[ოთხშაბათის საკითხავი] როცა საშუალოც გრანდია...

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ცხადაძე, რევაზ არველაძე და მიშელ პლატინი სანკტ-პეტერბურგში

გასული კვირის მთავარი მოვლენა სანკტ-პეტერბურგში მოხდა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვის ეროვნული გუნდები იქნებიან...

"ვერდერში" გადავიდა თბილისის "დინამოს" 19 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი. ოლიმპიური სოფლის მერი კი გახდა ლევან კობიაშვილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას...

გვეღირსება სიხარული?
წილისყრამ გრანდები აგვაცილა და ეს უკვე კარგია. კარგია, მაგრამ ჯერაც ვერ გავიხარებთ, რადგან ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთვის საშუალოევროპული დონის ნაკრებიც
კი გრანდია.

კი ბატონო, ჩვენს ჯგუფს არ ჰყავს მეგაფავორიტი, მაგრამ ისეთი ნაკრებები კი არიან, ბევრი რომ შეუძლიათ. უელსს და ავსტრიას, ჩვენდა სამწუხაროდ, საუკეთესო პერიოდი უდგათ. ჩვენ კარგად გვახსოვს რაიან გიგზის უელსი და იმ გუნდს, ულაპარაკოდ, გარეთ ბეილის დროინდელი ნაკრები სჯობს. თან, მარტო ბეილი ხომ არაა - აქეთ აარონ რემზი, იქით ჯო ალენი... მოკლედ, ყოჩაღი ბიჭები საკმაოდ არიან.

აქვეა ბოლო დროს ჩვენი მოუშორებელი ჭირი და საქართველოს ნაკრებთან ყველგან მომგები ირლანდია. და სერბეთი, ევროპაში შემადგენლობით ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები, რომელიც ვერაფრით დალაგდა.

უნდა გამოვტყდე - ამ ნაკრების თამაშს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებდი თვალს და გუნდის ბოლოდროინდელ კრიზისზე საქართველოში მოთამაშე რამდენიმე სერბ ფეხბურთელთანაც მისაუბრია. საერთო სურათი ასეთია - სერბეთის ეროვნულ გუნდში ერთიანობა არ არის. რამდენიმე მოთამაშე ფეხის თრევით ჩადის სანაკრებო შეკრებებზე, რამდენიმე კი სულაც განზეა გამდგარი.

სხვათა შორის, ზუსტად შემიძლია დავწერო - ფეხბურთელთა ნაწილი ნაკრებში თამაშს გაურბის იმ მიზეზით, რომ წაგების შემდეგ სერბი ფანები ძალიან აგრესიულები არიან და პრესაც მწარედ აკრიტიკებს თანამემამულე ვარსკვლავებს...

როგორც უნდა იყოს, შემადგენლობით სერბეთი აშკარად საუკეთესოა D ჯგუფში.

ჩვენ კი ჩვენი ვიკითხოთ, რადგან ფეხბურთსა და, ზოგადად, სპორტში მუდამ სხვის სიძლიერეზე მოწუწუნეს არსად არაფერი მოუგია. მაქსიმუმ მეორე და მინიმუმ მესამე ადგილი - ეს ამოცანა უნდა დადგეს ნაკრების წინაშე.

გვესმის, სადაც ვართ, მაგრამ ისიც გვესმის, რომ იქ არ უნდა ვიყოთ. საქართველოს დღევანდელი ნაკრები თავისი პოტენციით საშუალოზე ოდნავ დაბალი კლასის გუნდია ევროპაში და ესეც საშუალოების ჯგუფია. ეს ოდნავი ჩამორჩენა კლასში ასკეცი მონდომებით უნდა გადაიფაროს.

და თუ ასე იქნება, წარმატების შანსი და იმედის სხივი გამოჩნდება და თან იმის დროც მოვიდა, რომ ხალხმა ფეხბურთით გაიხაროს.

ქართველო ფეხბურთელებო! გამოდით თქვენი აწეული ცხვირების ჩრდილებიდან და იცხოვრეთ ისე, თითქოს არაფრისთვის მიგიღწევიათ. რეალურად ეს ხომ მართლაც ასეა და სხვანაირადაც რომ იყოს, აბა, რომელი საკლუბო მიღწევა გადაფარავს სანაკრებოს?

წადით ისეთ კლუბებში, სადაც სათამაშო პრაქტიკა გექნებათ, ნუ დასდევთ ტუგრიკებს, იყავით პროფესიონალები და მინდორზე მეტი დრო გაატარეთ - ამის გარეშე საქმე წინ ვერ წავა.

რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ ფეხბურთი ჩვენში საერთო-სახალხო სპორტისა და ასეთივე სიხარულის მომნიჭებლის ფუნქციას კარგავს.

დიდი სიხარული უკვე ეღირსათ ლატვიას, სლოვენიას, კოსტა-რიკას... მალე ეღირსებათ ავსტრიას, უელსს...

და ჩვენ აღარ უნდა გვეღირსოს? ამ კითხვას მალე უნდა ვუპასუხოთ. გვახსოვდეს: ვინ იცის, ფეხმსუბუქი ფორტუნა ასეთი ჯგუფით როდისღა გაგვანებივრებს?..

შენ დაუკარ!
არ ვიცით, როგორ უკრავს გიორგი პაპუნაშვილი, მაგრამ ფეხბურთს კი მართლა კარგად თამაშობს. ის "ბრემენელ მუსიკოსებში" ითამაშებს და ამ დროისთვის ევროპულ ტოპ-ლიგაში მეორე ქართველი იქნება ლევან მჭედლიძის შემდეგ.

თბილისის "დინამო" მაგრად მოიქცა, რაკი არ გამოეკიდა დიდ ფულსა და ოცნების კოშკებს - გერმანიაში პაპუნაშვილი ყველაზე კარგად ისწავლის ფეხბურთის უკეთ თამაშს, ისწავლის სწორ საფეხბურთო და არასაფეხბურთო ცხოვრებას და მერე ეს ნასწავლი ისევ საქართველოს ნაკრებს გამოადგება.

"ვერდერის" ახალგაზრდულ გუნდში ("ვერდერი 2" III ლიგაში ასპარეზობს) კი მივიდა გიორგი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წლეულსვე მიეცემა შანსი მთავარ გუნდში. ვიქტორ სკრიპნიკი ახალგაზრდებს თამამად აწინაურებს და ზოგადად, კლუბის პოლიტიკაც ამაზეა ორიენტირებული.

"ვეზერშტადიონი" გვარიანი საფეხბურთო ალაგია თავისი დიდზე დიდი ტრადიციით და იქ ნამდვილი ფეხბურთის სურნელი დგას. ჩვენმა ბიჭმა ეს უნდა იგრძნოს და, რაც მთავარია, შეიგრძნოს.

დასანანი სხვა რამაა: რამდენი ნიჭიერი ქართველი წასულა ასეთ ასაკში არასაფეხბურთო ქვეყანაში? ძალიან ბევრი! მერე ის ნიჭიც უკვალოდ გამქრალა...

დღეს გიორგი პაპუნაშვილზე ვწერთ, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ჯილაზე და ახალ "მუსიკოსზე", "ბრემენელ მუსიკოსზე".

მაშ, შენ დაუკარ!

ფავორიტი გამოიკვეთა?!
ლევან კობიაშვილი თბილისის ოლიმპიური სოფლის მერად დანიშნეს. ამბობენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფომ თავისი არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი კობიაშვილიაო.

სერიოზული სპორტული ჟურნალისტიკა, იმის მიუხედავად, რომ ქართულ სპორტულ პრესას, დროის გამოისობით ადგილ-ადგილ სიყვითლე შეეპარა, სოფლის ბირჟა არ არის და აქ ყველაფერზე ვერ იმსჯელებ.

ერთი კია - ეს იყო მძლავრი მესიჯი და ამ მესიჯის შინაარსი ყველაზე უსიამოვნო წასაკითხი იმ კანდიდატებისთვის იქნებოდა, არჩევნებში მონაწილეობას რომ აპირებენ.

დანარჩენს "ხვალე" გვანახებს. აბსოლუტურად მიუკერძოებლად უნდა დავწერო: ცვლილებები გვჭირდება და ვინც იტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა, ქართული ფეხბურთის მტერი იქნება.

იქნება, რადგან საბუთი ყველაზე მჭრელია - აგერ, ფიფას რეიტინგი და აგერ, ქართული კლუბების საევროთასო ნაღვაწი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნეტავ როგორ მოხდა კოკაიას რომ არ აქებს ბატონი ალეკო?
ნუგო
23:49 29-07-2015
0
ქართულ ფეხბურთში ყველაფერი ძალიან ცუდად არის და "საშუალოზე ოდნავ დაბალი კლასის გუნდი" არასწორი შეფასებაა. უფრო ზუსტი იქნებოდა - უარესი შეუძლებელია!
გუჯა კახაძე
22:32 29-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული