სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
მოლოდინი: დაბრუნდებიან "ზესტაფონი" და ილია კოკაია?
AutoSharing Option
13:24 23-02-2016
თერჯოლის "საპოვნელამ" და თბილისის "დინამომ" საფეხბურთო სეზონი ზესტაფონში განაახლეს. მეტოქეთა გულშემატკივრების გარდა, მატჩს ფეხბურთს მონატრებული ზესტაფონელებიც დაესწრნენ.

"ზესტაფონის" ფანკლუბის ლიდერი კოტე ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ დავით აბაშიძის სახელობის სარბიელზე საყვარელ კლუბსაც მალე იხილავს.

"ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ საფეხბურთო ჩემპიონატების რეფორმირებაზე რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. ეს ის პროგრამაა, რომელიც ბიზნესს ფეხბურთისკენ შემოატრიალებს. ამიტომ გაგვიჩნდა იმედი, რომ ილია კოკაია კლუბს აღადგენს და ზესტაფონელებს სიხარულს დაგვიბრუნებს", - ამბობს ბოჭორიშვილი.

"საპოვნელა"-"დინამოს" მატჩის შემდეგ ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა "ზესტაფონის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, სათაურით: "ზესტაფონი - სავსე ტრიბუნების ქალაქი".

"ჩვენ აღარ გვყავს გუნდი. ეს ბევრ რამეს ცვლის - უგემოდ დარჩენილი ეკიპაჟი და მიტოვებული ტრიბუნა ვართ. ჩვენ, უბრალოდ, გვენატრება, რომ გვიყვარდეს და გვჯეროდეს გუნდის, გვწამდეს ბიჭების, რომლებიც თამაშის მერე მოვლენ და ტაშს დაგვიკრავენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვუკრავდით ტაშს. იმის გამოც, რომ ისინი გვიყვარდნენ.

არ ველოდები, რომ ვინმეს გულამდე მივა ეს წერილი და არც არავის ვთხოვ, აღადგინოს გუნდი. არ მინდა, ვიღაცის კეთილ ნებაზე ვიყოთ დამოკიდებულნი, რადგან არ მინდა, ვინმემ ამ სიყვარულზე ისე ითამაშოს, როგორც მოედანზე. ჩვენ მაინც გვეყვარება გუნდი, რომც არ იარსებოს.

პატარა ქალაქია ზესტაფონი, ცხოვრება მომაბეზრებელია და უემოციო. თითქმის სამი წელი გავიდა და ქალაქში ისევ გაკრულია ჯაბა დვალის აფიშები. ვავსებდით ტრიბუნებს, ვემზადებოდით საყვირლად და ამით ბედნიერები და მხიარულები ვიყავით. გუნდი იყო ამ ქალაქის სული და ემოცია. სუნთქვასავით ჩვეულებრივი მოვლენა იყო სტადიონზე მისვლა...

ახლა მხოლოდ ვიხსენებთ. მიხვიდე შენი გუნდის სტადიონზე და სხვას უქომაგო - გულს გტკენს. სხვამ უქომაგოს - უფრო მაგრად გტკენს. სხვას უქომაგონ - გკლავს.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩვენს საფარზე ჩვენი გუნდი უნდა თამაშობდეს. ჩვენს ტრიბუნაზე ჩვენ უნდა ვიდგეთ (ვისხდეთ) და საყვარელ გუნდს ვამხნევებდეთ. უსამართლობაა უგუნდობა და სიყვარულის წართმევა - ჩვენ გვიყვარდა პატარა ქალაქის დიდი გუნდი. ახლა გვიყვარს წარსული", - წერს ქომაგი.

ნუთუ, ეს ლამაზი გუნდი მართლა წარსულია? ცნობილია, რომ "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს, შემდეგ პირველიდანაც, ბოლოს კი მის მეპატრონე ილია კოკაიას ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალეს. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ მათი დაბრუნების იმედი გაჩნდა.

18 თებერვალს სფფ-ის თავკაცებმა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წარადგინეს და ცხადი გახდა - ფეხბურთში სერიოზული რეფორმა იწყება. ამ პროგრამაში იყო სწორედ ისეთი დეტალები, რასაც კოკაია წლების განმავლობაში ითხოვდა - სახელმწიფო ფეხბურთს გვერდში დაუდგა, ეროვნული ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა, მათ შორის - დაფინანსების სისტემაში: ჩემპიონი 3,5 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო გავარდნილი გუნდი, სულ მცირე, 2 მილიონს; ყველა კლუბი (სახელმწიფოც და კერძოც) თანაბრად დაფინანსდება და მალე 10-გუნდიანი ჩემპიონატიც აიღებს სტარტს...

ეს ისეთი სტიმული უნდა იყოს, წესით, კოკაია და "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს უნდა დაუბრუნდნენ. ეს რომ ტყუილი იმედი არ არის, ამაზე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მდგომარეობაც მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექისა და გრიგალის გამო არენას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა (დაიტბორა მოედანი, ეკიპირებისა და ტექნიკის საწყობები, განადგურდა სატრენაჟორო დარბაზი, დაზიანდა სათადარიგო ფეხბურთელთა განსათავსებელი კონსტრუქციები), ახლა მოედნის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. მეტიც, ის იმდენად კარგადაა მოვლილი, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატისა და ახალგაზრდული ნაკრების მატჩებისთვის იქირავა.

ზესტაფონში გუნდის აღდგენის რეალური იმედი რომ არ ჰქონდეთ, ძვირად ღირებული მოედნის მოვლაში ფულს ხომ არავინ დახარჯავდა?!.

ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
vasilich
09:01 27-02-2016
We'll be back!
beqa
00:14 26-02-2016
წარმატებებს გისურვებთ ზესტაფონლებო. იმედია მალე დაამშვენებთ საქართველოს ჩემპიონატს