მაკარიძეობა საქართველოში - ნიკა ტოგონიძისა და მინდია ბობღიაშვილის ისტორიები

AutoSharing Option
უკვე ვწერდით, რომ პორტუგალიური "ფეირენშეს" (II ლიგა) ჩვენებურმა მეკარე გიორგი მაკარიძემ ბოლო ტურის მატჩში ჯერ პენალტი მოიგერია, მერე კი თავად გაიტანა 11-მეტრიანი ნიშნულიდან და თავის გუნდს მოაგებინა.
მიმდინარე სეზონში მაკარიძემ თავი უკვე მეორედ გამოიჩინა. პირველად, საქართველოს ნაკრების მეკარემ ასეთი რამ პორტუგალიის თასის მატჩში, პენალტების სერიის დროს მოახერხა...

ქართველი იგიტები
ქართველებს მსგავსი მეკარეები ბევრი არ გვყოლია, მაგრამ წარსულსა და აწმყოში მაინც მოიძებნებიან. ამ მხრივ, გამორჩეული იყო ეროვნული ნაკრების მეკარე ნიკა ტოგონიძე. ის
პირველი ქართველი მეკარე გახლდათ, რომელმაც ნაკრებში 354-წუთიანი "მშრალი" სერია ჩაატარა.

ტოგონიძე ეროვნულ გუნდში მაშინ გამოჩნდა, როცა ედვინ ვან დერ სარმა და პეტერ შმაიხელმა ახალი ტენდენცია დაამკვიდრეს - მეკარეებმა ფეხით თამაში და "ლიბეროს" ფუნქციები შეითავსეს. ტოგონიძე უფრო შორსაც წავიდა, უმაღლეს ლიგაში 12 გოლი გაიტანა და "ქართველი იგიტას (კოლუმბიის ნაკრების ყოფილი მეკარე რენე იგიტა, რომელიც განთქმული იყო საჯარიმოს გარეთ თამაშით, გოლებითა და ექსტრავაგანტურობით - ავტ)" სახელიც დაიგდო.

1991 წელს ტოგონიძე ხაშურის "ივერიაში" თამაშობდა. იყო პერიოდი, როცა გუნდს ტრავმის გამო ბევრი მოთამაშე გამოაკლდა და რადგან კარგი მეკარეები ჰყავდათ, "ივერიას" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ საქართველოს ჩემპიონატის ათამდე მატჩში... წინა ხაზზე ათამაშა.

ერთი ასეთი მატჩი "ივერიას" ბათუმის "დინამოსთან" სტუმრად ჰქონდა. ტოგონიძემ წინ ბოლო 20 წუთი ითამაშა. საერთო ჯამში მან 7 პენალტი დაარტყა და ყველა გაიტანა. ერთხელ, იმავე ბათუმის "დინამოს" ბომბარდირ პაატა მაჭუტაძეს 3-დან ორი 11-მეტრიანი აუღო.

მალევე, ტოგონიძე ბათუმის "დინამოში" გადავიდა, საიდანაც ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს.

წლეულს, საქართველოში...
როგორც გავარკვიეთ, გიორგი მაკარიძის მსგავსი ამბავი მიმდინარე სეზონში საქართველოშიც მომხდარა. ეს ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელისგან შევიტყვეთ, რომელიც სოციალურ ქსელში მაკარიძის ისტორიას ასეთი კომენტარით გამოეხმაურა:

"ბობღიაშვილმა რა ქნა, ეგ უნდა გენახათ. პენალტი არ გაუშვა, საგოლე პასი მისცა, ბოლოს პენალტი "აიკიდა" და თავად გაიტანა. ეს ყველაფერი ერთ თამაშში მოხდა".

ცხადია, ამ კომენტარს არ დავჯერდით და თავად მინდია ბობღიაშვილს დავუკავშირდით. ცნობისთვის - გამოცდილმა მეკარემ კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 2000 წელს, 17 წლისამ ჩაატარა. მერე იყო რუსთავის "გორდა", ბოლნისის "სიონში" გატარებული 9 წელი, ფოთის "კოლხეთი", ლანჩხუთის "გურია", ქუთაისის "ტორპედო" და "ზუგდიდი"; ბევრჯერ მოხვედრილა უმაღლესი ლიგის სიმბოლურ ნაკრებში, იყო ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრებების კანდიდატი. 2015 წლიდან ბობღიაშვილი პირველი ლიგის "ჭიათურაში" გადავიდა.

აი, რას ჰყვება გამოცდილი მეკარე:

"22 ოქტომბერს ხელვაჩაურის "მაჭახელას" ვუმასპინძლეთ. უცნაური თამაში იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს ვჯობდით, სულ ჩვენ ვუტევდით, მათ კი ერთხელ დაგვირტყეს და გაგვიტანეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენს კარში პენალტი დანიშნეს და "მაჭახელა" 2:0 დაწინაურდა.

თამაშის დასრულებამდე 30 წუთი იყო დარჩენილი და ვხედავდი, რომ არაფერი გამოგვდიოდა. დასაკარგიც არაფერი გვქონდა და მეც შეტევებში ჩავერთვე. სტუმრებმა ბურთი საჯარიმოს ხაზთან ჩაჰკიდეს, კარიდან გავედი და თავდამსხმელს ფეხით ავართვი ბურთი, გავიქეცი და ცენტრამდე ვირბინე, მერე კი საჯარიმოში ჩავაწოდე და ამ პასით გიორგი ცაგარეიშვილმა სხვაობა შეამცირა. სულ ვუტევდით. მაგრამ ერთი კონტრშეტევა გამოგვეპარა და მსაჯმა ჩვენს კარში კიდევ ერთი 11-მეტრიანი დანიშნა. ამჯერად, პენალტი ავიღე. მალევე, პენალტი უკვე "მაჭახელას" კარში დაიდო და იმათმა მეკარემაც მოიგერია. მოკლედ, ანგარიში უცვლელი დარჩა - 1:2.

თამაში მთავრდება, 95-ე წუთია და კუთხურს ვაწვდით, საჯარიმოში ჩავედი. ლაშა ჭელიძემ თავით დაარტყა და ბურთი მცველისგან მომიგორდა, ერთი მეტოქე მოვატყუე, მეორემ წამაქცია და ისევ პენალტი დაინიშნა. ავიღე ბურთი და მსაჯი მეუბნება, დარტყმის შემდეგ თამაშიც დამთავრდებაო.

იმ დარტყმაში მთელი სული და გული ჩავაქსოვე - გავიტანე და მატჩი 2:2 დავასრულეთ", - იხსენებს ბობღიაშვილი.

მეკარის ორი გოლი და სატკივარი
32 წლის ბობღიაშვილს გოლი მანამდეც და მას შემდეგაც გაუტანია:

"პირველად, გოლი 2002 წელს რუსთავის "გორდაში" ყოფნისას გავიტანე. მაშინ ეს გუნდი პირველ ლიგაში თამაშობდა. თუ არ მეშლება, ეს ზესტაფონის "მარგვეთთან" მატჩში მოხდა. იმ წელს, გადათამაშებაში "მცხეთას" მოვუგეთ და უმაღლესში გადავედით. მაგრამ მერიამ აღარ დაგვაფინანსა და გუნდი დაიშალა...

მეორე გოლზე უკვე გითხარით, მესამე კი ასევე წლეულს, 17 ნოემბერს გავიტანე. ხობში "კოლხეთთან" პენალტი ზუსტად შევასრულე, მაგრამ თამაში მაინც 2:6 წავაგეთ, ანუ მიმდინარე სეზონში სულ ორი გოლი მაქვს გატანილი".

ვისარგებლეთ შემთხვევით და ბობღიაშვილს პირველ ლიგაში არსებულ მდგომარეობაზეც ვკითხეთ:

"14 წელია ფეხბურთში ვარ და რაც ახლა ხდება, მსგავსი არ მახსენდება. ბოლო ტურში აღარ ვითამაშე, რადგან 5 თვეა, ხელფასი აღარ ამიღია. ოჯახი მყავს, ჩასვლას ვერ ვახერხებდი, ინდივიდუალურად ვემზადებოდი და ბოლოს მარტო თამაშებზე დავდიოდი. ასეა გუნდების უმრავლესობაშიც.

საზიზღარი პირობებია, ამას პირობები თუ შეიძლება ეწოდოს. გასახდელების ნაცვლად, ბევრ სტადიონზე ქოხში ვიცვლით ტანსაცმელს, მოედნების ნაცვლად - ყანებია, ტუალეტები - საშინელება, ხელფას-პრემიებს იშვიათად იღებენ...

მოკლედ, სრული კატასტროფაა. ასეთ გარემოში ფეხბურთელი როგორ უნდა გაიზარდოს? ამიტომ, მგონია, რომ ქართულ ფეხბურთზე ზრუნვა და მისი მიხედვა თუ სურთ, ეს პირველი და მეორე ლიგებიდან უნდა დაიწყონ.

სხვაგვარად, წინსვლაზე ლაპარაკი მითი იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ბევრს გაიტანს, აიგებს პენალტს ,მიცემს საგოლე პას და იტყვის თავის სიტყვას ;) ჩვენ გვჯერა შენიი
Jani
22:22 29-11-2015
0

სიახლეები პოპულარული