სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
AutoSharing Option
15:03 06-01-2016
ახალი წელი გვარიანი ამბებით დაიწყო. სამწვრთნელო საკითხი - ესაა, რაც ქართულ საფეხბურთო სამყაროს დღეს ყველაზე მეტად აღელვებს. ისე მოხდა, რომ ეროვნული გუნდის გარდა, ყველგან ველით გადაადგილებებს.

ჩვენი რუბრიკაც დღეს სწორედ ამ თემას ეძღვნება...

ვინ სად?
ეს ის თემაა, ერთი საგაზეთო წერილი ძნელად რომ ეყოფა. ჩვენ მაინც ვცადოთ. ერთი ეგაა, დღეს ბევრი რამის დაწერა ვარაუდის დონეზე მოგვიწევს. ბევრი კანდიდატურა ჯერაც განხილვის პროცესშია.

რატომღაც, ვარაუდს რომ წერ, ბევრი მტრად გეკიდება და შენს დაწერილს სხვანაირად აღიქვამს. ეგაა, ამაში ღვარძლი კი არა, ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დევს - ჟურნალისტიკას ოდითგანვე დაარქვეს ვარაუდების პროფესია.

მედიასთან დამოკიდებულებას ერთი კარგი წერილი კი მოუხდებოდა, მაგრამ ეს მერე იყოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახლა ისეთი ხალხია, მედიის ფასი რომ იცის. პრეზიდენტიდან დაწყებული, გენერალური მდივნითა თუ ვიცე-პრეზიდენტით დამთავრებული, ყველა ასეთია.

დიახ, ამ ხალხმა იცის მედიის ფასი და ეს დამოკიდებულება ახლა არ დაწყებულა. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როცა ისინი საერთოდ არ იყვნენ თანამდებობებზე, ან სხვა თანამდებობებზე იყვნენ...

როცა ამას ხედავ, სტიმული გემატება. როცა იცი, რომ "იქ, სულ ზემოთ" თანამებრძოლად აღგიქვამენ და არა - მტრად, უფრო მეტად და მეტად მოტივირებული ხდები.

მტკიცედ მჯერა - ეს ხალხი კრიტიკასაც და შექებასაც ერთნაირად მიიღებს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს. ჩვენი საქმე სწორი აქცენტებია და დასკვნების გამოტანა ქართული ფეხბურთის მმართველთა საქმეა...

დავუბრუნდეთ სამწვრთნელო საკითხს. ითქვა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, შესაძლოა, გია გეგუჩაძემ ჩაიბაროსო. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ გეგუჩაძეს ამ საპასუხისმგებლო საქმეში, შესაძლოა, გია ჭიაბრიშვილი დაეხმაროს, უფრო - სელექციის განხრით. არის ვერსია, რომ ჭიაბრიშვილი შეიძლება ასაკობრივი ნაკრებების კურატორიც გახდეს.

ჯერ საკითხი გარკვეული არ არის. ბოლოს და ბოლოს, გეგუჩაძეს კონტრაქტი აქვს თბილისის "დინამოსთან" და ეს აუცილებლად გახდება მოლაპარაკების საგანი, თუმცა გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და წესით, აქაც უნდა ჩანდეს გამოსავალი.

ჩვენი ინფორმაციით, დანიშვნის შემთხვევაში გეგუჩაძე არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. მას ასაკობრივი გუნდების მუშაობის კოორდინირებაც დაევალება.

ვერაფერს იტყვი, ამ შემთხვევაში ფედერაციის არჩევანი კარგია. სხვისი არ ვიცი და, მე არ მეგულება საქართველოში მწვრთნელი, რომელმაც გეგუჩაძის დარად იცოდეს მუშაობა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან.

საქართველოს ნაკრებსაც რომ გადახედო, დღეს გეგუჩაძის ბევრი აღზრდილია იქ და ეს ფეხბურთელები გუნდის ლიდერები არიან. ის ჩვენს სინამდვილეში განსაკუთრებული მწვრთნელია. მას ბოლომდე სჯერა ქართული გენის და აკი სწორედ ის შეიქნა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის მთავარი საკლუბო მიღწევის უპირველესი შემოქმედი - 2004 წელს თბილისის "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა...

გეგუჩაძეს შეუძლია, ერთიანი სტილი შექმნას ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვის. ეს სტილი შეტევასა და ბურთის ფლობას ეფუძნება. რაც შეეხება ჭიაბრიშვილთან მის შესაძლო დუეტს, მათ არაერთი წლის განმავლობაში ერთად უმუშავიათ "ზესტაფონში" და ის "ზესტაფონი", საერთო აზრით, ბოლო წლების ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პროდუქტი იყო.

ამბობენ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, ერთ-ერთ თანამდებობაზე, შესაძლოა, გიორგი ყიფიანი გამოჩნდესო. ყიფიანს პირადად ვიცნობ და მართლა მწყდება გული, მისებრ უკომპრომისო და პატიოსანი კაცი დღეს ქართულ საფეხბურთო ფერხულში რომ არ არის ჩაბმული...

შედარებით გაურკვევლობაა 17-წლამდელთა ნაკრებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე გუნდს მწვრთნელი არ ჰყავს და მინსკის საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ ბიჭებს ვახტანგ იაგორაშვილი ამზადებს.

რისკი, თავისთავად, არის - გოჩა ავსაჯანიშვილის ფორმაციის გუნდმა შედეგი აჩვენა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ახალი დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ეს ნაკრები არც შედეგს გააუარესებს და, ამავე დროს, მომდევნო ასაკობრივ ნაკრებებს მოუმზადებს ფეხბურთელებს...

მოკლედ, აქ გვარიანი რისკია და ვისურვებდით, რომ შამპანურიც იყოს. უცხოეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში ასაკობრივ ნაკრებებს შედეგს არ სთხოვენ. ჩვენ შედეგს ვითხოვთ. ხშირად ვაღწევთ კიდეც, მაგრამ მერე თავის ასაკში წარჩინებული ბიჭები გვეკარგებიან...

რას ვიზამთ, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მარცხი ჩვენი ძალიან ხშირი თანამდევია, რაც ისევ ჩვენივე ბრალია, თუმცა... ისიც ფაქტია, რომ ნებისმიერი, თუნდაც პატარა გამარჯვება, ძალიან გვეძვირფასება და გვესათუთება.

შევიტყვეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი ონიანს განიხილავსო. მას ჩვენი ქომაგი კარგად იცნობს. ონიანი იყო არაერთი ქართული გუნდის ლიდერი, ეროვნული ნაკრების კანდიდატი და კარიერა ნაადრევად, უმძიმესი ტრავმის გამო დაასრულა. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი.

საერთოდ, მეგობარზე წერა ძალიან ძნელია. ბევრის წერას მეც მოვერიდები. ონიანთან საათობით მისაუბრია ფეხბურთზე. შემიძლია თავი დავდო მის საფეხბურთო ერუდიციასა და ინტელექტზე. ეგაა, გიორგის გამოცდილება აკლია, მაგრამ ისიცაა, რომ ყველა ოდესღაც საიდანღაც იწყებს...

ზოგადად, დღეს ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, თუ არ გარისკე, ვერაფერს მოიგებ და არც შამპანური შეგერგება. და რადგან რისკი არის, ვისურვოთ, რომ შამპანურიც იყოს!

როცა გული გიკვდება...
საფეხბურთო აკადემია "ოლიმპი" ინგრევა. აბსოლუტურად აპოლიტიკურად უნდა დავწერო - მე არ მაინტერესებს, ვინ, როდის და რა გაყიდა. იურიდიული ნიუანსები იურისტებმა არკვიონ. მე გული მიკვდება იმის გამო, რომ საქართველოში კიდევ ერთი საფეხბურთო კერა ნადგურდება, კერა, სადაც ყოველთვის სიამოვნებით მივდიოდი და თუნდაც ჩემს კოლეგებთან თუ მეგობრებთან ერთად ვაგორებდი ბურთს...

მთავარი ახლა ის კი არ არის, რომელი პარტიის რომელი ლიდერი იყვირებს უფრო ხმამაღლა, არამედ ის, რომ "ოლიმპი" გადარჩეს. სულ ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ალტერნატიული ფართი მოინახება "ოლიმპისთვის" და სულ არაფერს ეს ნამდვილად სჯობს.

საინტერესოა, რატომ ვექცევით ასე თბილისში მართლაც გამორჩეულ საფეხბურთო კერას, სადაც საქართველოს ნაკრების არაერთი მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელი გაზრდილა, სადაც ყოველთვის განსაკუთრებული აურა და საფეხბურთო სული ტრიალებდა...

შესაძლოა, ბოლო წლებში "ოლიმპი" ვეღარ იყო ძველებურად პროდუქტიული და ოდინდელის დარ ხარისხიან კადრებს ვეღარ უშვებდა, მაგრამ ვინ თქვა, რომ მხოლოდ ხარისხზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა საქმე ბავშვთა ფეხბურთს ეხება?!

კი, ბატონო, ხარისხი ძალიან კარგია, მაგრამ მედლის მეორე მხარეა მასობრიობა. დღეს საქართველოში ძალიან ცოტა ბავშვი თამაშობს ფეხბურთს. ბევრად ცოტა, ვიდრე, თუნდაც, ჩვენი სიდიდისა და გაქანების ქვეყნებში.

ადრე თავი საფეხბურთო ქვეყანა გვეგონა და ამით ვამაყობდით კიდეც, ახლა კი საქმე სხვაგვარადაა. ბავშვების უმრავლესობა კომპიუტერს მიეჯაჭვა და ვისაც ფეხბურთის თამაში უნდა, ადგილი არ უნდა დავუტოვოთ?

"ლელო" დიდი ხანია ყვირის ამ პრობლემაზე და კიდევ კარგი, საფეხბურთო სამყარო, როგორც იქნა, ამჯერად მაინც არ გაუყუჩდა ამ ჭირს და სათქმელი თქვა. ამ სათქმელმა შედეგად ის მოიტანა, რომ ჭირმა მთავრობის ყურამდეც მიაღწია. დაპირება მრავალი მოგვისმენია და იმედია, ეს დაპირება ძველების ბედს გაიზიარებს...

საერთოდ, ჩვენ ძალიან უდიერად ვექცევით ქართულ საფეხბურთო მემკვიდრეობას. ამას წინათ, ხაშურის მთავარი სპორტული არენის ფოტოებს ვათვალიერებდი და ნანახმა შემზარა - იქაურობა დაბომბილ ტერიტორიას ჰგავს. არადა, ერთ დროს ხაშურს ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავდა უმაღლეს ლიგაში, გრანდებს რომ ამწარებდა და კარგი ფეხბურთელებიც რომ თამაშობდნენ...

არის მეორე უკიდურესობაც - ზესტაფონში სტადიონიცაა და ბაზაც, მაგრამ... იქ ბურთი აღარ გორავს...

მოკლედ, ფეხბურთის ფედერაციის მემკვიდრეობა რთულზე რთულია და ეს წყვდიადი ყველამ ერთად უნდა გავანათოთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
bebeto
18:20 09-01-2016
ზესტას არ არის საჭირო ტელეფონი მივხვდი რაშიც არის საქმე.
ზესტა
14:47 09-01-2016
ბებეტოს!მე გადავხედე თქვენყველა კომენტარს.გეტყობა,რომ მართლაც გულშემატკივარი ხართ.იმის წინააღმდეგიარავინ არის,რომ სხვა რაიონების წარმომადგენლებმა ითამაშონ ზესტაფონში,პრობლემა უფრო დიდი და მასშტაბურია.გარეშეს ამის გაგება გაუჭირდება.ხოლო ეს ფორმატი ამისათვის არასაკმარისია.თუ მართლა გაინტერესებთ სინამდვილე,მიმითითეთ თქვენი ტელეფონი და დაგელაპარაკებით.პატივისცემით ზესტა.