რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც მესის "ქართული მესი" დაახვედრა

AutoSharing Option
საქართველოში, ალბათ, არც ისე ბევრი ადამიანია, ვისაც ლეგენდარულ ფეხბურთელ ლიონელ მესისთან ფოტო გადაუღია, მიუხედავად იმისა, რომ ის ორი დღის წინ თბილისში იმყოფებოდა და საკუთარი ოსტატობით კიდევ ერთხელ დაატკბო მაყურებელი. საუბარია უეფა-ს სუპერთასის მატჩზე "ბარსელონა" - "სევილია", რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართა.

მოკლედ, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, რატი შელეგიას ნამდვილად აქვს სატრაბახო, მის ფოტოალბომში მესისთან გადაღებულ ფოტოს უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუ როგორ მოახერხა ეს, ამაზე თავად გვიამბობს.

- რატი, როგორ მოახერხე მესისთან ფოტოს გადაღება?

- როგორც აკრედიტებული ჟურნალისტი, რა
თქმა უნდა, სტადიონზე ვიყავი, ასეთ თამაშს ხომ ვერ გავაცდენდი?

თან, ისე დაემთხვა, რომ "პალიტრა L"-მა ახლახან გამოსცა განახლებული ტირაჟით, ჟურნალისტ ვაჟა სიმონიშვილის წიგნი - "მესი" და ეს ამბავი სწორედ თამაშის დღეს გამახსენდა. ვიფიქრე, მესიმ რატომ არ უნდა იცოდეს, რომ მასზე საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ახლა იმყოფება, ქართულ ენაზე წიგნია გამოცემული? მასზე დაბეჭდილი წიგნი მესის არ უკვირს, რადგანაც ბევრი დაწერილა, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც იმ წუთას იმყოფებოდა, უნდა სცოდნოდა, რომ ის აინტერესებთ, უყვართ...


- მერე იდეა სისრულეში როგორ მოიყვანე?
- დავუკავშირდი საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრესცენტრს, ანუ მათ, ვისაც ფეხბურთელებთან ურთიერთობა ეხებოდათ და ჩემი იდეის შესახებ ვაცნობე. მოეწონათ და გაუხარდათ კიდეც, რომ საქართველოში ქართულ ენაზე მესიზე გამოცემული წიგნის გადაცემა მინდოდა. შემპირდნენ, რომ შემახვედრებდნენ, წიგნს გადავცემდი, ავტოგრაფს ჩამოვართმევდი და სამახსოვრო ფოტოს გადავიღებდი. თამაშამდე სასტუმროში დამიბარეს.

- სასტუმროში შეგახვედრებთო?
- თუ გამოვიდოდა, სასტუმროში შევხვდებოდი და რამდენიმე წუთით გავისაუბრებდით, მაგრამ იქ რომ მივედი, "ბარსელონას" გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, საინტერესო და კარგია, რომ მესიზე წიგნი გამოიცა, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშია და ის ახლა კონცენტრირებული მხოლოდ თამაშზეა, ამიტომ თამაშამდე ეს შეხვედრა არ გამოვა, მერე კი ყველანაირად ვეცდებითო...

მატჩი დამთავრდა, მესიმ საუკეთესოდ ითამაშა და საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ორი გოლი გაიტანა.

- გულშემატკივრობდი?
- ისედაც ვგულშემატკივრობდი, მაგრამ განსაკუთრებით მინდოდა, რომ კარგად ეთამაშა, რომ შემდეგ შეხვედრაზე უარი არ ეთქვა. საბედნიეროდ, ისე მოხდა, როგორც მინდოდა. თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია იყო. მერე სტადიონზე ასეთი ადგილია, შერეულ ზონას ეძახიან, სადაც ფეხბურთელები თამაშის შემდეგ გამოდიან, ანუ სანამ ავტობუსში ჩასხდებიან. იქ ჟურნალისტები ელოდებიან, ვისაც უნდა მიმართავს, თუ სურვილი აქვს, დაელაპარაკება კიდეც.

მესი დიდი ენამჭევრობითა და სიტყვაუხვობით არ გამოირჩევა, თავმდაბალი, წყნარი ტიპია. თან, ამდენი ყურადღება, ალბათ, მობეზრებულიც აქვს. მოკლედ, იმ ზონაში ვიყავი მეც და რადგანაც შეთანხმებული გახლდით, მენეჯერმა მითხრა, რომ წიგნებით დახვდი, იცის, რომ უნდა გადასცეო. მთავარია, მისვლა მოახერხოო და მოვახერხე. სანამ ავტობუსში ავიდოდა, ორი წუთით გავაჩერე. ძალიან ეჩქარებოდა, მაგრამ რაც მთავარია, წიგნი გადავეცი, ფოტო გადავიღეთ და ვუთხარი, რომ ეს მასზე ქართველის მიერ, ქართულ ენაზე დაწერილი წიგნი იყო. მადლობა გადამიხადა, ფოტოები გადავიღე და წავიდა... თამაშის შემდეგ გუნდი მაშინვე გაფრინდა.

ავტორი: ლალი ფაცია
წყარო: ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მესი რა გახარებული ჩანს! )
რატი ყოჩაღ! ეს ფოტო ისტორიას დარჩება.
maia
12:06 14-08-2015
0
აი საღოლ. მაგარი გმირობა ჩაუდენია, მასე გააგრძელე დაგიფასდება. ოპ
yocaga
22:04 13-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული