აქტუალურ თემაზე: რას გვაძლევს ფეხბურთის განვითარების პროგრამა?

AutoSharing Option
4 თებერვალს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა, რომელიც 2016-20 წლებში ამ სფეროში 265 მილიონ 700 ათასი ლარის ინვესტირებას გულისხმობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ინიცირებულ და მთავრობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შეტანილ პროგრამას ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები მთელი 26 წელიწადი ელოდნენ. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ქართულ ფეხბურთს მთავრობის თანადგომა და დაფინანსება გარანტირებული ექნება, თუ ამ პროგრამას პარლამენტიც დაამტკიცებს...

პროგრამის მიზნებზე უკვე ვწერდით. საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს და
მათგან მთავარზე ამახვილებს ყურადღებას.

"ითქვა, რომ მთავრობა 265 მილიონ ლარს გამოყოფს, ხოლო პროგრამის განხორციელება 5 წელიწადზეა გათვლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბების განვითარება ხანგრძლივ პერიოდზე დაიგეგმება...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ერთწლიანი გუნდები აღარ გვეყოლება და ყოველ ნახევარ წელიწადში ახალი გუნდების დაკომპლექტება არ მოგვიხდება. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გამგებლებისა და გუბერნატორების ჩემპიონატი აღარ გვექნება.

მთავარია, პროგრამა განხორციელდეს. ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთს საფეხბურთო სამყარო წარმართავს. ეს პრინციპული განსხვავებაა და ჩვენი ფეხბურთისთვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - ამბობს კაჭარავა.

ფეხბურთელები პროგრამის დამტკიცებას საკუთარი ჭრილიდან აფასებენ:

"ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ წლიდან წლამდე არ ვიცოდით, გუნდი იქნებოდა თუ არა. სტაბილურად ვარჯიშისა და მომზადების საშუალება არ გვქონდა. ეს გაუგებრობა და არასტაბილურობა გუნდზეც ცუდად მოქმედებდა და თითოეულ ჩვენგანზეც.

ახლა ბევრად უფრო დაცულები ვიქნებით, რადგან ხანგრძლივი კონტრაქტებით ფეხბურთელს მშვიდად ზრდის საშუალება მიეცემა", - ამბობს "ცხინვალის" კაპიტანი ლევან ჭაფოძე.

პროგრამაზე
პროგრამის დეტალურ პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გეგმავს. "ლელოსთვის" ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში პროგრამის დამტკიცების შემდეგ, წელსვე იგეგმება უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მისი მიზანია, პირველ ეტაპზე უმაღლესი ლიგის კლუბებმა კეთილმოწყობილ სტადიონებზე ითამაშონ, მატჩები კი მხოლოდ ბალახის საფარიან მოედნებზე გაიმართოს.

იგეგმება ჩემპიონატის სტრუქტურული რეფორმა და ლიგების გაზრდა, რაც გუნდების რაოდენობის მატებასა და მასობრიობას გამოიწვევს. სახელმწიფო პროგრამა ხომ აბსოლუტურად ყველა ლიგის კლუბის დაფინანსებას გულისხმობს. წესით, ამან ახალი გუნდების ჩამოყალიბებასა და ძველების აღდგენასაც უნდა შეუწყოს ხელი...

საინტერესო იყო პროგრამა, რომელიც 2013 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ დაამუშავა. როგორც ვიცით, ამ პროგრამის პუნქტები ამჟამინდელ დოკუმენტშიც გამოიყენეს. ცხადია, იდეალური არაფერია და მჯობნის მჯობნიც არ დაილევა, მაგრამ თუ პროცესი კიდევ გაიწელება, საქმეც მკვდარი წერტილიდან არ დაიძვრება...

იქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელ ხელმძღვანელობას უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების რაოდენობის შემცირებაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ხოლო ჩემპიონატის კალენდარი და დებულება სახელმწიფო პროგრამასთან შესაბამისობაში მოსულიყო. სამინისტრო ფედერაციას ურჩევდა, რომ კლუბების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში 12 ან 10-მდე შეემცირებინა, პირველში კი - 18-მდე და ერთიანი, უფრო ძლიერი პირველი ლიგა ჩამოყალიბებულიყო.

პროგრამის მთელი არსი კი კლუბების სტიმულირება იყო. თითოეული ქულა კონკრეტულ თანხად შეფასდებოდა, გუნდებს გარიგებულ შეხვედრებში მონაწილეობა რომ არ მიეღოთ...

წინააღმდეგობა
რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, აქ ასეთი პოზიცია ჩამოყალიბდა - აბსოლუტურად ყველა კლუბი, კერძოც და სახელმწიფოც, ერთნაირ დაფინანსებას მიიღებს - უმაღლეს, პირველ და მეორე ლიგაშიც. იქნება საბაზისო და საპრემიო დაფინანსება. ფული გამოიყოფა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის, მწვრთნელთა განათლებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

არის მცდელობა, რომ კერძო ინვესტორი მოიზიდონ და 5 წლის შემდეგ რაც შეიძლება მეტი კერძო კლუბი გამოჩნდეს. კლუბებში კერძო მენეჯმენტის გაძლიერება შედეგზე ორიენტირებული გუნდების გაზრდას გამოიწვევს. თორემ, ახლანდელი მდგომარეობით, ყველა ხედავს, რომ ასაკობრივ ნაკრებებს მოთამაშეებს, უმთავრესად, კერძო კლუბები უზრდიან, მაშინ, როცა ასეთი კლუბების რაოდენობა 10 პროცენტს არ აღემატება. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კლუბებში კი მენეჯმენტის კუთხით ბევრი რამაა შესაცვლელი...

ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. ახალი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, ცხადია, წინააღმდეგობა იქნება იმ კლუბებიდან, რომელთაც დღეს სხვებზე მეტი დაფინანსება გააჩნიათ და ნაკლებზე დათანხმება არ სურთ. ეს უხერხულობას მართლაც ქმნის. მაგრამ ხელისუფლება იმაზე არ წავა, ფული მისი იყოს, ხოლო თამაშის წესები სხვამ უკარნახოს.

მთავარია, სახელმწიფო კლუბის დაფინანსება ამა თუ იმ გამგებლის სიმპათია-ანტიპათიაზე აღარ იქნება დამოკიდებული, ფეხბურთის განვითარების პროგრამის განხორციელება კი ქვეყნის ინტერესშია. ესეც შედეგზე ორიენტირებული სისტემაა - წარმატებული მეტს მიიღებს.

მოსამზადებელი ცენტრები
სახელმწიფო პროგრამის ბევრი დეტალი უცნობია. მაგალითად, რა გეგმებია ინფრასტრუქტურის კუთხით და ითვალისწინებს თუ არა მოსამზადებელი პერიოდის საფეხბურთო ცენტრების მშენებლობას?

მაგალითად, საქართველოში დარჩენილი კლუბების უმრავლესობა ზაფხულსა და ზამთარში შავიზღვისპირეთში, უფრო ურეკში ემზადება. მაგრამ იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. "გაგუას მოედნებად" წოდებული კომპლექსის გარდა, სავარჯიშოდ წასასვლელი არსადაა. არადა, ეს მოედნებიც ვერ აკმაყოფილებენ უცხოელთა მოთხოვნებს. ამას გარდა, ურეკში და მიმდებარე ზონაში ხელოვნურსაფარიანი მოედანიც არ არის.

პრობლემაა მთიან საქართველოში: ბაკურიან-ბორჯომში, ზემო აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, ზემო იმერეთში რამდენიმე მოედნიანი ბაზა არ არის. ზაფხულობით იდეალური კლიმატია წყნეთში, კოჯორსა და კიკეთ-ტაბახმელაშიც, მაგრამ იქაც იგივე მდგომარეობაა. იყო სტადიონი ოქროყანაში, მაგრამ ისიც წარსულს ჩაბარდა. არადა, ზაფხულში ასეთ უნიკალურ კლიმატურ პირობებსა და ბუნებაში მომზადებას ყველა გუნდი ეტანება. ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო კი ქვეყანა დიდ შემოსავლებს კარგავს.

ყირიმის ოკუპაციისა და რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის შემდეგ გაჩნდა უნიკალური შანსი, რომ საქართველოს შავიზღვისპირეთში დაბალი ლიგების უკრაინული და რუსული კლუბები ჩამოვიდნენ.

მაგალითად, ახლა ურეკში უკრაინის "დესნა" ვარჯიშობს, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ბევრ ასეთ "დესნას" ვკარგავთ...

ქვეყანაში შემოსული ვალუტა ლარის კურსსა და ეკონომიკაზე პირდაპირ აისახება, ისევე, როგორც უცხოურ შეკრებებზე მასობრივად გატანილი სახსრები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაგუამ მოედნები თუ შეინარჩუნა, ეს კარგია. მაგრამ ეს მეოდნები ხარისხიანი არაა. აქ სწორი აქცენტებია - ინფრასტრუქტურის სიმწირეზეა ლაპარაკი და უნდა გამოსწორდეს.
Gaguas
00:38 11-02-2016
0
ბატონო მერაბ!არა ურეკის სპ.ბაზის
მოედნები "გაგუას" და ნახეთ რა დღე
შია.ახლა ხომ დაწყნარდებით.სხვამ გაყ–
და სტადიონები და მე მედნები გავაკეთე
ამაზე დაწერეთ.უმადურობა კლავს ადამი
ანს.სანამდე უნდა იყოს კაცი ღვარძლიანი
თენგიზ გაგუა
07:22 10-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული