ამ საკითხს ყურიდან ყურში ვერ გავატარებთ... ანუ აქვს თუ არა ხმის უფლება ფუტსალს?

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივანი ბექა კვიციანი ამბობს, რომ ამ ორგანიზაციას ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე, რომელიც 3 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ხმის უფლება არ უნდა მიეცეს.

"ერთი წლის წინათ ფუტსალის ასოციაციას შეჩერებული ჰქონდა წევრობა. ეს ითქვა თბილისის საქალაქო სასამართლოზე.

მაშინ მოსამართლე მაია სვიანაძემ მიმართა მესამე მხარედ დაფიქსირებულ სფფ-ის წარმომადგენელს, რა პოზიცია გააჩნდა ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მისივე სუბიექტისადმი. სფფ-ის წარმომადგენლის პასუხი იყო შემდეგი - ჩვენ ამ იურიდიულ დავაში გვიჭირავს ნეიტრალიტეტი, დაველოდებით
სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ფუტსალის ასოციაციას წევრობა შეჩერებული აქვს მანამ, ვიდრე სასამართლო არ მორჩებაო.

მოქმედი ასოციაციის პასუხისმგებელი პირები, ზვიად ხაჩიაშვილი და ლევან გრიგოლია, 7 აპრილს მოსამართლე მაია სვიანაძემ გაამტყუნა და წაგებულმა მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

მაინტერესებს - სასამართლო არ დასრულებულა და ხმა როგორ აღუდგათ? თუ სფფ-ის წარმომადგენელმა მოატყუა ქართული სასამართლო? ამ საკითხს არჩევნებში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება და ყურიდან ყურში ვერ გავატარებთ", - ამბობს კვიციანი.

მან ფუტსალის ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ გამოსვლაზეც ილაპარაკა:

"მცირე ხნის წინათ ჩვენი ნაკრები გომელის ტურნირში მონაწილეობდა, რომელშიც ბელორუსის დაბალი დონის გუნდები თამაშობდნენ.

ჯერ ესაა საკითხავი, ნაკრებმა უნდა ითამაშოს თუ არა მეასეხარისხოვან შეჯიბრებებში, სადაც მეტოქეები ნაკრებები არ არიან. მაგრამ ყველაზე დიდი დაცინვა ის იყო, რომ ჩვენი ნაკრების თამაშამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი არ შესრულებულა.

ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ნაკრების ინტერესი გათელილია? თუ ეს ტურნირის ორგანიზატორების მიზეზით მოხდა, უნდა მოითხოვა თუ არა ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობას ჰიმნის შესრულება?

არ მესმის, ასეთ საკითხებს გულგრილად რომ ეკიდებიან, იმ ხალხს ყრილობაში მონაწილეობისა და ქართული ფეხბურთის მომავლის გარკვევის რა მორალური უფლება აქვს"?

კომენტარი მეორე მხარესაც ვთხოვეთ. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სფა-ს გამგეობის წევრი ლევან გრიგოლია ამბობს:

"ჯერ ერთი, ტყუილია, რომ ხმის უფლება არ გაგვაჩნია და მსგავსი რამ არსად თქმულა - თითქოს ეს უფლება შეგვიჩერდა...

რაც შეეხება ნაკრების მატჩამდე ჰიმნის არგაჟღერებას, ეს იყო შეკრების დროს გამართული სპონტანური ტურნირი, სადაც ტესტ-მატჩები გუნდის შესათამაშებლად და სქემების გამოსაცდელად ჩავატარეთ. აბა, ასეთი შეხვედრების დროს ჰიმნს ვინმე ასრულებს? ამიტომ ეს ბრალდებაც აბსურდულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული