზე უცხოელი მენეჯერები ჩამოგვეყვანა და შეგვეშველებინა აქაურებისთვის?

წლების განმავლობაში ისინი სუფთა გარემოში სუფთად მიეჩვივნენ საქმის კეთებას და იმედია, ჩვენებსაც ამას მიაჩვევენ. რაც მთავარია, ქართველი დაინახავს, რომ 21-ე საუკუნეში ფეხბურთში თითქმის არავინ იტყუება. დაინახავს, რომ ფეხბურთი დიდი ზეიმია და არა - "დღეს მე გაგატარებ, ხვალ შენ გამატარე".

ქართული საკლუბო ფეხბურთის სამზარეულოში ძალიან ბევრი რამაა მისახედი. თუნდაც ის, რომ არ შეიძლება ხუთ კლუბში ერთი კაცის ინტერესი იყოს. კი ბატონო - ფეხბურთში მოღვაწეობა უნდა? დარჩეს ერთ კლუბში და აკეთოს საქმე!..

* * *
დარწმუნებული ვარ, რესურსისა და პატიოსნების პრობლემა სულ რამდენიმე წელიწადში აღარ იარსებებს. გვინდა თუ არა, მზის შუქზე გამოვა ახალი თაობა, რომელიც პატიოსნად იცხოვრებს და გააკეთებს საქმეს, მაგრამ... რა ვქნათ მანამდე?

როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ამ თაობას, ამ ახალგაზრდებს ქართული ფეხბურთი მეტ-ნაკლებად მისაღებ მდგომარეობაში დავახვედროთ? სწორედ ამიტომ წამოვწიე რესურსისა და პატიოსნების პრობლემა.

ჩვენი პასუხისმგებლობა ახლა უდიდესია. ჩვენ ან ვუშველით დღეს ქართულ ფეხბურთს, ან ეს საქმე გაურკვეველი ვადით გადაიდება. ნიადაგი მზადაა და ამ ნიადაგზე ფესვმაგარი ხეები უნდა დავრგოთ.

მხოლოდ ასე შევუნარჩუნებთ ქართულ ფეხბურთს მომავალ თაობას, თორემ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ფეხბურთისგან ნელ-ნელა აღარაფერი რჩება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ