ტარიელ ხეჩიკაშვილი: სახელმწიფო ფეხბურთში 250 მილიონის დახარჯვას აპირებს, ოღონდ...

AutoSharing Option
ფოტოზე: ტარიელ ხეჩიკაშვილი და კახა კალაძე
ტყუილად არ უთქვამთ, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. სწორედ იმიტომ, რომ ქართული ფეხბურთის ავადმყოფობა კლინიკურ სიკვდილში გადაიზარდა, მისი დახმარების სურვილი უფრო ძლიერდება...

ვერ ვიტყვით, რამდენად მართალია ბოლო დროს გავრცელებული იმედიანი ინფორმაციები, მაგრამ ყოფილ პრემიერთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ფეხბურთის უმძიმესმა პრობლემებმა დააფიქრა და, შესაძლოა, ძველი ხელისუფლების დროს ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის გათვლილი, მაგრამ დაბლოკილი 100-მილიონიანი პროექტი გაცოცხლდეს.

სხვათა შორის, როგორც გვითხრეს, ივანიშვილი ბავშვობიდან "ლელოს" მკითხველია და ქართული ფეხბურთის პრობლემებს, თურმე, ჩვენი გაზეთიდან ეცნობა.

ახლა საქმეზე. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა "ლელოსთან" უმნიშვნელოვანესი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო მალე ფეხბურთში სერიოზულ კაპიტალდაბანდებას აპირებს და, რაც მთავარია, ხელისუფლება ეგრეთ წოდებული "გამგებლების მიდგომის" ერთიანი სახელმწიფო ხედვით შეცვლას აპირებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ინტერვიუ კახა კალაძის იმ კომენტარით დავიწყეთ, სადაც ის ფეხბურთში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა...

- დავიწყოთ ვიცე-პრემიერ კალაძის ბოლოდროინდელი სკანდალური კომენტარით, რომელშიც ის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა...
- როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა, მაშინვე ვთქვი, რომ ეს სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია იქნებოდა და კახას განმარტებამ ამაში ყველა დაარწმუნა. აქ ჩარევაზე კი არ არის ლაპარაკი - მე კახას და მთავრობის ნება ვიცი, ასე არავინ ფიქრობს. მთავრობას ჩარევის სურვილი რომ ჰქონოდა, ამას რევოლუციურ ტალღაზე მოახდენდა.

აქ ლაპარაკი სულ სხვა რამეზე იყო - ახლანდელ კრიზისულ ვითარებაში ფეხბურთში არსებული ვითარება მთავრობას ადარდებს და განზე ვერ დარჩება. მის გაჯანსაღებაში მონაწილეობა რომ არ მივიღოთ, ეს დანაშაული იქნება. ახლა ლაპარაკია, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა უნდა დაიდოს! განვლილ წლებში დაშვებული შეცდომები უნდა გაანალიზდეს და უახლოეს წლებში განვითარების გეგმა უნდა შემუშავდეს.

კლუბებმა - კერძომაც და სახელმწიფომაც, ასევე ფედერაციამაც, უნდა იცოდნენ, რა გზით მიდის სახელმწიფო და თანხას რა შემთხვევაში გაიღებს.

- რა პროგრამაზეა ლაპარაკი?
- სახელმწიფო ფეხბურთს ყოველწლიურად 40 მილიონ ლარზე მეტით აფინანსებს. ბევრი რამის გათვალისწინებით, ეს საქართველოსთვის სოლიდური თანხაა. მაგრამ, მეორე მხრივ, სრულიად არაეფექტურად იხარჯება.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კალაძის სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას ცდილობდნენ. მიუხედავად იმ კონტექსტისა, რაც ვიცე-პრემიერმა თქვა, მის სიტყვებს მაინც ის მიმართულება მისცეს, რაც სურდათ, მაგრამ ეს სასაცილოა.

- არასწორი ინტერპრეტაციის ინტერესი ვის და რატომ უნდა ჰქონოდა?
- ამას ის ხალხი აკეთებს, ვინც ზუსტად ამ ჩარევით სარგებლობდა და სფფ-ში ამის შედეგად მოვიდა. არ ბნელა ამ ქვეყანაში, ეს ჩანაფიქრი ადვილად გასაშიფრია. მათგან ასეთი ლაპარაკი ცოტა უხერხულია.

ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. არავინ ინტერესდება, ამ აჟიოტაჟის ავტორები, მარტივად რომ ვთქვათ, ასე რომ მსჯელობენ - ფული სახელმწიფოსი იყოს, თამაშის წესებს კი ჩვენ გიკარნახებთო. ისიც არ მესმის, სახელმწიფო მოხელეთა წუხილი პიროვნულ ჭრილში რატომ გადააქვთ - როცა ქართულ ფეხბურთში რეალურად მართლაც მძიმე მდგომარეობაა და ამას ჩვენ კი არ ვიგონებთ, ფიფას რეიტინგი მიგვითითებს - 208 ქვეყანას შორის 153-ე ადგილზე ვართ. გვისწრებენ ავღანეთი და გვინეა-ბისაუ, რომელთაც ყიფიანის, ჩივაძის, შენგელიას, დარასელიას, გუცაევის, მესხის, ხურცილავას და მეტრეველის დარი ვარსკვლავები არც დასიზმრებიათ.

ან მითხარით, არუბას და სვაზილენდის ფეხბურთელი გაგიგიათ? ისინიც გვისწრებენ? ვიეტნამის, ლიხტენშტაინისა და ლუქსემბურგის უკან რომ ვართ, ამაზეც თვალი დავხუჭოთ?

- ეს გასაგებია, მაგრამ რა პოზიცია ექნება სახელმწიფოს, თუ ფედერაციაში ხელმძღვანელობა არ შეიცვალა?
- სახელმწიფო ამბობს, რომ არსებული ვითარება არ გვაკმაყოფილებს. ფეხბურთზე პასუხისმგებელი ხომ ფეხბურთის ფედერაციაა? მაშინ არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

დღეს სახელმწიფოსთან თანამშრომლობა არ აქვთ და ელემენტარულ შეცდომაზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს. განტევების ვაცს კი პოულობენ - ესაა და ეს. არარეალურ სამყაროში ცხოვრობენ. გავიდნენ ქუჩაში და ხალხს ჰკითხონ, მათზე რას ფიქრობენ. ქართული ფეხბურთი მარტო ფეხბურთის ფედერაციის მმართველები არ არიან. ზოგადად, ჩაკეტილ წრეში რომ არიან და ფეხბურთის ბედს მხოლოდ 35 კაცი წყვეტს, ესეც ძალიან ცუდია.

ახლა ისიც არასწორია, მხოლოდ ფედერაციის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა რომ აინტერესებთ. მთავარია, იქ ძლიერი ბორდი იყოს, რომლის საკითხებს აზრიანად გადაწყვეტს. ფედერაცია რამდენიმე კაცის ხუშტურებზე კი აღარ იქნება დამოკიდებული, არამედ მართვის გუნდური პრინციპი დამკვიდრდება.

- თქვენ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი ბრძანდებოდით. რეალურად რომ ვთქვათ, მისი მუშაობა ჩაიშალა. საინტერესოა, რა გახდა ამის მიზეზი?
- ფედერაციის პოზიცია დაახლოებით ასეთი იყო - წერეთ და იკითხეთ, ჩვენ რა გადაწყვეტილებასაც გვინდა, იმას მივიღებთ. გვინდა, უმაღლესში გუნდების რაოდენობას გავზრდით, გვინდა - შევამცირებთო. მაშინ გამოჩნდა, რომ საკითხებს ისე წყვეტდნენ, საზოგადოების აზრი არ აინტერესებდათ.

- ასე ვინ აკეთებს? სიჭინავა, არველაძე თუ ორივე ერთად?
- აქ მხოლოდ მათზე არ არის ლაპარაკი. მათაც ვგულისხმობ, ვინც აღმასკომშია, ყრილობაზე ხმები აქვთ და ფეხბურთის მომავალს წყვეტენ. გეკითხებით, სახელმწიფომ რა კრიტერიუმით უნდა გაზარდოს ფეხბურთის დაფინანსება, როცა შედეგს მნიშვნელობა არ აქვს? მწვრთნელმა 10 მილიონი რომ აიღო და შედეგი არ არის, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს?

ახლა არჩევნები მოდის და პირდაპირ ვამბობ - კანდიდატი და პროგრამა, რომელიც ხალხის ნდობას ვერ დაიმსახურებს, სპორტის ახალი სახელმწიფო პროგრამიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს.

- შესაძლოა, ბევრმა თქვენი ეს სიტყვები ისე გაიგოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რევაზ არველაძის გამარჯვების შემთხვევაში, ფედერაციას არ დააფინანსებთ...
- მე ეს არ მითქვამს, იყოს ის, ვინც საუკეთესოა. ახლა ვარაუდების დრო არ არის, ვარაუდები ასტროლოგების თემაა. სახელმწიფოს სხვა რამ აინტერესებს. კიდევ ერთხელ ვამბობ - ახლა უმოქმედობა დანაშაული იქნება. სამწუხაროდ, მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვამბობთ - ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელობა არ გვეთანხმება.

ეს პიროვნული საკითხი არ არის, რეალურად, მართლა ცუდად ვართ. თუ ფედერაცია კარგ საქმეს აკეთებს, დიდი მადლობა მას! თბილისში ევროპის სუპერთასისა და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ჩამოტანა კარგია, მაგრამ უეფაში დავით პეტრიაშვილი ჩვენთვის დიდ საქმეს აკეთებს, რომლის სახელი ერთხელაც არ გაჟღერებულა.

- კარგით, მთავარზე ვთქვათ - ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ფეხბურთს დააფინანსებს?
- ამა თუ იმ ფედერაციის დაფინანსების კრიტერიუმი მალე განისაზღვრება და გათვალისწინებული იქნება სახეობის პოპულარობა, ტრადიცია, შედეგები, რამდენად დემოკრატიულად და სწორად იმართება ესა თუ ის ფედერაცია და ფულიც ამის მიხედვით განაწილდება. რა თქმა უნდა, აქცენტი იმ სახეობაზე უნდა გაკეთდეს, რაშიც წარმატების მეტი შესაძლებლობა გვაქვს.

- ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთი საერთოდ არ უნდა დაფინანსდეს...
- მერე სპორტის მოყვარულთა დიდ ნაწილს ამ სახეობაში წარმატების იმედიც უნდა ჩავუკლათ? ამ აზრს არანაირად არ ვეთანხმები - არასწორი მენეჯმენტის გამო არის კრიზისი, თორემ ჩვენს ფეხბურთს პერსპექტივაც აქვს, ტრადიციაც და რესურსიც.

რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, აქ პოზიცია ჩამოყალიბდა - აბსოლუტურად ყველა კლუბი, კერძოც და სახელმწიფოც, ერთნაირ დაფინანსებას მიიღებს - უმაღლეს, პირველ და, ჩვენი სურვილია, მეორე ლიგაშიც. იქნება საბაზისო და საპრემიო დაფინანსება. ფული გამოიყოფა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის, მწვრთნელთა განათლებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

ახლა ვეძებთ გზებს, რომ კერძო ინვესტორი მოვიზიდოთ და 5 წლის შემდეგ რაც შეიძლება მეტი კერძო კლუბის იყოს. კლუბებში კერძო მენეჯმენტი უნდა მოვიწვიოთ, რათა ისინი გავაძლიეროთ, შედეგზე იყვნენ ორიენტირებულები და ჯანსაღი პროცესები დაიწყოს. სახელმწიფო კლუბებში მენეჯმენტის კუთხით ბევრი რამაა შესაცვლელი.

- რა თანხაზეა ლაპარაკი და პროგრამა რა დროზეა გათვლილი?
- ეს პროექტი 5-წლიანი იქნება, მისი ღირებულება კი 220-დან 250 მილიონ ლარამდე, შესაძლოა - მეტიც. სანაცვლოდ კი რეფორმების გატარება იქნება საჭირო.

- ახლა ფეხბურთს სახელმწიფო წელიწადში ისედაც 44 მილიონით აფინანსებს - განსხვავება რა იქნება?
- ის, რომ რაიონში კლუბის დაფინანსება ამა თუ იმ გამგებლის სიმპათია-ანტიპათიაზე არ იქნება დამოკიდებული. შედგება საერთო პროგრამა, რომელიც მთელ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს. ამას უეფასთან ერთად ვაპირებთ და სასაცილოა, როცა უეფას სანქციებზე ლაპარაკობენ. ზუსტად უეფას სტანდარტებს ვითვალისწინებთ, რეფორმები სხვაგვარად ვერ გატარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
რაიონში კლუბის დაფინანსება ამა თუ იმ გამგებლის სიმპათია-ანტიპათიაზე არ იქნება დამოკიდებული. ---მე ეს მომეწონა, თორემ რაიონების გამგებლებმა ვერ ამოივსეს ერთი ადგილი და ფეხბურთელები მშივრები თამაშობენ!
maiko
14:59 26-08-2015
0
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი: ახლა არჩევნები მოდის და პირდაპირ ვამბობ - კანდიდატი და პროგრამა, რომელიც ხალხის ნდობას ვერ დაიმსახურებს, სპორტის ახალი სახელმწიფო პროგრამიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს.

გაიხარეთ ბ-ნო ტარიელ!!!!
გუჯა კახაძე
14:29 24-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული