სამთვიანი პაუზა მიუღებელია - მიხეილ ყაველაშვილი პროგრამის ნაკლოვანებებზე

AutoSharing Option
სფფ-ის მიერ წარმოდგენილი ფეხბურთის განვითარების ხუთწლიან სახელმწიფო პროგრამას, უმთავრესად, დადებითად აფასებენ.

ვეტერანი ფეხბურთელი და "ჩვენი ფეხბურთის" თანადამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი კი პროგრამისა და რეფორმით დაგეგმილი ზოგიერთი ცვლილების ნაკლოვანებაზე ლაპარაკობს...

- როგორ შეაფასებდით წარმოდგენილ პროგრამას, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე რას იტყვით?
- დადებით და უარყოფით მხარეებზე ჯერ სრულყოფილად ვერ ვილაპარაკებთ. მაგრამ ყველა ქვეყნისთვის ფეხბურთში წარმატების ანბანი სწორედ ანალოგიური პროგრამა გახდა. ეს ის ფუნდამენტია, რომლის გარეშე წინსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამით ფეხბურთის წინსვლის სისტემა ჩამოყალიბდება და საფეხბურთო სამყაროს სტაბილურობა დაუბრუნდება - პროგრამა ამ
განცდას ქმნის და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

წლების განმავლობაში არც ვიცოდით, რა სისტემა არსებობდა, ქართული ფეხბურთი რაზე იდგა... ჩვენ ამაზე ხშირად გვილაპარაკია. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ეს წინსვლის მინიმალური წინაპირობაა და, რა თქმა უნდა, რეფორმების რამდენიმე დეტალზე კითხვებიც არსებობს.

- მაგალითად, რასთან დაკავშირებით?
- ცნობილია, რომ გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ, გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა გადაწყდა. კითხვები ამასთან დაკავშირებით გამიჩნდა.

- სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეს ცვლილება საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით ახსნა...
- ჩემთვის საინტერესოა, რა არგუმენტებს ემყარება თამაშების მარტიდან ნოემბრამდე ჩატარება, რატომ იცვლება შემოდგომა-გაზაფხულის სისტემა? ამის ერთ-ერთ არგუმენტად დასახელდა, რომ კლუბებისა და მათთვის დაფინანსების გაცემა ვადებში აცდენილი იყო: სეზონი ზაფხულში იწყებოდა, ბიუჯეტებს კი დეკემბერში ამტკიცებდნენ და გაზაფხული-შემოდგომა ამით სჯობიაო.

- ეს არ არის ლოგიკური გათვლა?
- ამიერიდან, ბიუჯეტს ვერ დავაბრალებთ, თანხა წლის დასაწყისში რომ ჩაირიცხება. ერთიანი ფონდი იმიტომაც შეიქმნა, რომ სახელმწიფო 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში, 265 მილიონს გამოყოფს. ანუ ფეხბურთში დასახარჯი თანხის ოდენობა წინასწარაა ცნობილი და აქედან გამომდინარე, შეიძლებოდა, სეზონი არ შეგვეცვალა და თანხა შესაბამისად გადაგვენაწილებინა.

გარდა ამისა, ჩემპიონატი მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ეს სამთვიანი პაუზა ძალიან დიდი შუალედია და მეეჭვება, ამან ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედოს. ჩემი აზრით, შესაძლებელია, ვადები უკეთ გამოვიყენოთ.

- ამხელა პაუზის ერთ-ერთ არგუმენტად ეს ფაქტორი დასახელდა: ევროსეზონს გუნდები უფრო უკეთ მომზადებულები შეხვდებიან, ვიდრე აქამდე... სხვათა შორის, ყაზახურ კლუბებთან რამდენიმე მატჩი ამიტომაც წავაგეთ - ისინი ტონუსში იყვნენ, ჩვენები კი ფორმაში შედიოდნენ...
- მესმის, მაგრამ ზაფხულის უკეთესად ათვისება თუ გვინდა, ვადები ისე შეიძლება დაიგეგმოს, რომ სეზონი ევროთასებამდე დაიწყოს. ავსტრიისა და შვეიცარიის მაგალითებს მოვიყვან, სადაც შემოდგომა-გაზაფხულის ფორმატია. სეზონი მაისის ბოლოს მთავრდება, ივლისის პირველ რიცხვებში კი ახალი სეზონი იწყება. ანუ პაუზა თვეზე ოდნავ მეტი გამოდის და ევროთასებამდე გუნდები ფორმაში შესვლას ახერხებენ. ჩვენთან კი პაუზა 90 დღე გამოდის.

მესმის, რომ შუალედში გუნდები სულ არ დაისვენებენ, კარგ შეკრებებს მოაწყობენ და ამხანაგურ თამაშებს გამართავენ. მაგრამ ოფიციალურ და ასეთ შეხვედრებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. ამხელა შესვენებას არც ერთი ის ქვეყანა არ დაუშვებს, სადაც კლიმატური პირობები ხელსაყრელია. ჩვენთან კი ისეთი სიცივეები არ არის, როგორც იმ ქვეყნებში, სადაც გაზაფხული-შემოდგომის მოდელია - შვედეთში, ფინეთში, ყაზახეთში... რუსეთიც კი შემოდგომა-გაზაფხულზე გადავიდა და მათზე ცივ ქვეყანაში ვცხოვრობთ?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ