სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
რატომ ემზადებიან უკრაინელები საქართველოში? რისი რესურსი აქვს ურეკს
AutoSharing Option
13:35 14-02-2016
უკრაინის პირველი ლიგის კლუბი ჩერნოგოვის "დესნა" საქართველოში ემზადება. გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ უშარუკმა მიზეზებზე უკრაინულ მედიასთან ილაპარაკა.

"დასამალი არაა, რომ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, უკრაინაში ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის ორგანიზების შანსი შემცირდა. შარშან იმავე საკითხის მოგვარებისას, დასავლეთ უკრაინაში გავემგზავრეთ - იქ სასტუმროებისა და კვების პრობლემა არ გვქონია. მაგრამ თებერვალში მოედნების პოვნა ძალიან გაგვიჭირდა. ახლა ქართული ვარიანტი გამოჩნდა. ამიტომ შეკრება ურეკში დავგეგმეთ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. იქ საწვრთნელად და მოსამზადებლად უკეთესი პირობებია და კარგ მოედნებზე ვითამაშებთ.

ამ შეკრების ორგანიზებაში "დესნას" ყოფილი ფეხბურთელი ლევან გულორდავა დაგვეხმარა და გვითხრა, რომ სპარინგებისთვის ღირსეულ მეტოქეებს მოგვიძებნიდა", - ამბობს უშარუკი.

საინტერესოა, რომ "დესნაში" "ზუგდიდის ორი ყოფილი ნახევარმცველი ისინჯება - ლუკა გუგუჩია და ლუკა კობერიძე. მათ კიევში მაკაროვის მემორიალზე ითამაშეს და გუნდთან ერთად ფინალამდე გააღწიეს. იქ კი ჩერნიგოველები უკრაინის პრემიერლიგელ დონეცკის "ოლიმპიკთან" 2:5 დამარცხდნენ. ორივე ქართველი მოედანზე შეცვლაზე გამოჩნდა, გუგუჩიამ გოლიც გაიტანა.

გუგუჩიამ და კობერიძემ ურეკში მშობლიური ქალაქის, ზუგდიდის მეორე გუნდის, "ოდიში 1919"-ის წინააღმდეგაც ითამაშეს. კობერიძე ძირითადში იყო, გუგუჩია - შეცვლაზე შევიდა. ეს საკონტროლო მატჩი უკრაინელებმა 1:0 მოიგეს.

"დესნა" ურეკში 6 თებერვალს ჩავიდა და 17-ში სამშობლოში დაბრუნდება. ამ გუნდის სტუმრობა და უკრაინაში არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომ არსებულ ვითარებაში, საქართველოს შავიზღვისპირეთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეყნის ეკონომიკას წაადგება - ასე მაინც მოვიზიდავთ უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და აზიის პოსტსაბჭოური ქვეყნების შედარებით ღარიბ გუნდებს.

სწორედ ამის იმედადაა ურეკის საფეხბურთო კომპლექს "მაგნეტიტის" ხელმძღვანელი თენგიზ გაგუა, რომელიც წლებია, მოედნებს უვლის და რომ არა ის, ქართულ და უცხოურ გუნდებს ამ დასახლებაში სავარჯიშო და სათამაშო სარბიელი არ ექნებოდა.

გაგუა დარწმუნებულია, რომ ურეკს საწვრთნელი შეკრებებისთვის ყველანაირად მოხერხებული ადგილმდებარეობა გააჩნია:

"ურეკი გუნდების ჩამოსაყვანად მოსახერხებელია, რადგან 60 კილომეტრითაა დაშორებული კოპიტნარისა და ბათუმის აეროპორტებიდან. ანუ ტრანსპორტირება პრობლემას არ წარმოადგენს. ამას გარდა, ურეკში ქარი არ იცის, თან აქ ისეთი ნიადაგია, რომ მოედნის საფრის მოვლას დიდი ხარჯი არ სჭირდება.

პირდაპირ ვამბობ, რომ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში თურქეთის სანაპიროს კონკურენციას ვერ გავუწევთ, რადგან იქ ბევრად უკეთესი კლიმატია. მაგრამ ზაფხულში, კლიმატურად ჩვენი მხარე ჯობია - დიდი სიცხეების გამო, ანთალიაში საღამოობით ვარჯიშობენ, ჩვენთან კი ბევრად ნაკლები ტემპერატურაა.

ამას გარდა, ურეკი სამკურნალოდაც მშვენიერი ადგილია. თავის დროზე, ნოდარ ახალკაცს ურეკში დიდი საფეხბურთო კომპლექსის მოწყობას ვთავაზობდი - სანაპიროდან რკინიგზამდე 15 მოედანი უნდა დაგვეგო. მაგრამ, მაშინ ფედერაცია ძალიან ღარიბი იყო, სახელმწიფოს კი ფეხბურთისთვის არ ეცალა.

ახლა, ამხელა კომპლექსის აშენება შეუძლებელია, მიწები გაყიდულია. მაგრამ ჩვენ ორი სტანდარტული და ერთი არასტანდარტული სტადიონი გვაქვს, მიმაჩნია, რომ კიდევ რამდენიმე მოედნის ადგილიც მოიძებნება და კარგი ბაზების აშენება და გუნდების მოზიდვა რეალური იქნება".

გაგუა არ მალავს, რომ ახალი კომპლექსის პროექტს ამზადებს:

"მე და სასტუმრო "კოლხიდას" მეპატრონე ამირან ჩხაიძემ ამ თემაზე დავილაპარაკეთ და ჩვენი ძალების გაერთიანება გადავწყვიტეთ. მას მშვენიერი სასტუმრო აქვს, ჩვენ კი - მოედნები. ანუ გუნდებისთვის ერთიანი მომსახურების შეთავაზება შეგვიძლია.

მაგრამ სოლიდური სახსრები გვჭირდება, თანამედროვე საფეხბურთო კომპლექსი რომ ჩამოვაყალიბოთ.

ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, დაბა ურეკის ინტერესშიც შედის. გუნდების სისტემატური სტუმრობის შემთხვევაში, 300-მდე ოჯახი დასაქმდება: გუნდებს ესაჭიროებათ კვება, მომსახურება, კიდევ ათასი სხვა წვრილმანი. ამ იდეის განხორციელება ძალიან დიდი საქმე იქნება და გვსურს, რომ ჩანაფიქრი ბოლომდე მივიყვანოთ.

ქართული ფეხბურთი იწყება მოსამზადებელი ბაზებითა და ბავშვთა ფეხბურთით და არა - უმაღლესი ლიგის გუნდებით. ჩვენ კი ეს მოედნები იმიტომ შევინარჩუნეთ, რომ ქართულ ფეხბურთს წაადგეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
....
06:18 15-02-2016
საქართველო კუნძულია და ნორმალურად მოაზროვნენი უნდა ემზადებოდნენ აქ.